Facebook Twitter

საქმე #ას-1550-1470-2017 12 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსანის გარეშე განიხილა ზ. თ-ისა და შ. ღ-ის საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოების განახლების საკითხი საქმეზე _ შ. ღ-ის სარჩელის გამო, ზ. თ-ის მიმართ, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა შ. ღ-ისა და ზ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შ. ღ-ის სარჩელის გამო, ზ. თ-ის მიმართ, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი (საჩივარი) მიღებულ იქნა წარმოებაში. რაც შეეხება შ. ღ-ის საკასაციო საჩივარს, 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაეკისრა გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება, თუმცა, იმ საფუძვლით, რომ მხარე გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა), 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა შ. ღ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუმცა, არა უმეტეს ერთი წლისა.

2019 წლის 21 თებერვალს მხარეებს სასამართლოს მხრიდან გაეგზავნათ შეხსენება უფლებამონაცვლის საკითხის დადგენასთან დაკავშირებით და განემარტათ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები. გარდაცვლილი პირის სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის გაგზავნილი შეტყობინება (საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე) 2019 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა შ. ღ-ის პირველი რიგის კანონსმიერ მემკვიდრეს _ მეუღლე ნ. მ-ეს (იხ. სკ-ის 1336-ე მუხლი), რომელსაც განსაზღვრულ ვადაში (ხუთი დღე) საკასაციო სასამართლოსათვის არც უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, შ. ღ-ე გარდაიცვალა 2017 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად, სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1319-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 30 ივნისს. 2019 წლის 12 თებერვალს ამოიწურა, ასევე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული 1-წლიანი ვადა და საკასაციო პალატას ამ დროისათვის კვლავ არ მოეპოვება ცნობები უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით (სკ-ის 1421-ე მუხლი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

აღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვისაკენ, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა.

იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ამოწურულია, როგორც სამკვიდროს მიღების კანონისმიერი, ისე _ საკასაციო პალატის განჩინებით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების ვადა, ამასთანავე, სავარაუდო უფლებამონაცვლე გარდაცვლილი პირისა, ინფორმირებულია, როგორც საკუთარი საპროცესო ვალდებულებების, ისე _ მისი განუხორციელებლობის შედეგების თაობაზე და მას არ მოუმართავს სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ შ. ღ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული (დამატებით იხ. სსსკ-ის 275.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ზ. თ-ის საჩივარს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის პრეტენზია მიმართულია მისი წარმომადგენლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით განსაზღვრული სანქციის დაწესების კანონიერებისაკენ და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, დაკისრებული ჯარიმის მიმღები სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება, შესაბამისად, მოსარჩელის გარდაცვალებისა და მისი უფლებამონაცვლის დაუდგენლობის ფაქტი ზ. თ-ის საჩივრის განხილვისათვის ხელისშემშლელი გარემოება ვერ გახდება. ამდენად, პალატა თვლის, რომ სახეზეა ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი განხილულ უნდა იქნას მხარის დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო განუხილველად იქნას დატოვებული შ. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.

2. განახლდეს საქმის წარმოება ზ. თ-ის საჩივარზე.

3. საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ.ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე