საქმე №ას-1079-2018 8 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''ლ.ბ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ''ლ.ბ–ის'' (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხის ე.ნ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 60.2-ე, 61.3-ე, 2591-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტი (მოპასუხე). მას სასამართლო სხდომაზე ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტა გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტმა 2018 წლის 15 მაისს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მიმართა სასამართლოს და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა. მას დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 17 მაისს ჩაბარდა.
6. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საქმეში წარდგენილი არ იყო, რომელიც ამ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მომზადებას დაადასტურებდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, ანუ 2018 წლის 13 აპრილიდან დაიწყო და ამოიწურა 2018 წლის 27 მაისს, რომელიც კვირა დღეს დაემთხვა, ამიტომ, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღე - 28 მაისს იქნებოდა. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 29 მაისს წარადგინა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, მისი გაუქმება და, ახალი განჩინების მიღებით, საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი 2018 წლის 13 მაისამდე - დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების კანონიერ ვადაში, მოსამართლის თანაშემწეს არაერთხელ დაუკავშირდა, რათა გადაემოწმებინა, დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად იყო თუ არა. იმავე წლის 15 მაისს იძულებული გახდა, გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის და გადაწყვეტილების ასლის გადაცემა მოეთხოვა, რაც იმ ფაქტს ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მომზადდა.
9. ასევე, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას 2018 წლის 16 მაისს გვიან დაუკავშირდნენ სასამართლოდან და განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება მზად იყო. ისიც, იმავე წლის 17 მაისს მივიდა სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა.
10. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 29 მაისს კანონით დადგენილ ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ 58-61).
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-6 პუნქტებში.
16. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, 2018 წლის 14 მაისს დაიწყო და 14 დღეში, 2018 წლის 28 მაისს ამოიწურა. მოპასუხემ კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2018 წლის 17 მაისს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი, ტ.1, ს.ფ 75), მაშინ, როცა სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა უკვე დაწყებული იყო.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, მოპასუხისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2018 წლის 28 მაისს (ორშაბათი) ამოიწურა (2018 წლის 27 მაისი იყო კვირა, არასამუშაო დღე, სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 29 მაისს იქნა წარდგენილი, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომლის თანახმადაც, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მომზადდა საქალაქო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი ვადის დაცვით და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მან კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა, კერძოდ - დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სსსკ-ის 2591-ე მუხლის დადგენილი წესით კერძო საჩივრის ავტორმა მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით და ვერ ჩაიბარა მოთხოვნილი აქტი. მხარის ზეპირი განმარტება, რომ იგი არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა, მოტივირებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული და დაგვიანებით მომზადდა, მარტოოდენ მისი მტკიცებაა, რომელსაც ვერ გაიზიარებს სასამართლო. საქმის მასალების მიხედვით მხოლოდ ის ირკვევა, რომ მოვალემ 2018 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და 17 მაისს ჩაიბარა გადაწყვეტილება (იხ. ტ.1, ს.ფ.74-75), რომლის გასაჩივრების 14-ღიანი ვადა აითვლებოდა 2018 წლის 14 მაისიდან და ამოიწურა იმავე წლის 28 მაისს. სააპელაციო საჩივარი წარდგნილია საპროცესო ვადის დარღვევით, რამაც მისი განუხილველად დატოვება გამოიწვია.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით ჩაბარების/მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ საპროცესო ვადაში ჩაბარებული განცხადებით და/ან სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული კანონით დადგენილ ვადაში (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).
21. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ნ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე