Facebook Twitter

№ ას-607-566-2017 16 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ჯ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. დ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდნარე მიყენებული ზიანის, 644.20 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 11 მარტს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 644.20 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობა - შპს „მ-ის“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს გაცემული ფორმა NIV-100/ა - არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნული ცნობით არ ირკვეოდა, თუ რატომ ვერ შეძლო მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ან გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოს დროული ინფორმირება. სხდომის გადადების შესახებ განცხადება მხარემ სასამართლოში წარადგინა პროცესის დასრულების შემდგომ და მას არ ერთვოდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

7. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 29 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნული მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა პირადად, 2016 წლის 11 თებერვალს;

7.2. 2016 წლის 29 თებერვალს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;

7.3. 2016 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2016 წლის 11 მარტს;

7.4. 2016 წლის 11 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 644.20 აშშ დოლარის გადახდა.

8. სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია.

9. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ შპს „მ-ის“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს გაცემულ ფორმა NIV-100/აზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს პაციენტმა ბ. დ-ემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა გარკვეული ჩივილებით (მკვეთრი ინტენსივობის ტკივილი სათესლე პარკის არეში, სისხლდენა, სირთულე და დისკომფორტი გადაადგილებისას, ხიდან ჩამოვარდნის გამო სროტუმის ტრავმული დაზიანება), ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე, რის გამოც მას იმავე დღეს სასწრაფო-გადაუდებელი წესით ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. პაციენტმა მომდევნო დღეს, 2016 წლის 23 თბერვალს, დროზე ადრე საკუთარი ნებით დატოვა კლინიკა, გადაეცა შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 215-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მართალია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითება 2016 წლის 29 თებერვალს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, თუმცა ცნობაში ასახული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიაგნოზის სპეციფიკა, ავადმყოფობის მიმდინარეობის სიმწვავე და ჩივილები, ასევე ის გარემოება, რომ პაციენტმა დროზე ადრე დატოვა კლინიკა იძლეოდა მოპასუხის იმ პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ პროცესის დღეს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საოპერაციო ნაკერის მოულოდნელი გახსნისა და ჭრილობიდან სისხლდენის გამო. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის ავტორის განმარტება წინააღმდეგობაში არ მოდიოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ კლინიკურ სურათთან და ადგილი ჰქონდა ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისთვის. შესაბამისად, არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ (ნაკერის გახსნა და ჭრილობიდან სისხლდენა), სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მხარეს არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს, მას აუცილებლად დასჭირდებოდა ექიმის დახმარება, რითაც არ უსარგებლია. ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მიღებული განჩინების კანონიერება. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის დანაწესი და შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში დადასტურებულად მიიჩნია მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.

16. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

19. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

20. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას.

21. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა უფლება სასამართლოს მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ იმ პირობებში, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში არ იყო მითითებული სხდომაზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ საჩივარზე დართულ შპს „მ-ის“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს გაცემულ ფორმა NIV-100/ა-ში აღნიშნულია შემდეგი: პაციენტმა ბ. დ-ემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა გარკვეული ჩივილებით (მკვეთრი ინტენსივობის ტკივილი სათესლე პარკის არეში, სისხლდენა, სირთულე და დისკომფორტი გადაადგილებისას, ხიდან ჩამოვარდნის გამო სროტუმის ტრავმული დაზიანება), ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე, რის გამოც მას იმავე დღეს სასწრაფო-გადაუდებელი წესით ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. პაციენტმა მომდევნო დღეს, 2016 წლის 23 თებერვალს, დროზე ადრე საკუთარი ნებით დატოვა კლინიკა, გადაეცა შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132).

12. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 29 თებერვალს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე, გამოუცხადებლობის მიზეზად კი მიუთითა საოპერაციო ნაკერის გახსნასა და ჭრილობიდან სისხლდენაზე (იხ. საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 129-131).

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ დგინდებოდა მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

25. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

26. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მოპასუხეს სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა სასამართლო სხდომამდე 7 დღით ადრე და მისი ავადმყოფობის მიმდინარეობა სტანციონარში მიყვანისას შეფასდა, როგორც მწვავე, ამასთან დადგენილია, რომ პაციენტმა დროზე ადრე დატოვა კლინიკა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ქმნიდა დასაბუთებულ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი პროცესზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასა (ჭრილობის ნაკერის გახსნისა და ჭრილობიდან სისხლდენის გამო) და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოს დროული ინფორმირების შეუძლებლობას.

27. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში (№ას-354-336-2015 29 იანვარი, 2016 წელი) არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან გ.თ-ს მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ იყო მითითებული მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ დგინდებოდა გ.თ-ს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. საკასაციო სასამართლომ შეაფასა შპს „ს.ს.დ.ც-ს“ პაციენტის სამედიცინო ბარათი და დაასკვნა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში პირდაპირ არ იყო მითითებული მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ შეიძლებოდა მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, მიიჩნია, რომ გ.თ-ს მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე