საქმე №ას-789-789-2018 25 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ხ., გ.ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გ.ხ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე), ნ.ხ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები), ნ.ხ–ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და ე.ხ–ის (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, აპელანტები) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, მისი უცვლელად დატოვების განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის მთავარი სხდომის თაობაზე, 2018 წლის 21 თებერვალს, პირველ მოპასუხეს პირადად ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. მან დაადასტურა, რომ დანარჩენი მოპასუხეები მისი ოჯახის წევრები არიან და უწყების შინაარს მათაც გადასცემდა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებმა სხდომის თარიღის შესახებ იცოდნენ.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე, 275.1-ე მუხლები მოიხმო და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აპელანტებს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ და სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. მათ სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებიათ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.
10. მოპასუხეებმა (აპელანტებმა) კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
11. კერძო საჩივრის ავტორებმა სსსკ-ის 372-ე მუხლზე და 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ,,საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით (372-ე მუხლი); თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (387.1)“, განმარტეს, რომ 387-ე მუხლი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თვალსაზრისით საგამონაკლისო წესებს ადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, არ უნდა მიეღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება. სასამართლოს, სააპელაციო საჩივარი, კანონის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განეხილა ან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, აპელანტების კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, მესამე და მეოთხე მოპასუხეების კერძო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე მითითებით ,,თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (387.1); ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (387.3)“ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი ნორმა (275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) სწორად გამოიყენა, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის და სადავო ურთიერთობა კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს სცდება.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის და გ.ხ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე