Facebook Twitter

საქმე №ას-1756-2018 12 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჩ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ივლისის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ზ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის და, პირველი მამკვიდრებელი ან გარდაცვლილი) სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე : ქ. თბილისი, ....., ფაქტიური ფართობი - 802 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება, უძრავი ნივთი, სადავო საცხოვრებელი სახლი ან სამკვიდრო ქონება), (იხ. ტ.1. ს.ფ. 172, 210).

2. პირველი მამკვიდრებელი 2007 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა (ი.ხ გარდაცვალების მოწმობა, ტ.1.ს.ფ. 19).

3. გარდაცვლილს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია, ხოლო მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ: და - ნ.ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მამკვიდრებლის და, მოსარჩელე ან კასატორი) და ძმები ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის ძმა, მოპასუხის მამა ან მეორე მამკვიდრებელი) და ი.ჩ–ეები (ამ უკანასკნელმა ძმის სასარგებლოდ, სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა).

4. 2008 წლის 3 ნოემბერს სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუსმა მოსარჩელის ძმის სასარგებლოდ გასცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, (რეგისტრაციის #2-341), რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება აღირიცხა (იხ. სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრის ამონაწერი, ტ.1.ს.ფ. 21-25).

5. მეორე მამკვიდრებელი 2013 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ.1.ს.ფ. 27). მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო შვილი - დ.ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე).

6. 2013 წლის 27 დეკემბრის მინდობილობით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინდობილობა) მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა თავისი სახელით მამის (მეორე მამკვიდრებელი) დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღების უფლებამოსილება (იხ. ტ.1. ს.ფ. 49).

7. 2014 წლის 2 ივლისს ნოტარიუსმა მოპასუხის სასარგებლოდ მინდობილობის საფუძველზე, სამკვიდრო მოწმობა გასცა, რომლითაც მოპასუხემ მამის დანაშთი ქონება სრულად მიიღო (იხ. ტ.1.ს.ფ. 28-31).

8. 2016 წლის 4 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1. სამკვიდრო ქონებაზე, 2008 წლის 3 ნოემბერს, მეორე მამკვიდრებლის (მოპასუხის მამის) სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;

8.2. სამკვიდრო ქონებაზე 2014 წლის 2 ივლისს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

8.3. მოსარჩელის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

8.4. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტა, რომ მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს დის (პირველი მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონება, რაც გამოიხატა იმაში, რომ დის გარდაცვალების შემდეგ უვლიდა და პატრონობდა სადავო ქონებას, გამოცვალა ჭიშკარი, აივანი და კიბე. გარდა ამისა, განკარგა მამკვიდრებლის პირადი ნივთები.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია, სადავო საცხოვრებელ სახლში არასდროს უცხოვრია, ის მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, .... მდებარე ბინაში. ამასთან, მოსარჩელე სადავო სახლში მხოლოდ ძმის მონახულების მიზნით, სტუმრად ჩადიოდა. მოპასუხის მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც, ვინაიდან მას სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის მიმართ პრეტენზია 6 თვის ვადაში არ წარუდგენია.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეორე მამკვიდრებლის სახელზე 2008 წლის 3 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში; მოპასუხის სახელზე 2014 წლის 2 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში; მოსარჩელე ცნობილ იქნა სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1503-ე, 1504-ე, 1507-ე, 1433-ე, ასევე, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე, 539-ე, 544-ე და 556-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

12.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლების შესახებ გარემოება, რის საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიტანა დასკვნა, სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე;

12.2. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. პალატის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან პირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში გარკვეული პერიოდულობით სტუმრობა და სახლის მოვლა, მასში მოსარჩელის ძმის ცხოვრების ფაქტის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენისათვის. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე, მის ბატონობას დაადასტურებდა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ პირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე დაეუფლა მის უძრავ-მოძრავ ნივთებს, ამასთან, მან თავის შეხედულებისამებრ განკარგა მამკვიდრებლის ტანსაცმელი და სხვა პირადი მოხმარების ნივთები;

13.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაციით ასახა მოწმეთა ჩვენებები. სხდომის ოქმების მიხედვით, მოწმეებმა მნიშვნელოვნად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და თვლის, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი, სახელდობრ:

17.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უძრავი ნივთის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილი (მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა) 1306-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი), 1336 (I, II) (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები), 1328-ე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება), 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად) მუხლები.

17.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).

17.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. მართალია, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე გარკვეული პერიოდულობით დადიოდა სადავო საცხოვრებელ სახლში, ალაგებდა და ასუფთავებდა მას, იქ მცხოვრები ძმისთვის კი საჭმელი მიჰქონდა, თუმცა, არ დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო სახლში მიდიოდა არა ძმის მოსანახულებლად და დასახმარებლად, არამედ თავის საკუთრებად მიჩნეული სახლის მოვლა-პატრონობის ან სარგებლობის მიზნით. აღნიშნული დასტურდება ასევე მოსარჩელის იმ განმარტებითაც, რომ ის სადავო სახლში ღამით არასდროს დარჩენილა. რაც შეეხება უძრავი ქონების გაუმჯობესების მიზნით სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებით თავადვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხსენებული სამუშაოები ჩატარდა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ამდენად, არც აღნიშნული გარემოება გამოდგება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების სამტკიცებლად.

17.4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია, იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება გააჩნია მის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. ასევე, არ დასტურდება არც პირველი მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების მოსარჩელის მიერ დაუფლებისა და განკარგვის ფაქტობრივი გარემოება.

17.5. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არც ამ თვალსაზრისით არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017, №ას-572- 543-2014, 19.03.2015; №ას-555-526-2014, 10.10.2014).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017; №ას-572- 543-2014, 19.03.2015წ; №ას-555-526-2014, 10.10.2014წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი