საქმე №ას-1412-2018 10 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ღ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –შპს „მ-ი“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელე - ა. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების არდარღვევის ფაქტის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ღ-მა (შემდგომში − „პირველი მოსარჩელე“ „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და ა. მ-ემ (შემდგომში − „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ-ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ ვალდებულების არ დარღვევის ფაქტის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 3 ივლისს, 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი ფ. მ-ე, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, უ. ძ–მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2018 წლის 13 ივნისს მას დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც შეატყობინა სასამართლო სხდომის თარიღი.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელმა 2018 წლის 3 ივლისის სხდომამდე არაერთხელ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. კერძოდ, 2018 წლის 21 მარტის განცხადებაში იგი მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილებოდა საქმე, რომელზეც იგი იყო წარმომადგენელი და იცავდა თავის მარწმუნებლის ინტერესს. ამასთან, მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომა იყო უფრო ადრე ჩანიშნული, ვიდრე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნებოდა. აპელანტის წარმომადგენელი დამატებით აღნიშნავდა, რომ აპელანტი იყო ავად და არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება. განცხადებას თან ერთვოდა სასწრაფო სამედიცონო დახმარების მიერ გაცემული ცნობა. 2018 წლის 17 აპრილის განცხადებით კი იგი ითხოვდა სხდომის გადადებას იმ მოტივით, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა სხდომა 2018 წლის 18 აპრილს, 14:00 საათზე, რომელიც ბევრად უფრო ადრე იყო ჩანიშნული, ვიდრე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნებოდა სხდომა და, შესაბამისად, ვერ ახერხებდა სხდომის გადადებას. სააპელაციო პალატამ ორივე შემთხვევაში დააკმაყოფილა აპელანტის წარმომადგენელის შუამდგომლობა, რის გამოც გადაიდო 2018 წლის 21 მარტს და 2018 წლის 18 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომები. აპელანტის წარმომადგენელი არც 2018 წლის 3 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა. მან 2018 წლის 2 ივლისს კვლავ განცხადება წარადგინა სხდომის გადადების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა უნდა შეფასებულიყო როგორც საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა. შესაბამისად, არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საპატიო მიზეზი და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 2018 წლის 3 ივლისს, 13:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. აპელანტის წარმომადგენელმა 2018 წლის 2 ივლისს სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ იმავე დღეს, 2018 წლის 3 ივლისს, ასევე 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ჰქონდა სხდომა მოსამართლე ე. ბ-სთან. განცხადებას ერთვოდა სასამართლო უწყება, რაც ადასტურებდა ზემოაღნიშნულს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული მდგომარეობა არ გაითვალისწინა და მხარის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზად არ მიიჩნია;
10.2. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ მთავარ სხდომაზე ფ. მ-ის, როგორც წარმომადგენლის, დასწრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც იგი სააპელაციო სასამართლოში ვერ გამოცხადდა. აღნიშნული გარემოება უდავოდ წარმოადგენდა საპატიო მიზეზს და არ ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, აპელანტის ინტერესებშია საქმის დროულად განხილვა და დასრულება. მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა მანამდეც მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მხარეს საქმის გაჭიანურება სურს. წარმომადგენელმა წინა შემთხვევაშიც იგივე მიზეზით ითხოვა სხდომის გადადება − სხდომა ემთხვეოდა სხვა პროცესებს, რისგან თავის არიდებაც წინასწარ შეუძლებელია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
15. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 3 ივლისს, 13:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
19. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით, სხდომის გამართვამდე გონივრული ვადით ადრე ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძოდ, 2018 წლის 13 ივნისს აპელანტის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 425-427), დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც მას შეატყობინა სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ. 2. ს.ფ. 52).
20. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დღეს, იმავე დროს, წარმომადგენლის სახით იყო დაბარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დანიშნულ სხდომაზე, სადაც მისი, როგორც წარმომადგენლის, დასწრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნულის გამო მან ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში პროცესზე გამოცხადება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა პროცესის წინა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მართლაც წარადგინა განცხადება-შუამდგომლობა 2018 წლის 3 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 3 ივლისს სხდომის დანიშვნის თაობაზე 2018 წლის 29 ივნისს გაეგზავნა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 54-55).
22. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის თაობაზე მას შემდეგ ეცნობა, როცა უკვე იცოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სხდომის თარიღი და დრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის წარმომადგენელს საქმის განხილვის გადადება სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა მოეთხოვა, ვინაიდან მას 2018 წლის 13 ივნისიდან უკვე ჰქონდა ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 52). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო, აპელანტის წარმომადგენელი მაინც თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, ცხადია, მას აღნიშნულის შესახებ დროულად უნდა ეცნობებინა სააპელაციო სასამართლოსათვის, ურო მეტიც, მას განცხადებაშიც უნდა მიეთითებინა ამ განსაკუთრებული მიზეზის თაობაზე, თუმცა არათუ განცხადება, კერძო საჩივარიც კი არ შეიცავს დასაბუთებას ამ თვალსაზრისით.
23. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმის განხილვა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე ორჯერ გადაიდო და ორივეჯერ იმ მიზეზით, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხვა საქმეზე დანიშნულ სხდომაში იღებდა მონაწილეობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).
24. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის დადასტურება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე