საქმე №ას-1253-2018 25 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.ჭ–ძე, ც.პ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.თ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ადიგენის რაიონის სოფელ ...., ,,სოფლის დასახლება სახლთან“ მდებარე /ს/კ ...../ უძრავი ქონება, რ.თ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებას წარმოადგენს (ტ.1, ს.ფ.19-20).
2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა N...., დამოწმების თარიღი 02/12/2016, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ახალციხის არქივი; სამკვიდრო მოწმობა, დამოწმების თარიღი 10/05/2017, ნოტარიუსი დ. კ–ძე; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N441, დამოწმების თარიღი 15/05/1998 (ტ.1, ს.ფ. 19-20).
3. მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ პირველი მოპასუხე და ც.პ. (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. ბ.ჭ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ადიგენის რაიონში, სოფელი ...., /ს/კ ...../ (ტ.1, ს.ფ.190-191);
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 მესაკუთრემ 2017 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ქონების უკანონო მფლობელებისაგან გამოთხოვა (იხ. მოთხოვნის დაზუსტება 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმი ს.ფ 141) და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით.
6.1 მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს, რომ მოსარჩელემ დედის - ქ.თ–ის (შემდეგში: მოსარჩელის დედა) ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მიიღო, თუმცა, გაურკვეველია, ამ უკანასკნელის კუთვნილი რომელი მიწის ნაკვეთები გაიფორმა.
6.2 ადიგენის რაიონის სოფელ ..... 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, 2002 წლის 7 მარტს, მოსარჩელის დედის სახელზე აღირიცხა, ამ უკანასკნელმა კი, 2002 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონება მეორე მოპასუხეს (მეორე აპელანტს) მიჰყიდა. ის ქონება კი, რაც მოსარჩელის დედის საკუთრება აღარ იყო, სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა.
6.3 მეორე მოპასუხემ, 2009 წლის 22 მაისს, ქონება ზ.ქ–ის სახელზე გაასხვისა, ამ უკანასკნელმა კი, 2014 წლის 26 მარტის უძრავი ქონება პირველ მოპასუხეს მიჰყიდა, რის შემდეგაც პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის დედა მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან გამოასახლა.
6.4 მოპასუხეების განმარტებით, მესაკუთრე ვერ ასაბუთებს, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მესაკუთრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან რაიმე საერთო აქვს.
7. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აღეკვეთათ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლა, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა იგი და მოპასუხეებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
7.2 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7.3 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
7.4 რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 24 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო სადავო ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც მოსარჩელეს (მესაკუთრეს) საკუთრებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვს.
7.5 სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7.6 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, მესაკუთრის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას არ ასაბუთებდა.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 ახალციხის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
8.2 აპელანტების პრეტენზიები მისი შესაგებლის გარემოებების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2-6.3 ქვეპუნქტები).
8.3 აპელანტებმა დამატებით განმარტეს, რომ რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, მათ მესაკუთრის ნებართვის გარეშე აქვთ სადავო უძრავი ქონება დაკავებული და, თითქოს სადავო უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ, არასწორია.
8.4 სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ გამოიკვლია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა და სამართლებრივად არასწორად შეაფასა.
8.5 სასამართლოს არ უმსჯელია, არის თუ არა რაიმე კავშირი პირველი მოპასუხისა და მოსარჩელის სახელზე არსებულ უძრავ ქონებას შორის და ხომ არ არის ეს ერთი და იგივე ქონება.
8.6 სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად რომ გამოეკვლია და შეეფასებინა, დაადგენდა, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერი საფუძვლები მოპასუხეთა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა.
8.7 აპელანტაბმა მიუთითეს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
9.3 სასამართლომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა“, განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს. აპელანტებს აღნიშნულის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც, მათი მხრიდან, სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა.
9.4 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და დაასკვნა, რომ აპელანტები მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ და ამ ქონების დაკავების უფლება მათ არ გააჩნიათ.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 აპელანტებმა (მოპასუხეებმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
10.2 კასატორების საკასაციო პრეტენზიები მათი შესაგებლის და სააპელაციო საჩივრის გარემოებების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2-6.3; 8.3-8.7 ქვეპუნქტები).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა პირველი კასატორი. სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
21. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს გადაინაცვლებს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება აქვს. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის, მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი; ასევე, ის ფაქტი, რომ მესაკუთრისა და პირველი კასატორის უძრავი ქონება ერთი და იგივეა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს პირველი კასატორი (პირველი მოპასუხე) წარმოადგენს; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა, 2017 წლის 20 დეკემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის გამოხმობა მოითხოვა, რომლითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელეზე გაცემული სამკვირო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, სამკვიდრო მასიდან სადავო ქონების ამორიცხვასა და მესაკუთრედ აღიარებას ითხოვდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით კი, განცხადება დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც მოპასუხეების მიერ სათანადოდ უარყოფილი არ ყოფილა.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სწორედ იმ უძრავი ქონების გამოთხოვას მოითხოვს, რომელიც პირველი მოპასუხის (პირველი კასატორის) საკუთრებას წარმოადგენს.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითა, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ; 3ას-21-2019, 21.01.2019წ.).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჭ–ძის და ც.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ჭ–ძეს და ც.პ–ს საქმიდან დაუბრუნდეთ, 2018 წლის 24 დეკემბერს, Nა-5916-18 განცხადებით წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ნოემბრის N458291 გადაწყვეტილება (14 ფურცლად);
3. ბ.ჭ–ძეს (პ/ნ .....) და ც.პ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ც.პ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 22 დეკემბერი), 70% – 105 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე