Facebook Twitter

საქმე №ას-288-288-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ქ-კ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ნ-ის წამომადგენლობა საქართველოში (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ქ-კმა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოში სს „ნ-ის“ წამომადგენლობის (შემდგომში _ მოპასუხ, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #7/114 ბრძანების ბათილად ცნობის, სასტუმრო „შ-ის“ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის, გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმებული იქნა მოპასუხის კუთვნილ სასტუმრო „შ-ის“ გაყიდვების მენეჯერად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 17 ნოემბრამდე. მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროს ნომრების გაყიდვის ორგანიზება, ტურისტულ ჯგუფებთან მოლაპარაკებების გამართვა და მოზიდვა. 2016 წლის 10 ნოემბერს დასაქმებულს ეცნობა მასთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მოპასუხემ დაასახელა დისციპლინური გადაცდომები. დასაქმებული დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დისცპლინური გადაცდომა არ ჰქონია, გარდა ამისა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების სხვა კანონიერი საფუძველიც არ არსებობს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფლობს სასტუმრო „შ-ს“. შინაგანაწესის მიხედვით სასტუმროს უმაღლესი რანგის პირია გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს სასტუმროს. მას ემორჩილება და მასთანაა ანგრიშვალდებული სასტუმროს ყველა თანამშრომელი. მესამე პირებთან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს გენერალური მენეჯერი ფინანსურ კონტროლიორთან ერთად. მხოლოდ მათ აქვთ მესამე პირებთან ხელშეკრულებების დადების უფლება. მოსარჩელე დაინიშნა სასტუმრო „შ-ის“ გაყიდვების მენეჯერად. მის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროს ნომრების გაყიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოს შესრულება. დასაქმებული ვალდებული იყო, დაეცვა სასტუმროს შინაგანაწესი. არ ჰქონდა უფლება, დაედგინა ნომრის ფასები და მოპასუხის სახელით დაედო გარიგებები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ გადააჭარბა საკუთარ მოვალეობას და უფლებამოსილ პირებთან შეთანხმების გარეშე, რამდენიმე პირთან გააფორმა ხელშეკრულებები. მოსარჩელე ვალდებული იყო, გაყიდვების საკითხთან დკავშირებით გამუდმებით კავშირზე ყოფილიყო გენერალურ მენეჯერთან და მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ნომრების მყიდველების და მოთხოვნილი თარიღებისა და ნომრების კატეგორიის შესახებ, დაკავებული ნომრების შესახებ, ასევე, ნომრების რეალიზაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მოსარჩელემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და 2016 წლის 18 იანვარს გააფორმა კონტრაქტები, რომელიც ითვალისწინებდა 150 გარანტირებული ოთახით მომსახურებას 2016 წლის 21-22 და 28-29 ოქტომბერს. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ხსენებული პერიოდისათვის უკვე გაყიდული იყო ნომრები 2015 წლის 12 ნოემბრისა და 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებების შესაბამისად. მისი გულგრილობისა და მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებს გამო სასტუმრომ სხვადასხვა კომპანიების წინაშე აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო 215 ნომრით მომსახურება მაშინ, როცა სასტუმროს ოთახების რაოდენობა არ აღემატება 202 ნომერს. მოსარჩელემ გენერალურ მენეჯერთან შეთანხმების გარეშე, სამ კომპანიასთან ინდივიდუალურად გააფორმა ხელშეკრულებები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. გარდა აღნიშნულისა, მან ხელშეკრულებით ნომრების გასაყიდ ფასებად განსაზღვრა იმაზე უფრო დაბალი ტარიფები, რაც მოქმედებდა სასტუმროში კონტრაქტების გაფორმებისას. სამი გარიგებიდან ერთ-ერთ მონაწილეს ხელშეკრულების დადებისას თანხა ჰქონდა გადასახდელი. ის ამ თანხას ვერ იხდიდა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულმა მასთან მაინც დადო ხელშეკრულება. ამგვარი ქმედებებით არსებითად დაირღვა საწარმოს ინტერესები, რის გამოც, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სამართლიანად გათავისუფლდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოპასუხე ფლობს სასტუმრო „შ-ს“;

1.2.2. 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხის კუთვნილ სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად;

1.2.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 17 ნოემბრამდე, ხოლო, ანაზღაურება ყოველთვიურად, 5 793,75 დოლარის ეკვივალენტი ლარით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;

1.2.4. მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროს ნომრების გაყიდვის ორგანიზება, ტურისტულ ჯგუფებთან მოლაპარაკებების გამართვა და მოზიდვა, ასევე, სასტუმროს შინაგანაწესის დაცვა და სხვ;

1.2.5. სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით, სასტუმროს უმაღლესი რანგის პირია გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს სასტუმროს. მას ემორჩილება და მასთანაა ანგრიშვალდებული სასტუმროს ყველა თანამშრომელი. მესამე პირებთან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს გენერალური მენეჯერი ფინანსურ კონტროლიორთან ერთად. მხოლოდ მათ აქვთ მესამე პირებთან ხელშეკრულებების დადების უფლება;

1.2.6. შეთანხმებიდან „განსაკუთრებელ ტარიფზე“ (ხელმოწერილი გენერალური მენეჯერის მიერ) ირკვევა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დადგინდა ტურისტული სააგენტოებისათვის სპეციალური ფასები:

ა) ჯგუფები (მინიმუმ 10 ნომრის დაჯავშნა ერთ ღამეში) „DLX Single“ (დელუქსის ტიპის ნომერი 1 ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი ერთ ადამიანზე - 100 აშშ დოლარი, ხოლო DLX Double (დელუქსის ტიპის ნომერი ორ ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი 2 ადამიანზე -120 აშშ დოლარი;

ბ) ინდივიდუალური (ღამეში 10 ნომერზე ნაკლების დაჯავშნა) „DLX Single“ (დელუქსის ტიპის ნომერი ერთ ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი ერთ ადამიანზე - 115 აშშ დოლარი. ხოლო DLX Double (დელუქსის ტიპის ნომერი ორ ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი 2 ადამიანზე -145 აშშ დოლარი;

გ) დამატებითი საწოლი ერთ ადამიანზე - 30 აშშ დოლარი;

1.2.7. 2016 წელს 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, ტურისტული სააგენტოებისათვის დადგენილი სპეციალური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად (აღნიშულ ტარიფები ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებულია მოსარჩელის მიერ):

ა) ჯგუფები (მინიმუმ 10 ნომრის დაჯავშნა ერთ ღამეში) „DLX Single“ (დელუქსის ტიპის ნომერი 1 ადამიანზე) და Twin Single ნომერი ერთ ადამიანზე - 100 აშშ დოლარი, ხოლო DLX Single (დელუქსის ტიპის ნომერი ორ ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი ორ ადამიანზე -120 აშშ დოლარი;

ბ) ინდივიდუალური (ღამეში 10 ნომერზე ნაკლების დაჯავშნა) DLX Single (დელუქსის ტიპის ნომერი ერთ ადამიანზე) და „Twin Single“ ნომერი ერთ ადამიანზე 115 აშშ დოლარი, ხოლო, DLX Double (დელუქსის ტიპის ნომერი ორ ადამიანზე) და Twin Single ნომერი 2 ადამიანზე- 145 აშშ დოლარი;

გ) დამატებითი საწოლი ერთ ადამიანზე - 30 აშშ დოლარი;

1.2.8. მოსარჩელის მიერ დადებული ხელშეკრულებით სასტუმრომ, სააგენტო „გ–ს“ 2016 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში , „Twin“ და „Delux“ ტიპის ნომრები (ერთი და ორი ადამიანისათვის) გამოუყო ფასდაკლებით, კერძოდ, მოსარჩელემ დაბალ სეზონზე ნომრის ფასად დაადგინა 85 აშშ დოლარი, მაღალ სეზონზე - 106 აშშ დოლარი. აღმასრულებელი ნომრის ფასად დაბალ სეზონზე დაადგინა 105 აშშ დოლარი, ხოლო მაღალ სეზონზე _ 126 აშშ დოლარი. გარიგებას ხელს აწერს მხოლოდ დასაქმებული. ხელშეკრულების დედანზე გენერალურ მენეჯერს ხელი არ მოუწერია.

1.2.9. მოსარჩელის მიერ სასტუმრო „შ-სა“ და „ნ-ას“ შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით, „ნ-ას“ 2016 წლის ივნისსა და სექტემბერში ნებისმიერი ნომრის ფასად განესაზღვრა 75 აშშ დოლარი, ხოლო ივლისსა და აგვისტოში _ 81 აშშ დოლარი. ფასები მოიცავდა საუზმეს, ვახშამს, დღგ-სა და სასმელის ფასს. მის მიერვე დადებული ხელშეკრულებით სასტუმრომ, ტურისტულ სააგენტოს შპს „ლ-ას“ მიანიჭა უფლება, 2016 წლის 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე ესარგებლა ნომრებზე ფასდაკლებებით, კერძოდ: „Twin“ და „Delux“ ტიპის ნომრების (ერთი და ორი ადამიანისათვის) ფასად დაბალ სეზონზე დაადგინა 65 აშშ დოლარი, შუა სეზონზე _ 73 აშშ დოლარი, მაღალ სეზონზე _ 105 აშშ დოლარი. სასტუმროს მხრიდან გარიგებას ხელს აწერს მხოლოდ მ. ქ-ქი;

1.2.10. სასტუმროს ნომრების განლაგების ცხრილით ირკვევა და მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სასტუმრო „შ-ში“ არის 202 ოთახი;

1.2.11. კომპანიის დირექტორის 2016 წლის 24 ოქტომბრის #№7/114 ბრძანებით მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, მ.ქ-კის საკასაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, შესაბამისად, ამ მოთხოვნის ფარგლებში დადგენილი გარემოებები წინამდებარე საკასაციო საჩივრის მიმართ პრეიუდიციული ძლის მატარებელი გახდა (სსსკ-ის 106-ე მუხლი), რის გამოც მათ სადავოდ ვეღარ გახდის მხარე, გარდა ამისა, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის მხრიდან ჩადენილი გადაცდომები შრომითი ხელშეკრულების პირობების იმგვარი დარღვევაა, რაც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს დამსაქმებლის მხრიდან სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტას, ამ შემთხვევაში სწორად იქნა გამოყენებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და სწორადვე იქნა მიჩნეული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მართლზომიერად, რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ მიღებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (სუსგ-ებები: #ას-1276-1216-2014; #ას-483-457-2015), პალატა მას ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ ჩადენილი გადაცდომა თავის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით გამართლებულს ხდის ზემოხსენებული საფუძვლით დამსაქმებლის მიერ შორომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-კის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი