№ ას-1966-2018 24 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. კ-ე, მ. კ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ფ-ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ისა და მ. კ-ის (შემდგომში − „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, შ. ქ. №.../3...-ში (ს/კ: 01.... და ს/კ: 01....) ორ გაერთიანებულ ფართში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთების: მაცივარი - 1ც., წყლის გამათბობელი - 1ც., პრინტერი - 1ც., ნოუთბუქი - 1ც., ჭურჭელი - 1 კომპლექტი, მიკროტალღური ღუმელი - 1ც., სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები - 1 კომპლექტი, სკამი - 48ც., მაგიდა - 9ც., თერმული პრინტერი ესჯითი 802 - 3ც., ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ - 1ც., სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ - 4ც., სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი -1ც., სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200 - 3ც., კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა - 1ც., სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ - 1ც., მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა - 1ც., მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ - 18ც., მოდესტა სამარილე - საპილპილე 6სმ - 16ც., ტაპას სამარილე 7სმ - 32ც. (შემდგომში − „სადავო მოძრავი ქონება“) − გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ქონებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო მოძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებები დარჩა უცვლელი.
13. 2019 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნივთების იდენტიფიცირების მიზნით უფლება მიეცეს ქ. თბილისში, შ.. ქ. №.../3...-ში, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ორ გაერთიანებულ ფართში (ს/კ: 01.... და ს/კ: 01....) შესვლის თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით:
13.1. მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ფართში განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილი ნივთები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ფართში განთავსებული ნივთების აღწერა და დაყადაღება. აღმასრულებლის აქტის საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ ფართში განთავსებული იყო სხვა პირთა საკუთრებაში არსებული ნივთებიც, რის გამოც, ნივთების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა და სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეების საჩივარი სრულად დააკმაყოფილა;
13.2. 2019 წლის 18 იანვარს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, აღმასრულებელი იმყოფებოდა ადგილზე ნივთების გადამოწმების მიზნით, თუმცა ფართი დაკეტილი აღმოჩნდა და მესაკუთრეებმა შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს;
13.3. 2019 წლის 21 იანვარს აღმასრულებელმა დაათვალიერა ფართი, თუმცა მესაკუთრეებმა მოსარჩელეს არ მისცეს იდენტიფიცირების მიზნით ფართში შესვლის უფლება. აღმასრულებლის აქტის შესაბამისად, ნივთები კვლავ განთავსებულია ფართში, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება;
13.4. მოსარჩელის საკუთრების უფლება ირღვევა, რადგან იგი შეზღუდულია ისარგებლოს საკუთარი ქონებით;
13.5. ვინაიდან სხვის საკუთრებაში შესვლა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს აღმასრულებელთან ერთად ფართში შესვლის ნებართვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
15. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, რომ სასამართლომ ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ქ. თბილისში, შ. ქ. №.../3...-ში, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ორ გაერთიანებულ ფართში (ს/კ: 01.... და ს/კ: 01.....) შესვლის უფლება მისცეს.
16. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით შესულია კანონიერ ძალაში.
18. საკასაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მიუთითებს, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება დასრულებულია, რაც მოსარჩელის შუამდგომლობის განუხილველველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
19. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხეების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოცემულ დავაზე საქმის წარმოება დასრულებულია და გაუქმებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, არ არსებობს უზენაეს სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ფ-ას განცხადება ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ქ. თბილისში შ. .../3...-ში მ. და მ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ორ გაერთიანებულ ფართში (ს/კ 01... და 01....) შესვლაზე უფლების მიცემის შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე