საქმე №ას-1740-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ა."(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.ქ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს ,,ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე, 229-ე, 276-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლები მოიხმო და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 15 ოქტომბერს ეცნობა 2018 წლის 22 ოქტომბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, სასამართლოში გამოცხადებისა (დაბარების) და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ხელწერილის საშუალებით.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, რადგან მას სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა და უცნობი იყო სასამართლოსთვის მისი გამოუცხადებლოს საპატიო მიზეზების თაობაზე.
8. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
9. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, იმის მიუხედავად, რომ წინა სასამართლო სხდომას ესწრებოდა, მან სხდომის თარიღი არასწორად მოინიშნა. ნაცვლად 2018 წლის 22 ოქტომბრის 13:00 საათისა, იმავე თარიღის 14:00 საათი მოინიშნა, რაც, მისი განმარტებით უნებლიე, „ადამიანური“ შეცდომაა.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლები, 2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 13:50 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდნენ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ადვოკატის მეშვეობით, სატელეფონო საუბრიდან შეიტყვეს, რომ სხდომა უკვე დასრულებული იყო. ისინი, მოსამართლის თანაშემწეს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით დაგვიანების მიზეზი განცხადებით აღწერეს, ამასთან, სასამართლოს მოუბოდიშეს, სხდომაზე დროულად გამოუცხადებლობის გამო (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.49-50).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
16. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლზე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრში მითითებული განმარტების ანალიზის შედეგად განმარტავს, რომ 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის საათის არასწორად მონიშვნა, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს (შდრ.№ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.).
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ა–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე