Facebook Twitter

საქმე №ას-1728-2018 12 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.ქ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ახალქალაქის რაიონის სოფელ .... მდებარე 1526 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, ს/კ-ით .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი), მესაკუთრეა.

2. პ.ს–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა.

3. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამანქანე გზიდან 75 კვ.მ ფართი (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც სადავო ფართი), რომლითაც მოსარჩელე წლების განმავლობაში სარგებლობდა, შემოღობილი აქვს მოპასუხეს, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება ამ გზით სარგებლობაში.

4. 2017 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. მან წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხემ შემოღობა საერთო სარგებლობის გზის ნაწილი, რის გამოც მას ხელი ეშლება კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, გარდა ამისა, საქმის მასალებით არც ის დგინდებოდა, რომ მოპასუხის ნაკვეთზე, ოდესმე გზა გადიოდა.

6. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე და 312–ე მუხლები, ასევე, „საავტომობილო გზის შესახებ“ საქართველოს კანონი გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

8.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, სამანქანე გზის ნაწილი - 75 კვ.მ ფართი არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, არამედ ის სახელმწიფოს საკუთრებაა. აღნიშნული ფართი შემოღობილი აქვს მოპასუხეს, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზით სარგებლობაში;

8.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მისი მხრიდან სადავო ფართით უკანონო სარგებლობისა და ხელშეშლის თაობაზე, რაც მან განსახილველ შემთხვევაში, ვერ განახორციელა;

8.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა, მოდავე მხარეებს თანაბარი უფლება აქვთ, ისარგებლონ ამ ქონებით და, შესაბამისად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელისათვის ან/და სხვა პირებისათვის ხელი შეეშალა ამ ნაკვეთით სარგებლობაში. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

9.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ სადავო ფართი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, რაც დასტურდება ტექნიკური პასპორტით, ცნობა-დახასიათებითა და საინვენტარიზაციო გეგმით;

9.2. მართალია, ამჟამინდელი მდგომარეობით, მოპასუხეს საჯარო რეესტრში ელექტრონულად არ აქვს რეგისტრირებული აღნიშნული ფართი, თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ის სახელმწიფოს საკუთრებაა;

9.3. მოპასუხეს არ აქვს დაკავებული საჯარო გზა და ის მოსარჩელეს არ უზღუდავს საავტომობილო გზით სარგებლობის უფლებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა) მუხლიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა იზიარებს სსკ-ის 183-ე და 312.1 მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არ წარმოადგენს სადავო 75 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ვინაიდან აღნიშნულ ფართზე მას საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში სარგებლობდა სადავო ფართით, ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეს სადავო ფართი შემოღობილი აქვს (აღმართული აქვს ღობე).

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შემოღობვით, მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასველი გზით სრულფასოვან სარგებლობაში, რითაც ილახება მოსარჩელის უფლება ფლობდეს და სარგებლობდეს მის კეთილსინდისიერ მფლობელობაში არსებული ქონებით.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1096-1045-2014, 08.04.2015; №ას-175-162-2015, 14.05.2015).

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

16.1. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.

17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. პ.ს–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის ქვითარი #18375785, გადახდის თარიღი 29.10.2018) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი