¹ბს-1405-158-კ.ს-04 29 დეკემბერი, 2004 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 30 ივლისს Aმ. თ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა მისი სარჩელი, რომელზეც ერთ-ერთ მოპასუხედ შ. ჭ-ე იყო დასახელებული და, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ეს უკანასკნ. მის საკუთრებაში არსებული ქონების სასწრაფოდ გასხვისებას აპირებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა შ. ჭ-ის სახელზე რიცხულ, ხელვაჩაურის რ-ის, სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების 1/5-ზე ყადაღის დადება მოითხოვა (მითითებული ქონება 0,25 ჰა მიწის ნაკვეთისა და ორსართულიანი სახლისაგან შედგებოდა). A
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2004წ. 30 ივლისის განჩინებით მ. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე შ. ჭ-ის ქონების 1/5-ს.
ზემოხსენებული განჩინება შ. ჭ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად მის ქონებაზე ყადაღის დადება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რადგან სადავო ქონების გასხვისების საშიშროება არ არსებობდა, ყადაღის დადებით კი ილახებოდა მისი, როგორც მესაკუთრის, კანონიერი უფლებები.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით შ. ჭ-ის წარმომადგენს _ რ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და ყადაღა მოეხსნა შ. ჭ-ის საკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე ქონების 1/5-ს.
ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით მ. თ-ემ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მისი სარჩელის ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს შ. ჭ-ე წარმოადგენდა და მისი ქონების გასხვისებით სარჩელი შესაძლოა ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილიყო, რაც აზრს დაუკარგავდა მ. თ-ის სარჩელის თუნდაც დაკმაყოფილებას, რადგან სარჩელი 650 000 ლარის ანაზღაურებას შეეხებოდა და მისი აღსრულება მხოლოდ სხვა მოვალეების ქონების ხარჯზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდებოდა.
2004წ. 19 ნოემბერს მ. თ-ემ სასამართლოში დაზუსტებული კერძო საჩივარი წარადგინა და კვლავ მიუთითა, რომ შ. ჭ-ეს სადავო ქონებაზე ყადაღის დადებით არავითარი ზიანი არ ადგებოდა, მისი ინტერესები კი შეიძლებოდა სერიოზულად შელახულიყო, თუ ქონებას ყადაღა არ დაედებოდა და მისი სარჩელის განხილვის დასრულებამდე შ. ჭ-ე ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე ქონებას გაასხვისებდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით მ. თ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. თ-ის კერძო და დაზუსტებული კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის განჩინებები და ძალაში დარჩეს შ. ჭ-ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ამავე კოლეგიის2004წ. 30 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 191-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს განცხადებით და საქმის დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვოს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ განცხადება უშუალოდ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. თ-ის სარჩელი 650 000 ლარის ანაზღაურებას შეეხება და მოსარჩელეს სოლიდარულ მოვალეებად ჰყავს დასახელებული მოპასუხეები, მათ შორის, შ. ჭ-ეც. ამდენად, თანხის სიდიდის გამო, სარჩელის თუნდაც დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე შეიძლება გართულდეს ან სულაც შეუძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შ. ჭ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქონებაზე ყადაღის დადებით მას რაიმე ზიანი ადგება, მართებულად მიიჩნევს მ. თ-ის მსჯელობას და განმარტავს, რომ ქონების დაყადაღებით შ. ჭ-ეს საკუთარი ქონების მფლობელობა-სარგებლობის უფლება შეუზღუდავად უნარჩუნდება, მას საკუთრების განკარგვის შესაძლებლობა ესპობა მხოლოდ, რითაც მისი ინტერესების შეზღუდვა-შელახვაზე საუბარი მ. თ-ის ინტერესების ფონზე არამართებულია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შ. ჭ-ის მიერ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე ქონების 1/5-ის გასხვისების შემთხვევაში შესაძლოა, მ. თ-ის სარჩელი აღსრულების ობიექტის გარეშე დარჩეს, რაც სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების უფლებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. თ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შ. ჭ-ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამართლიანია და კანონით დადგენილ დებულებებს შეესაბამება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ის კერძო და დაზუსტებული კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის განჩინებები და ძალაში დარჩეს შ. ჭ-ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ამავე კოლეგიის2004წ. 30 ივლისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ-ის კერძო და დაზუსტებული კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის განჩინებები და ძალაში დარჩეს შ. ჭ-ის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ამავე კოლეგიის 2004წ. 30 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.