7 თებერვალი, 2019 წელი, საქმე № ას-74-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ბ., ნ.წ. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ.ბ–ისა და ნ.წ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი, რომლითაც ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსგან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ან აპელანტი) ქ. თბილისში, ..... მდებარე 27 კვ.მ უძრავი ქონების, ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვდნენ, დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა თავდაპირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნის შესაბამისად, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეში თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე ან სააგენტო).
4. 2018 წლის 8 ნოემბერს სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ სადავო უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება უზუფრუქტის უფლებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (ამჟამინდელი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ჰქონდა გადაცემული. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, განცხადებას თანდართული ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ტ.2, ს.ფ. 163-164).
5. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს წინამდებარე საქმეში სააგენტოს უფლებამონაცვლედ შპს „ა.მ. და გ.კ–ის“, ასევე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი) ცნობის შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ: შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
6.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოსარჩელეთა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მონაცემებით, დარეგისტრირებულია შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ამ კომპანიას უძრავი ნივთი გადაცემული აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის (უფლებამონაცვლე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) უზუფრუქტის უფლებით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 155-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ა.მ. და გ.კ.“ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - პირდაპირ მფლობელს;
6.2. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 92.1 მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვები იყო, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, სახელდობრ: სსკ-ის 172.1 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოპასუხის უფლებამონაცვლეს მოსთხოვოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოსარჩელის უფლება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის თაობაზე (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა), არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მფლობელს და მას ამ ნაკვეთის ახალი მფლობელისთვისაც შეუძლია, იმავე მოთხოვნის წაყენება. ამდენად, პალატის დასკვნებით, არსებობდა მატერიალურსამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ, სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა.მ. და გ.კ.“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე), სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილიყვნენ.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით:
7.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, მოცემულ დავაში, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ უსაფუძვლოდ ცნო, კერძოდ: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულების სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილების ნაწილი გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
7.2. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, რომ სამართლებრივ და ფინანსურ ნაწილში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შესაბამისად, მოცემული დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნული სამსახური უნდა იყოს სათანადო მოპასუხე წინამდებარე დავაში;
7.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შპს „ა.მ. და გ.კ–ას“ შორის გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოთხოვნა არ შეიძლება წაეყენოს იუსტიციის სამინისტროს, რადგანაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, იყოს აღნიშნული ხელშეკრულების მხარე, ანუ სპეციალური პენიტენციური სამსახური უფლებამოსილია, იყოს იმ მატერიალური სამართალურთიერთობის მხარე, რომელიც გულისხმობს უზუფრუქტის ხელშეკრულების (ასევე - სხვა ტიპის ხელშეკრულების) დადებასა და განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმასაც, რომ ამ ურთიერთობის სადავოდ ქცევის შემთხვევაში, ის ასევე უფლებამოსილია იყოს სამართალწარმოების სრულუფლებიანი მხარე. ამასთან, დავის საგანთან დაკავშირებული უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაცემის ეტაპზე და დღესაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის განკუთვნილ ქონებას და მის მოსარგებლედ რჩება ეს უწყება;
7.4. სპეციალური პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართალსუბიექტს, რომელსაც სამართალწარმოების მიზნებისთვის, შეუძლია, დადოს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებები, სასამართლოში გამოვიდეს მხარედ - მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, "კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით." ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, "საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას."
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამონაცვლედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობის მართლზომიერება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იზიარებს სამინისტროს პრეტენზიებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს უფლებამონაცვლედ არაერთი გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ცნო.
11. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. სუსგ №ას-1477-1397-2017, 30.01.2018).
12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ეს უკანასკნელი მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
13. ამრიგად, კანონმდებლობით განისაზღვრა ერთი უწყების ორი უფლებამონაცვლე - თითოეული კონკრეტული კომპეტენციის ჭრილში, ანუ, იკვეთება საგნობრივი უფლებამონაცვლეობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული ორი სუბიექტის უფლებამოსილება და ამის შემდეგ განხორციელდეს სარჩელზე პოტენციურად პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირება.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამონაცვლის საკითხის დადგენისას, სასამართლოს ჯეროვნად არ გამოუკვლევია, თუ კონკრეტულად რომელ უწყებას გადაეცა დავის საგანთან დაკავშირებული უფლებამოსილებები და კომპეტენცია, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო უფლებამონაცვლეობა. მოპასუხედ დასახელების საკითხის დადგენისათვის შეფასებას საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი და მისი სამართლებრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ამავე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ჭრილში, რამდენადაც ვერცერთი ადმინისტრაციული ორგანო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს. ამდენად, ამ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის ადრესატი, რამდენად შეიძლება იყოს იუსტიციის სამინისტრო. ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითი მსჯელობისთვის, რამდენადაც ფაქტები, გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები შესაძლებელია წარმოადგინოს მხოლოდ შესაბამისმა უწყებამ, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მხარეა.
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სამართლებრივ და ფინანსურ ნაწილში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო არ წარმოადგენს მოცემულ სასარჩელო მოთხოვნაზე სათანადო პასუხისმგებელ უწყებას. მისი მოპასუხის სტატუსი არ შეიძლება, გამომდინარეობდეს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ის გახდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი უფლებამონაცვლე, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს მეორე უფლებამონაცვლეც. ამ საკითხის მართებულ შეფასებას საბოლოოდ მნიშვნელობა აქვს დავის სწორად წარმოებისა და გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
16. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებას და საქმე სათანადო უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, იმავე სასამართლოს უბრუნდება.
17. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი