საქმე №ას-724-724-2018 23 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ. ჩ–ი, მ. ჩ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ოზურგეთი, თ-ის ქუჩა №2ბ (დაზუსტებული ფართობი 461.00 კვ.მ), საკადასტრო კოდი: 2-... (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), ეკუთვნის ტ. ო-ეს (შემდგომში − „მოსარჩელე“).
2. ზ. ჩ–ს (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და მ. ჩ–ს (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
3. 2017 წლის 22 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთა, ამ მიზნით სადავო უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება და სადავო უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება მათი საკუთრება იყო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეები არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად, და არც მისი წარმოშობის საფუძველს, სასარჩელო წესით არ შედავებიან, მათ სასამართლოსთვის ის ფაქტებიც არ მიუთითებიათ, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, რამდენადაც მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, ისინი არ წარმოადგენდნენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდათ.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ამავე კოდექსის 168-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
12. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმე ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, რის გამოც გამოკვლეული უნდა ყოფილიყო, მოპასუხეთა გამოსახლებამდე, კრედიტორმა განახორციელა თუ არა ისეთი მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
12.2. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანხა დაეფარათ ნაწილ-ნაწილ;
12.3. მოპასუხეები ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. პირველი მოპასუხე არის უმძიმესი ავადმყოფი, რომელსაც დაუყოვნებლივ ესაჭიროება სხვადასხვა სახის ოპერაციები. მისი ავადმყოფობის გამო, ვერც მისი და, მეორე მოპასუხე მუშაობს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
21. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 13-14), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
25. კასატორების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მათი მითითება იმის შესახებ, რომ საქმე ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, რის გამოც გამოკვლეული უნდა ყოფილიყო მოპასუხეთა გამოსახლებამდე კრედიტორმა განახორციელა თუ არა ისეთი მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მხარეთა მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რამდენადაც განსახილველი საქმის დავის საგანს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს. კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოპასუხეებს შეეძლოთ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით ედავათ.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), ვინაიდან საკასაციო პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით კასატორებს გადავადებული ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ უნდა დაეკისროთ 150 ლარის 30%-ის – 45 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ჩ–ისა და მ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ზ. ჩ–სა (პ/ნ: 3-...) და მ. ჩ–ს (პ/ნ: 0-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 300 (სამასი) ლარიდან 45 (ორმოცდახუთი) ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე