Facebook Twitter

№ ას-1074-1032-2016 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), მ. ფ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), მ. ფ-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), მ. ფ-ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), თ. ფ-ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), ნ. ფ-ისა (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) და მ. ფ-ის (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. გარდაცვლილი რ. ფ-ის (შემდგომში - „მსესხებელი“) დანაშთი ქონების, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი (საკადასტრო კოდი: №8-...) და მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, სართული №5, ბინა №34 (საკადასტრო კოდი: №8-...), მესაკუთრეებად მოპასუხეების ცნობა;

1.2. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ოდენობა არის 5 500 აშშ დოლარი, ერთი თვის სარგებელი - 330 აშშ დოლარი, წელიწადის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი -880 აშშ დოლარი, ანუ ჯამში 2 044 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4 126 აშშ დოლარი;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხეების საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი (საკადასტრო კოდი: №8-...) და მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, სართული №5, ბინა №34 (საკადასტრო კოდი: №8-...), აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. 2012 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელესა (გამსესხებელი) და მსესხებელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს 3 თვის ვადით გადაეცა 5 500 აშშ დოლარი. მხარეებმა სესხისათვის ყოველთვიურად გაითვალისწინეს სარგებელი 6%-ის ოდენობით. კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კი იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ქონება, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი (საკადასტრო კოდი: №8-...) და მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, სართული №5, ბინა №34 (საკადასტრო კოდი: №8-...);

2.2. მსესხებელმა ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაიხადა მხოლოდ 2 თვის პროცენტი;

2.3. მსესხებელი გარდაიცვალა 2014 წლის 25 მარტს, ხოლო მოპასუხეები, როგორც მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეები, ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას. ამასთან, ვალის იძულებით გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისინი არ არეგისტრირებენ უფლებას საჯარო რეესტრში;

2.4. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში იგი მოგების სახით წლიურად მიიღებდა 16%-ს, რაც წელიწადში 880 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან ვალდებულება არ შესრულებულა 2 წლისა და 118 დღის განმავლობაში, ზიანი შეადგენს 2 044 აშშ დოლარს.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ:

3.1. მსესხებელი იყო ავადმყოფი, ვერ აზროვნებდა, იყო არაადეკვატური და მოვლენებს სწორად ვერ აღიქვამდა, განვითარებული ჰქონდა სკლეროზი. ამასთან, ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების თაობაზე;

3.2. მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის წარდგენის ვადა, ვინაიდან მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2014 წლის 21 მარტს, რის შესახებაც თავიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, მან კი სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბერს, 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მიმართა.

4. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

5. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. 2012 წლის 2 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მისი მეუღლის (მსესხებლის) გარდაცვალების შემდგომ;

5.2. მსესხებელი იყო ავადმყოფი, მას ნერვულ-ფსიქიკური მდგრადობა დაბალი ჰქონდა, აბსტრაქტულ კავშირს ამყარებდა ცუდად, მეხსიერება ჰქონდა საერთოდ წართმეული, 2007 წელს დაუდგინდა დიაგნოზი ,,დეიტერანომალია ,,ა” ტიპის, შესაბამისად, რეალურ ვითარებას სწორად ვერ აღიქვამდა. ამდენად, შეგებებული სარჩელით მოპასუხემ, როგორც ჩანს, გამოიყენა მისი ავადმყოფობა და უკანონო ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

6.1. ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულების დადებისას მსესხებელი იყო სრულიად ჯანსაღი და იყო უფლებამოსილი დაედო სადავო გარიგება. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელში მითითებულ ცნობას, ამ ცნობიდან არ გამომდინარეობს რომ სადავო ურთიერთობის დამყარებისას, მსესხებელი იყო ფსიქიკურად დაავადებული;

6.2. ამასთან, მსესხებლის მეუღლემ თავიდანვე იცოდა ხელშეკრულების დადების თაობაზე, ვინაიდან სანამ ხელშეკრულება დაიდებოდა, შეგებებული სარჩელით მოპასუხე სხვა პირებთან ერთად იყო მსესხებლის კუთვნილ სახლში იპოთეკის საგნისა და ოჯახის ეკომომიური მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი მსესხებლის დანაშთი ქონების, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი (საკადასტრო კოდი: №8-...) და მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, სართული №5, ბინა №34 (საკადასტრო კოდი: №8-...) მესაკუთრეებად. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 7344,46 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, მსესხებლის დანაშთი უძრავი ქონების აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით პირველი და მეექვსე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. 2012 წლის 2 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მსესხებელს სესხის სახით გადასცა 5 500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 3 თვის ვადით, სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიური 6%-ით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის 0,3%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-... და მარნეულის რაიონი, სოფელი შ-ი, სართული №5, ბინა №34, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-...;

11.2. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით, ასევე, შესაძლო ზიანი (სააღსრულებო ხარჯები და სხვა);

11.3. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდებოდა, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო მსესხებლის საკუთრების უფლება;

11.4. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს გადახდილი ჰქონდა 2 თვის პროცენტი 660 აშშ დოლარის ოდენობით;

11.5. მსესხებელი გარდაიცვალა 2014 წლის 21 მარტს. მოპასუხეები არიან გარდაცვლილი მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეები.

12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი და მეექვსე მოპასუხეების არგუმენტები იმის შესახებ, რომ მეორე, მესამე და მეხუთე მოპასუხეები არ დაუფლებიან მსესხებლის ქონებას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელზე, რომლითაც სადავოდ არ გამხდარა მოპასუხეთა მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, ამასთან, მეორე, მესამე და მეხუთე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატა მითითებულ გარემოებაზე ვერ იმსჯელებდა.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობები ვერ გახდებოდა სესხის ხელშეკრულების გაბათილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელესა და მსესხებელს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 2 აგვისტოს, წარდგენილი ცნობებიდან კი არცერთი არ ასახავდა სადავო პერიოდის განმავლობაში (2012 წლის 2 აგვისტო) მსესხებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, 2007 წლის 8 ივნისს გაცემული №2781 ცნობის თანახმად, მართალია, მსესხებელს დაუდგინდა დაბალი ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობა, თუმცა ამ ცნობის მიხედვით პაციენტის მდგომარეობა შეფასდა სამხედრო სამსახურთან მიმართებით - „ცნობილ იქნა რომ არ არის ვარგისი ოპერატიულ საგუშაგო სამსახურისათვის“, რაც სააპელაციო პალატის მითითებით, არ იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების დადებისას მიჩნეულიყო ბათილად.

14. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი და მეექვსე მოპასუხეების პრეტენზია, რომ, ვინაიდან მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2014 წლის 21 მარტს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 4 ნოემბერს, ე.ი. 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის წარდგენის ვადა. მოპასუხე მხარე მითითებული 6-თვიანი ვადის ათვლას უკავშირებდა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველ ნაწილს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხსენებულ მუხლში მითითებული ვადა უკავშირდებოდა კრედიტორის მიერ პრეტენზიის წარდგენას და არა სარჩელის წარდგენის ვადას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოპასუხეების ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, მსესხებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, პირველ მოპასუხეს დაუკავშირდა მოსარჩელე და აცნობა 2012 წლის 2 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის შესახებ.

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1421-ე და 1484-ე მუხლებით და მიუთითა, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი გარდაიცვალა, ხოლო მოპასუხეები წარმოადგენენ პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომელთაც მიღებული ჰქონდათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს, წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მემკვიდრეებს კანონიერად დააკისრა ვალი.

16. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეთა პრეტენზია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მოპასუხეებისათვის დაეკისრებინა ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, როგორც მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, ასევე პირგასამტეხლო, გონივრულ ოდენობამდე შეამცირა.

17. შეგებებული სარჩელის სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 58-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2012 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების არსებობა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეექვსე მოპასუხეებმა (შემდგომში - „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

19. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

19.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსესხებელი რეალურ ვითარებას სწორად ვერ აღიქვამდა, ის ფსიქიკურად დაავადებული იყო, ცუდად ამყარებდა აბსტრაქტულ კავშირებს და მეხსიერება არადამაკმაყოფილებელი ჰქონდა. ხელშეკრულება დაიდო ისეთ პირთან, რომელსაც არ შეეძლო გაეთვითცნობიერებინა თუ რას აწერდა ხელს, მისი ჭკუასუსტობის გამო მას არ შეეძლო მოვლენების სწორად აღქმა. ამდენად, ხელშეკრულება ფაქტობრივად ქმედუუნარო პირთან დაიდო. მოპასუხეებმა წარადგინეს ექიმის ცნობა, სადაც ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული, ასევე ახალი ტომოგრაფიული გადაღებით დადგენილია, რომ მსესხებელს თავის ტვინზე ჰქონდა სიმსივნე. ის ფაქტი, რომ მსესხებელი მოვლენებს სწორად ვერ აღიქვამდა, დაადასტურეს მოწმეებმაც, რომელთა ჩვენებებზეც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა;

19.2. სასამართლო არასწორად უთითებს განჩინების 2.7. პუნქტში კრედიტორად ფატმან კვარაცხელიას, რომელიც არის არა კრედიტორი, არამედ - კრედიტორის წარმომადგენელი. არც მოსარჩელეს და მით უმეტეს არც მის წარმომადგენელს მსესხებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მსესხებლის მემკვიდრეებისთვის არ დაურეკავთ და არ უცნობებიათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ თავიდანვე ცნობილი იყო. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეებს არასწორად დააკისრა აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ მოპასუხეებმა სასარჩელო განცხადებით გაიგეს, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოში მესეხებლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ წარადგინა;

19.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით. მოსარჩელეს შეეძლო სასამართლოსთვის სარჩელით მიემართა, როგორც კი გადახდის დრო დადგა, 2012 წლის 2 ნოემბერს, სანამ მსესხებელი იყო ცოცხალი, თუმცა მან აღნიშნული განახორციელა მსესხებლის გარდაცვალებიდან, 2014 წლის 25 მარტიდან, ერთი წლის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 28 აპრილს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელესა (გამსესხებელს) და რ. ფ-ეს (მსესხებელს) შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას მსესხებელს არ შეეძლო აღექვა მის მიერ გამოვლენილი ნების მნიშვნელობა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების წინაპირობები.

25. მოცემულ შემთხვევაში კასატორების ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ შეაფასა სადავო გარიგების დადებისას აწ გარდაცვლილ მსესხებელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, აღექვა მის მიერ გამოვლენილი ნების მნიშვნელობა. კასატორების მითითებით, სესხის ხელშეკრულება დაიდო ფაქტობრივად ქმედუუნარო პირთან, რაც მოსარჩელეს ართმევდა უფლებას მოეთხოვა ამ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. მსესხებლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოვლენილი ნების აღქმის შეუძლებლობის ფაქტის დასადასტურებლად კი კასატორები მიუთითებენ საქმეში არსებულ დოკუმენტებზე - სამხედრო სამედიცინო კომისიის 2007 წლის 8 ივნისის ცნობაზე 2009 წლის 31 მარტს და 2010 წლის 30 აგვისტოს ჩატარებულ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

28. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

30. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მსესხებლის მიერ გამოვლენილი ნების აღქმის სისწორე და მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ სადავო გარიგების დადებისას აწ გარდაცვლილი (მსესხებლის) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა შესაძლებლობა აღექვა მის მიერ გამოვლენილი ნების მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების (სამხედრო სამედიცინო კომისიის 2007 წლის 8 ივნისის ცნობა, 2009 წლის 31 მარტს და 2010 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები) შინაარსი ზემოაღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მათში ასახული ცნობები, მართალია, ადასტურებს მსესხებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, თუმცა არ დგინდება ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესების ფაქტი, რაც 2012 წლის 2 აგვისტოს ხელშეკრულების დადებისას მის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-749-717-2014 ,23 ოქტომბერი, 2015 წელი).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ა-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე