საქმე №ას-474-474-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ვ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ბ–სა (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი) და ნ.ვ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) შორის სასესხო ურთიერთობა არსებობდა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები).
2. მსესხებელმა აღიარა, რომ 2016 წლის 2 ნოემბრისათვის გამსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხა 8 500 აშშ დოლარი და სარგებელი 830 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი (იხ. მოპასუხის ხელწერილი, ტ. 1, ს/ფ 16).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2017 წლის 7 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მსესხებელისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 8 500 აშშ დოლარისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2016 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად, 300 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა სასესხო ურთიერთობა და იგი თანხის ეტაპობრივად დაფარვის ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებდა.
4.2. მოპასუხის მითითებით, მას გადახდილი აქვს: 2016 წლის 26 ივნისს - 2 500 აშშ დოლარი (ამავდროულად ძველი სარგებელი 200 აშშ დოლარი), 2016 წლის 20 ნოემბერს - 830 აშშ დოლარი (500 აშშ დოლარი და 330 აშშ დოლარი); ასევე - მოსარჩელეს სს „თ.ბ–ში“ პირად ანგარიშზე მოპასუხემ ჩაურიცხა: 2017 წლის 25 მაისს - 500 აშშ დოლარი, 2017 წლის 5 ივნისს - 500 აშშ დოლარი, 2017 წლის 5 ივნისს - 500 აშშ დოლარი, რომელიც სესხის ძირითადი თანხის 8 500 აშშ დოლარის დაფარვის ნაწილში უნდა ჩაითვალოს და გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა 3 670 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს. მოპასუხის მიერ გადახდილია სარგებელი - სულ 3409 აშშ დოლარი. მოპასუხე ადასტურებს 2016 წლის 2 ნოემბრის ხელწერილის ნამდვილობას.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 341-ე მუხლზე დაყრდნობით მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილი ვალის არსებობის აღიარებად შეაფასა.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ, 4 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ნამდვილობა და ის გარემოება, რომ იგი სწორედ 2016 წლის 2 ნოემბრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავდა, რაც მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 380.2-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ამ დოკუმენტში აღნიშნული თანხა 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით იყო გადასახდელი, სასამართლო ვერ მიიღებდა და ვერ შეაფასებდა.
7.3. სწორედ ამ მტკიცებულების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოპასუხისთვის სესხად გადაცემული 8 500 აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვდა. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე, მართალია, სარჩელს არ ცნობდა, თუმცა, მოსარჩელისგან სესხის სახით 8 500 აშშ დოლარის მიღებას ადასტურებდა და მიუთითებდა, რომ აღებული თანხიდან მოსარჩელისთვის გარკვეული ნაწილი დაბრუნებული ჰქონდა (იგივე პრეტენზიას შეიცავდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარიც). ასეთ ვითარებაში, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რითაც 2016 წლის 2 ნოემბრის შემდეგ მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება დადასტურდებოდა. ამგვარი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია.
7.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 429-ე, 623-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა სწორედ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.
7.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი ხელწერილი სსკ-ის 341-ე მუხლით დეფინირებული ვალის აღიარების ხელშეკრულებაა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს 2016 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით მოსარჩელისთვის გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 8 500 აშშ დოლარი და სარგებელი 830 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა, რეალურად, 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით იყო გადასახდელი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ძირითად მტკიცებულებაში, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებდა მთელ თავის მოთხოვნას, მითითებულია მხოლოდ „2 ნოემბრის ჩათვლით“, რაც უკვე საეჭვოს ხდიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობას. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მან აღიარა, რომ ხელწერილი მისი დაწერილი იყო, თუმცა მისთვის არ უკითხავთ, თუ როდის დაწერა იგი.
8.3. კასატორის მითითებით, ადვოკატს შესაგებელში არასწორად ჰქონდა მითითებული ის ფაქტი, თითქოს მოპასუხეს მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა 8 500 აშშ დოლარი და სარგებელი 830 აშშ დოლარი 2016 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით ჰქონდა მისაცემი.
8.4. კასატორის განმარტებით, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ადვოკატს ფაქტობრივი გარემოებები მითითებული ჰქონდა სწორად, შესაგებელს ხელი მოაწერა ისე, რომ არც წაუკითხავს. ოჯახში ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, გარდაეცვალა დედამთილი და მამამთილი, არ ეცალა სასამართლოში სარბენად, შესაგებლის დაწერა ადვოკატს მიანდო, თუმცა, ისევ ადვოკატის მექანიკური შეცდომის გამო, პროცესი მთლიანად არასწორად წარიმართა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი. ამავე მუხლს ეფუძნება გამსესხებლის სარჩელი მსესხებელის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე.
13. საქმის მასალებით დგინდება, რომ მსესხებელს გამსესხებლისათვის ნასესხები თანხა სრულად არ დაუბრუნებია. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არსებული შეთანხმებით მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 8 500 აშშ დოლარს შეადგენდა. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება 4 000 აშშ დოლარის ნაწილში შესრულებული აქვს, თუმცა, არ წარუდგენია მის მიერ გამსესხებლისათვის 4 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები). შესაბამისად, ეს გარემოება დადასტურებულად ვერ მიიჩნევა და საკასაციო სასამართლო მოპასუხის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს (სსკ-ის 429-ე მუხლი).
14. კასატორის პრეტენზია 4 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 6.1 და 8.1 ქვეპუნქტები) იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოპასუხემ 8 500 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულების თაობაზე ხელწერილი - არა 2016, არამედ 2015 წელს დაწერა, ხოლო ამ თანხიდან 4 000 აშშ დოლარი მსესხებელს გადაუხადა. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ პირველად სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამსესხებლის მიერ წარდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ ხელწერილი 2016 წლის 2 ნოემბრით თარიღდება, სასამართლო სხდომაზე კი მოპასუხემ დაადასტურა, რომ ხელწერილი მისი დაწერილი იყო (იხ. ამ განჩინების 8.2-8.4 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვაზე სიარული ვერ შეძლო და ადვოკატის მიერ შედგენილ შესაგებელს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 7.2 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობას იზიარებს და დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო პრეტენზიები კასატორის ახსნა-განმარტებებს ეფუძნება და მათ ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ.
15. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს იმ სამართლებრივ მსჯელობასაც იზიარებს, რაც სადავო ურთიერთობის სსკ-ის 341-ე მუხლით მოწესრიგების დაუშვებლობას შეეხება (იხ. ამ განჩინების 7.5 ქვეპუნქტი).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-127-119-2015, 22.07.2015 წ.).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
18. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ვ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 491.54 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 7 მაისი), 70% – 344.07 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე