საქმე № ას-3-2019 12 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - თ.კ., ი.კ., ს.კ., ხ.მ., ვ.შ., გ.შ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა თ., ი. და ს.კ–ებისთვის, ასევე, ხ.მ–ას, ვ.შ–ასა და გ.შ–სათვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) 37252,58 აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხა - 27768,14, პროცენტი - 6091,42, ხოლო პირგასამტეხლო - 3393,02 აშშ დოლარი იყო), ასევე, სესხზე 2018 წლის 25 იანვრიდან 16,5 % სარგებლის დარიცხვის გაგრძელებასა და გადახდის ვადაგადაცილებაზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) დაკისრებას, ხოლო დავალიანების გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების (ს/კ-ით ..... და ....) რეალიზაციას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, კრედიტი - 27768.14, პროცენტი 6091.42, ხოლო პირგასამტეხლო - 339.3 აშშ დოლარი დაეკისრათ; სესხზე 2018 წლის 25 იანვრიდან გაგრძელდა წლიური 16,5 % სარგებლის დარიცხვა (თითოეულ დღეზე - 12,55 აშშ დოლარი); გადახდის ვადაგადაცილებაზე განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0,05 %; დავალიანების გადახდის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაცია, ხოლო თუ ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოპასუხეთა სხვა ქონებიდან.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 59-ე, 61-ე, 63-ე, 74-ე, 368-ე და 374-ე მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც 2018 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა შევსებულიყო. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მათი მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტთა შუამდგომლობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეთა მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტთა შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ, რომ მათ უნდა გადავადებოდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
11. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება მოპასუხეებს - თ., ს. და ი.კ–ებს, ასევე, ხ.მ–ასა და გ.შ–ას 2018 წლის 24 აგვისტოს, ხოლო ვ.შ–ას იმავე წლის 25 აგვისტოს ჩაჰბარდა (იხ.ჩაბარების დასტურები, ტ.2, ს.ფ. 13-18), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 26 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 4 სექტემბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.
13. ამრიგად, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება (შდრ. სუსგ-ები: №ას-920-2018, 29.08.2018; № ას-884-824-2017, 12.09.2017; № ას-558-533-2016, 15.07.2016; № ას-521-498-2016, 12.07.2016; № ას-861-811-2015, 31.03.2016).
14. კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–ას, ი.კ–ას, ს.კ–ას, ხ.მ–ას, ვ.შ–ასა და გ.შ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი