Facebook Twitter

საქმე №ას-230-2019 22 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ. ი–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მომავალ მესაკუთრედ.

3. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რის შემდგომ გამყიდველს მყიდველის მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, უნდა გადაეცა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი იმის დასტურად, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად შესრულდა. აღნიშნული დოკუმენტის საჯარო რეესტრში წარდგენა გახდებოდა ნასყიდობის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი.

4. მოსარჩელემ ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის შემდგომ მიმართა გამყიდველ კომპანიას საკუთრების უფლების გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად, მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინა განლაგებულია მრავალბინიან კორპუსში, რომლის ყველა წევრი ვალდებულია, იზრუნოს საერთო ფართისა და გარემოს მოვლა-პატრონობაზე. მოსარჩელე უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლითაც მან უნდა გადაიხადოს მრავალბინიანი კორპუსის ამხანაგობის წევრთა მხრიდან თანასაკუთრებაში არსებული საერთო ქონების მოვლისათვის საჭირო შესაბამისი თანხა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს დაევალა დამატებით 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 33 276 აშშ დოლარის 4%-ის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.

9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 14 დეკემბერს.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 24 დეკემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო 24 დეკემბერი. აპელანტს, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

12. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აპელანტს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შევსებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის თაობაზე აპელანტის პირველად ინფორმირების შემდეგ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 15 ნოემბერს ჩაბარდა) საკმარისი და გონივრული ვადა გავიდა ხარვეზის შესავსებად, აპელანტს ხარვეზი მის შესავსებად მოცემულ მეორე ვადაშიც არ შეუვსია.

13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის პასუხად შუამდგომლობით მიმართა პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გონივრული ოდენობით გაგრძელების შესახებ, თუმცა სასამართლომ აპელანტს დაუდგინდა მხოლოდ 10-დღიანი ვადა, რაც არ იყო საკმარისი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

16. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას ხარვეზის შევსების ვადა უნდა გაეგრძელებინა სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 33 276 აშშ დოლარის 4%-ის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.

21. აპელანტმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის მისთვის დადაგენილი ვადის გონივრულ პერიოდით გაგრძელება.

22. სააპელაციო პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს განესაზღვრა დამატებით 10 დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

23. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 14 დეკემბერს, რაც კერძო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.

24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში მისი გამოსწორების მიზნით ან რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 24 დეკემბერს, რა დროშიც მხარემ ხარვეზი არ გამოასწორა. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

27. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელებისას მიცემული 10-დღიანი ვადა იყო არაგონივრული, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად თავდაპირველად დაუდგინდა 10 დღე, რომელიც შემდგომ კიდევ 10 დღით გაუგრძელდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განუსაზღვრელი პერიოდით ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება როგორც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების, საპროცესო ეკონომიის პრინციპებს, ისე მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, დამატებით ვადის გაგრძელების აუცილებლობა აპელანტს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის ან რაიმე გარემოების დასახელების გზით არ დაუდასტურებია.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეგრძელებინა მისთვის ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან ასეთი მოთხოვნით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

30. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.

31. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, ამდენად, სააპელაციო სასამართლო სადავო საპროცესო ვადას აპელანტს ვერ გაუგრძელებდა.

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე