Facebook Twitter

საქმე №ას-1631-2018 12 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ო.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა შპს ”ე–ის” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების - 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2011 წლიდან 2016 წლის ივნისამდე მოპასუხე კომპანიაში ავტოამწის მემანქანედ მუშაობდა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება საშუალოდ 600 ლარს შეადგენდა. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოპასუხემ არ გადაუხადა ბოლო რამდენიმე თვის ხელფასი, რომელიც მთლიანობაში 5000 ლარია.

2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ..... და ალტერნატიული მისამართი : ქ. თბილისი, ....

3. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე იშუამდგომლა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების - 5000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ ის სხდომის თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით, საჩივარი იმავე კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, უარყოფილ იქნა.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. გარდა ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასათანადოდ იმსჯელეს იმ გარემოებებსა და მიზეზებზე, თუ რატომ ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, მათ უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ უწყების ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო საკურიერო ორგანიზაციის წარმომადგენლის დაუდევრობით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომის ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლიდან გამომდინარეობს.

14. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ვინაიდან ის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და, შესაბამისად, სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

15. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

16. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამავე კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც.

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით 2017 წლის 14 ნოემბერს, 15:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა; ასევე დადგენილია, რომ ამ უკანასკნელს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყებები ორ-ორჯერ გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართებზე (ქ.თბილისი, ..... და ქ.თბილისი, ......), პირველი მისამართიდან სასამართლოს გზავნილები უკან იმ საფუძვლით დაუბრუნდა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია მითითებულ ადგილსამყოფელზე ვერ მოიძებნა, ხოლო მეორე მისამართიდან დაბრუნებულ გზავნილებზე მიეთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე სხვა ორგანიზაცია მდებარეობს; 2017 წლის 14 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა; იმავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უარყოფილ იქნა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ამრიგად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოპასუხეს მის მიერ შესაგებელში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ მისამართებზე სასამართლოს უწყებები ორ-ორჯერ გაეგზავნა, სსსკ-ის 71.2 და 73-ე მუხლების საფუძველზე, ისინი მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ -ები: #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016). აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

19. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, გასაზიარებელია.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.10.2018 წ.; საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი