Facebook Twitter

№ ას-1966-2018 24 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. ფ.

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. კ-ე, მ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ფ-მ (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ისა და მ--- კ-ის (შემდგომში − „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, შ-ს ქ. №3-ში (ს/კ: 0-... და ს/კ: 0-...) ორ გაერთიანებულ ფართში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთების: მაცივარი - 1ც., წყლის გამათბობელი - 1ც., პრინტერი - 1ც., ნოუთბუქი - 1ც., ჭურჭელი - 1 კომპლექტი, მიკროტალღური ღუმელი - 1ც., სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები - 1 კომპლექტი, სკამი - 48ც., მაგიდა - 9ც., თერმული პრინტერი ესჯითი 802 - 3ც., ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ - 1ც., სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ - 4ც., სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი -1ც., სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200 - 3ც., კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა - 1ც., სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ - 1ც., მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა - 1ც., მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ - 18ც., მოდესტა სამარილე - საპილპილე 6სმ - 16ც., ტაპას სამარილე 7სმ - 32ც. (შემდგომში − „სადავო მოძრავი ქონება“) − გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ქონებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო მოძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმა. საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნივთების ნაწილი, რომელთაც გააჩნდათ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, არ აღმოჩნდა ფართში. გამომდინარე იქიდან, რომ ნივთები არ აღმოჩნდა ფართში, მოსარჩელემ მიმართა შესაბამის ორგანოს ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მიზნით და იმ შემთხვევაში, თუკი სრულად გაუქმდება ნივთებზე არსებული ყადაღა, ეს საბოლოოდ გამოიწვევს იმ შედეგს, რომ რეალური მესაკუთრე ვერ მიაღწევს მართლმსაჯულების განხორციელებას და დაირღვევა საკუთრების უფლების არსი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება.

17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

20. განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შევიდა კანონიერ ძალაში.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მისი მითითება იმის შესახებ, რომ მან მიმართა შესაბამის ორგანოს გამოძიების დაწყების მიზნით და იმ შემთხვევაში, თუკი სრულად გაუქმდება ნივთებზე არსებული ყადაღა, მესაკუთრე ვერ მიაღწევს მართლმსაჯულების განხორციელებას და დაირღვევა საკუთრების უფლების არსი.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისგან) ქმედებისგან იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხეების მიმართ თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი (უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა), რომლის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ნივთებს − გადაწყვეტილია, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

23. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და დააკმაყოფილა მოპასუხეების მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე