Facebook Twitter

საქმე №ას-1101-2018 8 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.თ. და გ.ქ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანასაკუთრებაში არსებული ქონების გამიჯვნა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ.ქ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ი.თ–ისა და გ.ქ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გამიჯვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 368-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტებმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორეს და სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინეს.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალათ. აპელანტების წარმომადგენელმა კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 18 ივნისამდე, განჩინებით დადგენილი ვადის აღმოსაფხვრელად მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა.

6. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება ვერ შეძლეს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლომ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, მხოლოდ მხარეთა თხოვნით შეიძლება გააგრძელოს. ამ შემთხვევაში, აპელანტებს (მოპასუხეებს), სასამართლოსთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე აპელანტებმა კერძო საჩივარი წარმოადგინეს მისი გაუქმებისა და, ახალი განჩინების მიღებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

9. კერძო საჩივრის ავტორები სსსკ-ის 64-ე მუხლზე მითითებით ,,სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით“ განმარტავენ, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, ხარვეზის შესავსებად მოცემული ვადა საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, როცა აპელანტებმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შინაარსს, ხოლო, ამავე ნორმის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა, დაუსაბუთებელია, რადგან, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოილი არ იყო, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 64-ე მუხლი).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.თ–ის და გ.ქ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე