Facebook Twitter

საქმე #ა-652-შ-20-2019 18 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ა.“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი იტალიის, ქ.რომის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გაკოტრების განყოფილების 2018 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტის საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

იტალიის, ქ.რომის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გაკოტრების განყოფილების 2018 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტით სს „ა.“ (ASTALDI საგადასახადო კოდი: 0...) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. ამავე დეკრეტიოთ განისაზღვრა შემდგომში განსახორციელებელი პროცედურები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „ა.“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ხსენებული დეკრეტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ დასაბუთებით, რომ სს „ა.“ საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც აწარმოებს საქმიანობას. მას სახელმწიფოსთან და სხვა პირებთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები. გაკოტრების საქმის წარმოების საზღვარგარეთ გახსნის გამო, ფილიალს წარმოეშვა ამ ფაქტის თაობაზე უფლებამოსილ პირთა ინფორმირების ვალდებულება („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი).

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ნორმის ხსენებული დათქმა იმპერატიულია და შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნევს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო, მე-3 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება, რომელიც უცხო ქვეყნის კომპეტენტური სასამართლოს დეკრეტის კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს დაადასტურებდა, ასევე, არ არის წარმოდგენილი ის კონტრაქტები, რომელთა თაობაზეც მითითებულია შუამდგომლობაში და რომლების მეშვეობითაც მხარეს სურს ხსენებული დეკრეტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის დადასტურება, ისევე, როგორც არ არის წარმოდგენილი შუამდგომლობა ამ დოკუმენტების საპატიო მიზეზით წარუდგენლობისა და მათ წარსადგენად საპროცესო ვადის განსაზღვრის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, სს „ა.“ უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ა.“ უარი ეთქვას იტალიის, ქ.რომის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გაკოტრების განყოფილების 2018 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტის საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს სს „ა.“, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე