Facebook Twitter

საქმე №ას-1382-2018 25 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ბ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ა. (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - გ.ბ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე საკუთრების დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ქ. გორში, .... მდებარე კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ-ით №.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან უძრავი ნივთი) 2013 წლის 4 ნოემბერს გ.კ–გან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი კრედიტორი ან თავდაპირველი იპოთეკარი) აღებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა.

2. მოსარჩელის შვილს - გ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის შვილი ან მესამე პირი) ქ.ა–გან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) აღებული ჰქონდა სარგებლიანი სესხი.

3. 2014 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო უძრავი ქონება 35000 აშშ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

4. 2014 წლის 3 ოქტომბერს თავდაპირველი იპოთეკარის მიმართ ვალდებულების შესრულების გამო, გაუქმდა უძრავ ქონებაზე დადგენილი იპოთეკა.

5. 2016 წლის პირველ მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ 2014 წლის 29 სექტემბერს მან ხელი მოაწერა თავდაპირველ იპოთეკართან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას და არა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელზეც მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მას უძრავი ქონება არ გაუყიდია და შესაბამისად, არც ნასყიდობის საფასური მიუღია. სინამდვილეში, მოპასუხესა და მის შვილს შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება 10 000 აშშ დოლარზე და ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხესა და მის შვილს შორის არსებული სესხის უზრუნველყოფა მოხდა. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური და მოტყუებით დადებული, ბათილი იყო.

6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ის უძრავი ნივთის მესაკუთრე კანონიერად გახდა.

7. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 29 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა; მოპასუხესა და მესამე პირს შორის დადგინდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლება გავრცელდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 50-ე, 56-ე, 81-84-ე, 170-ე, 172-ე, 180-ე, 183-ე, 286-ე, 319-ე და 477-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც, სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკა დადგინდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც დაიფარა იპოთეკა, რომელიც ემსახურებოდა მესამე პირსა და მოპასუხეს შორის არსებულ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფას.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკა დადგინდა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაადგინეს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის სესხის, ხოლო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგან აღნიშნული მას სარჩელით არ მოუთხოვია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი არ დასტურდებოდა.

16. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა აღნიშნული მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოპასუხეს აწევს, რომელმაც დამაჯერებელი და დასაშვები მტკიცებულებებით აღნიშნულის დამტკიცება ვერ შეძლო.

17. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.

პალატა განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ №ას- 487-461-2015, 17.06.2015).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ, მოწმეთა ჩვენებებზე, მხარეთა განმარტებებსა და მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას რეალურად სურდათ სადავო უძრავი ქონებით განხორციელებულიყო მესამე პირსა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა იპოთეკის ურთიერთობა (სსსკ-ის 286-ე და მომდევნო ნორმები), რომელიც ემსახურებოდა მესამე პირის მიერ მოპასუხის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფას. ვინაიდან თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (სსკ-ის 56.2 მუხლი), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს იპოთეკის მომწესრიგებელი ნორმები და სწორად დაადგინეს ნივთზე გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხის სასარგებლოდ მის კუთვნილ უძრავ ნივთზე იპოთეკა უკანონოდ დაადგინეს.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 1750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30% - 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. ა.ბ–ს (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-1382-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30% - 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი