საქმე №ას-1368-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „კ. პ. ჯ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ნ-ის სარჩელი სს „კ. პ. ჯ.“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „კ. პ. ჯ.“ მმართველი დირექტორის 2017 წლის 3 მაისის #03/05-17 (2017 წლის 3 მაისიდან ნ. ნ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ) და 2017 წლის 30 მაისის #30/05-17 (ნ. ნ-ის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) ბრძანებები და ნ. ნ-ი აღდგენილ იქნა სს „კ. პ. ჯ.“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელის (გლდანის ფილიალის უფროსის) თანამდებობაზე, სს „კ. პ. ჯ.“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა:
ა) 2017 წლის 3 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 400 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე);
ბ) გამოუყენებელი 26-დღიანი შვებულების ანაზღაურება (1 214,20 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე));
გ) პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 85 თეთრის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა.
სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „კ. პ. ჯ.“, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ნ-მა და მოითხოვა წინამდებარე საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ (სახ.ნომერი: ... ...) გასხვისება და/ან უფლებრივად დატვირთვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, აეკრძალა სს „კ. პ. ჯ.“ (ს/კ #4...) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სანომრე ნიშანი - ... ..., მარკა/მოდელი - „ტოიოტა ლენდკრუიზერ LC..., ფერი - ლურჯი ..., გამოშვების წელი -20..., საიდენტიფიკაციო ნომერი - J...., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A..., გამოშვების თარიღი: .../02/20...წ.) გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა.
5. ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით სს „კ. პ. ჯ.“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობას, შეისწავლა მოპასუხის საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლი, თავის მხრივ, მითითებითი ნორმაა და საპროცესო შედეგის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს ამავე კოდექსის 410-ე-412-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ:
2.1. მოცემული დავის საგანს შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტის კანონიერებასთან ერთად წარმოადგენს თანხის დაკისრება.
2.2. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება მიჩნეულ იქნა ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან შეუსაბამოდ, მოსარჩელეს, როგორც დასაქმებულს, აღუდგა პირვანდელი ვითარება, კერძოდ, იგი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მიეცა, როგორც გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, ისე _ იძულებით მოცდენის მთელი პერიოდისათვის განაცდური და პირგასამტეხლო.
2.3. მხარეთა შორის დავას არ იწვევს არც ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის მხრიდან.
3. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას მოსარჩელე ასაბუთებდა იმით, რომ მოპასუხე ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას (მორიგების მიზნით სხდომის გადადების მიუხედავად არ ხვდებოდა მოსარჩელეს, არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს და სხვა), რადგანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება მოპასუხესა და ბანკ „...“ შორის მოპასუხის აქტივების შეძენაზე, 2018 წლის 21 მაისიდან შეჩერებულია სესხების გაცემა და შეძენის მსურველი კომპანიის თანამშრომლები სწავლობენ პორტფელს, გარდა ამისა, სს „კ. პ. ჯ.“ დამფუძნებელი უცხოელია, რაც მეტად ამყარებს კომპანიის მატერიალური სახსრების საქართველოდან გადინების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი კი, შემდგომში გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოს მხრიდან და იგი დადგენილ ვადაში საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, დადასტურებულია მოსარჩელის ინტერესის ნამდვილობა გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულების მიმართ, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ ნ.ნატროშვილის განცხადება წარმოადგენს არა სარჩელის, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას, რამდენადაც სახეზე გვაქვს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია ,უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს); (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას)) და არსებობს მისი უზრუნველყოფის წინაპირობები. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს:
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობას ემსახურება, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური არ გახდეს. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დაცვის ქმედით, თუმცა დროებით ზომას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენებისას, ბუნებრივია, შეფასების ობიექტი იმ სამომავლო სიკეთის დაცვაა, რომელიც შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებას უნდა მოჰყვეს, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია პროპორცია ამ სიკეთესა და მოპასუხის ინტერესის შეზღუდვას შორის, ანუ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობები და ამის პარალელურად მოპასუხისათვის დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული (ამ საკითხის თაობაზე ფართოდ ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო).
4.2. წინასწარი სამართალწარმოება [სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება] ევროსასამართლოს განმარტებით, რიგ შემთხვევაში, ექცევა კიდევაც ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სფეროში. საქმეზე - „მ. მ. წინააღმდეგ“ (საჩივარი N 1.../06) ევროსასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ გამოყენებადი იყოს მე-6 მუხლი, მისი „სამოქალაქო“ ნაწილის მხრივ, უნდა არსებობდეს დავა სამოქალაქო უფლების ირგვლივ, რომელიც, თუნდაც სადავო საფუძვლებზე, აღიარებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა იგი კონვენციის მიერ. დავა უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული; იგი შესაძლებელია, ეხებოდეს უფლების არა მარტო რეალურ არსებობას, არამედ მის მასშტაბსა და განხორციელების საშუალებასაც; და ბოლოს, სამართალწარმოების შედეგი უნდა იყოს უშუალოდ გადამწყვეტი განსახილველი უფლებისათვის, უფრო უმნიშვნელო კავშირი ან ზოგადი შედეგები არ არის საკმარისი მე-6 მუხლის 1 ნაწილის გამოსაყენებლად inter alia, Mennitto v. Italy [GC], no. 33804/96, § 23, ECHR 2000 X; და Gülmez v. Turkey, no. 16330/02, § 28, 20 მაისი 2008). იმ კანონმდებლობის ბუნება, რომელიც აწესრიგებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა (სამოქალაქო, სავაჭრო, ადმინისტრაციული თუ სხვა კანონით), ისევე, როგორც ორგანო, რომელსაც აკისრია განხილვის უფლებამოსილება (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო თუ სხვა) ნაკლები მნიშვნელობისაა (იხ. J.S. and A.S. v. Poland, no. 40732/98, § 46, 24 maisi 2005). წინასწარი სამართალწარმოება, მსგავსად დროებითი ღონისძიებებისა, მაგალითად, შემაკავებელი ორდერი, ჩვეულებრივ არ მიიჩნევა სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელად და, შესაბამისად, არ ხვდება ხოლმე მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ (იხ. inter alia, Wiot v. France, (dec.), no. 43722/98, 15 მარტი 2001; APIS a.s. v. Slovakia, (dec.), no. 39794/98, 13 იანვარი 2002; Verlagsgruppe News GMBH v Austria, (dec.), no. 62763/00, 16 იანვარი 2003; და Libert v Belgium, (dec.), no. 44734/98, 8 ივლისი 2004). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მე-6 მუხლს იყენებს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის განხილვისას და არა ამგვარი ღონისძიებების პირველადი მოთხოვნის მომენტიდან (იხ. Jaffredou v. France (dec.), no. 39843/98,15 დეკემბერი 1998, და Kress v. France [GC], no. 39594/98, § 90, ECHR, 2001-VI). მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საქმეებში, სასამართლოს გამოუყენებია მე-6 მუხლი წინასწარი სამართალწარმოების დროსაც, კერძოდ კი, მათი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო მომჩივნის სამოქალაქო უფლებების განსაზღვრაზე (იხ. Aerts v. Belgium, 30 ივლისი 1998, Reports 1998-V, და Boca v. Belgium, no. 50615/99, ECHR 2002-IX), მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლი არ გამოიყენება წინასწარი სამართალწარმოებისას, გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, როდესაც დროებითი განჩინება გამონაკლისის სახით საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას, რადგანაც მოთხოვნილი ზომა არის რადიკალური, სათანადო ხარისხის არმქონე და აპელაციისას, მისი გაუქმების გარეშე, იგი გავლენას იქონიებს მხარეებზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში (იხ. Markass Car Hire Ltd v. Cyprus, (dec.), no. 51591/99, 23 ოქტომბერი 2001).
5. რაც შეეხება გამოყენებული ღონისძიების სახეს, ამ კუთხით პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოძრავი ნივთის გასხვისების/უფლებრივი დატვირთვის მესაკუთრისათვის აკრძალვა (სსსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) წარმოადგენს, როგორც მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას, ისე _ მოპასუხის ინტერესების საკმარისად დამცავ საშუალებას, რადგანაც ამ შემთხვევაში მესაკუთრეს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებათაგან მხოლოდ საკუთრების განკარგვის შესაძლებლობა ეკრძალება, რა დროსაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია საკუთრების სუბსტანცია და მესაკუთრის, როგორც უფლებრივი, ისე _ ფიზიკური კავშირი საკუთრების ობიექტთან.
6. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს (საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ შეიძლება, გახდეს უზრუნველყოფის გამოყენების საშუალება და ის გამყარებული უნდა იყოს მისი ავტორის მხრიდან ფაქტობრივი გარემოებებისა ან/და მოსაზრებების სათანადო დასაბუთებით. ამასთან, სს „კ. პ. ჯ.“და სს „... ბანკს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები არა პორტფელის რეალიზაციაზე, როგორც ეს ნ. ნ-ის განცხადებაშია მითითებული, არამედ კომპანიების შერწყმაზე და მარტოოდენ მოლაპარაკებების პროცესი არ შეიძლება გახდეს იმ დაშვების წინაპირობა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით მოხდება კომპანიის გასხვისება. მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოხდება კომპანიების შერწყმა და სს „... ბანკი“ გახდება სს „კ. პ. ჯ.“უფლებამონაცვლე, როგორც აქტივებთან ისე _ პასივებთან მიმართებაში) და განმარტავს, რომ ამ პრეტენზიათა შინაარსობრივი კვლევით არ გამოირიცხება მოპასუხის მხრიდან გარკვეული წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოება სხვა სამეწარმეო სუბიექტთან, ამასთანავე, არც ის ფაქტი დგინდება უალტერნატივოდ, რომ იგეგმება კომპანიის რეორგანიზაცია (შერწყმა) და არა აქტივების რეალიზაცია, საჩივარს არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა წარდგენა მოპასუხისათვის ხელმისაწვდომი იყო.
7. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც პროპორციულია დასახული მიზნის მიღწევისა და ადგენს გონივრულ ბალანსს მხარეთა ინტერესებს შორის, ხოლო, საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „კ. პ. ჯ.“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისისა და 12 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი