საქმე №ას-31-2019 22 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჟ. ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჟ. ს–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით იმდაგვარად, რომ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი 2926 აშშ დოლარი და 99,75 აშშ დოლარი, როგორც შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო, შემცირდეს სულ – 1010 აშშ დოლარამდე და, იმავდროულად, ჩაითვალოს მოსარჩელის მხრიდან გადახდილად. ასევე, 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული 750 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში გადახდილად.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის გენერალური ხელშეკრულება 2015 წლის 4 ივლისამდე და სესხის ოდენობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 22000 აშშ დოლარს.
3. მხარეებს შორის 2015 წლის 18 თებერვალს კვლავ დაიდო სესხის გენერალური ხელშეკრულება 2016 წლის 3 მარტამდე ვადით და სესხის ოდენობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 2100 აშშ დოლარს, თუმცა სესხის სახით გაიცა 750 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხი ემსახურებოდა პირველი სესხის ხელშეკრულებით დარჩენილი სარგებლის გადახდას და შეთანხმებისამებრ, იმავე დღესვე დაბრუნდა მოპასუხის ანგარიშზე.
4. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
5. მეორე ხელშეკრულების დადებით მოსარჩელეს დაეკისრა გადაუხდელ პროცენტზე პროცენტის გადახდა. კურსის ცვლილების გამო, მოსარჩელეს მოესპო ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, თუმცა მოპასუხე კატეგორიულად უარს აცხადებს სესხის რესტრუქტურიზაციაზე და განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემული ორი სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების თაობაზე.
6. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღარ უნდა დაეკისროს სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი 750 აშშ დოლარის – ძირითადი თანხის გადახდა. გარდა ამისა, შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით სულ გადახდილი 1010 აშშ დოლარით ორივე სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 24 თებერვლის სესხის ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული, რომ იგი ემსახურება 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის დაფარვას. აღნიშნულის შესახებ მითითებული უნდა ყოფილიყო სესხის მიზნობრიობაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ გადაწყვიტა ახლად მიღებული სესხის თანხით ძველი სესხიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვა, არ განსაზღვრავს სესხის მიზნობრიობას.
8. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა სარჩელს პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მისი ოდენობა მხარეთა მიერ იყო შეთანხმებული, სწორად იყო დათვლილი და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. მოსარჩელემ ისესხა 22000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით წლიური 48% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვა გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
12. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა მოვალის მიმართ გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 27 914,32 აშშ დოლარით, აქედან, სესხის ძირითადი თანხაა 22 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 2 988,32 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2 926 აშშ დოლარი, ასევე, გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი შესაბამის ორგანოს წარედგინა 2015 წლის 20 ნოემბერს. მოვალეს გაეგზავნა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება.
13. 2015 წლის 18 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სესხი – 750 აშშ დოლარი, რაც გრაფიკის შესაბამისად, 2016 წლის პირველი მარტის ჩათვლით უნდა დაფარულიყო. მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიური სარგებლის დარიცხვაზე თვეში 2,25% ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
14. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა მოვალის მიმართ №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 937,01 აშშ დოლარით, აქედან, სესხის ძირითადი თანხაა 750 აშშ დოლარი, პროცენტი – 87,26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 99,75 აშშ დოლარი, ასევე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად 2015 წლის 20 ნოემბერს იქნა წარდგენილი, აღმასრულებელმა მოვალეს გაუგზავნა შეტყობინება.
15. 2015 წლის 27 ივნისის შემდგომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი საკრედიტო ვალდებულება არ შეუსრულებია (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი სარგებლის გადახდას არ ემსახურებოდა და იგი თავისი არსით, მხარეთა შორის შეთანხმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის, 327-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო სამართალში მოქმედებს, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც ამავე კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. „Pacta sunt servanda-ს“ პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს განსაზღვრავს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
18. სსკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წელსა და 2015 წელს დადებული ხელშეკრულების, როგორც შინაარსობრივი, ასევე, ლოგიკური განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (დარჩენილი სარგებლის დაფარვა) შესრულებას არ ემსახურებოდა.
19. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი/ მრავალმხრივი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, რომლის გაფორმება სულ ცოტა, ორ ეტაპს მოიცავს: ნების გამოვლენა და მისი დადგენილი წესით გაფორმება. პირველ ეტაპზე კერძო ავტონომიისა და სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე თანხმდებიან, ამ ეტაპზე მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებით თავად განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო მომდევნო ეტაპიდან, რომელიც მიღწეული შეთანხმების დადგენილი წესით გაფორმებაში მდგომარეობს, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისი დარღვევის შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს უფლების დაცვის სასარჩელო ფორმა. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სადავოობისას მხარეთა ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი არსიდან.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ დროს, როდესაც მსესხებელი კრედიტორთან ახალ ხელშეკრულებას დებს წინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასაფარად, მისთვის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება პრიორიტეტს არ წარმოადგენს, იგი ორიენტირებულია დეტალურად განსაზღვროს თუ ძველი ვალდებულებიდან რა ითვლება შესრულებულად და რა რჩება შესასრულებელი, აღნიშნული კი, განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
21. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ 2015 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ყველა არსებითი პირობა – ხელშეკრულების ვადა, პროცენტი, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები და ოდენობა შეთანხმდა, რაც სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად და მხარეთა ნების გონივრული განსჯის შესაბამისად, მხარეთა მიერ ახალი ხელშეკრულების დადებაზე მზაობის დადასტურებას ნიშნავს.
22. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ და მათ შორის უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე მითითება არ გააკეთეს, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომლის ძალითაც, 2014 წლის ხელშეკრულებისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი უფლება-ვალდებულებები წარმოიშვა. ამ დასკვნას ვერ გააქარწყლებს აპელანტის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მეორე სესხით აღებული თანხა პირველი სესხით ნაკისრი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა, რადგან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მიღებული სესხი მოვალეს შეუძლია მისი სურვილისამებრ/საჭიროებისამებრ განკარგოს, თუმცა აღნიშნული სამართლებრივად საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.
23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ს შეადგენდა, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნეული ვერ იქნება.
24. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხანგრძლივობა და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
25. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
26. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი – სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
27. მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულების ძალით საკმაოდ სოლიდური თანხა – 22 000 აშშ დოლარი გაიცა, დარიცხულმა პირგასამტეხლომ კი 2 926 აშშ ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წლის 24 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას, სესხის სახით სულ 750 აშშ დოლარი გაიცა, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლომ 99,75 აშშ დოლარი შეადგინა. ცალსახაა, რომ 2015 წლის 27 ივნისის შემდგომ დღემდე აპელანტს არცერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. ასევე უდავოა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოკლე ვადაში, აღსასრულებლად წარადგინა, რაც ცხადყოფს, რომ მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას და პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდას, სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დაყოვნებით, ადგილი არ ჰქონია.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების სრული მოცულობისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთშეჯერების შედეგად, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და, შესაბამისად, მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
30. მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
31. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილების, 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღნიშნულთან მიმართებით არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სარჩელი ძირითადად მოდავე მხარეთა შორის 2015 წელს დადებული ხელშეკრულების წინა გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გაფორმებასა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ემყარებოდა, თუმცა, სააპელაციო საჩივარში მოყვანილმა მსჯელობამ სასამართლო ვერ დაარწმუნა, რომ დარიცხულ პირგასამტეხლოსა და ვალდებულების დარღვევის ხასიათს შორის შეუსაბამობა არსებობდა, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება კასატორისათვის 750 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სესხის შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლები და მისი შემადგენლობა არ განსაზღვრა ფაქტობრივი მდგომარეობით, რითაც დაარღვია სსკ-ის 327-ე და 343-ე მუხლები ნების გამოვლენის და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესახებ.
34. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეები 750 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, რომელთა შორის მოხსენიებული არ ყოფილა წინა ხელშეკრულების გადახდის პირობები, დარჩენილი სესხის ოდენობა, შესაბამისად, მეორე ხელშეკრულება არსებითად ახალი გარიგებაა. რეალურად, კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღებული სესხი – 750 აშშ დოლარი გაიცა წინა სესხის სარგებლის დაფარვის მიზნით და სრულად გადახდილ იქნა სარგებლის დასაფარად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სარგებლის გადახდის მიზნით განმეორებითი სესხის გაცემა არღვევს სამართლებრივ წესრიგს და ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-8 მუხლით დადგენილ სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპს.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. მოსარჩელემ ისესხა 22000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით წლიური 48% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვა გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
38. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა მოვალის მიმართ გასცა №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 27 914,32 აშშ დოლარით, აქედან, სესხის ძირითადი თანხაა 22 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 2 988,32 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2 926 აშშ დოლარი, ასევე, გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი შესაბამის ორგანოს წარედგინა 2015 წლის 20 ნოემბერს. მოვალეს გაეგზავნა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება.
39. 2015 წლის 18 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სესხი – 750 აშშ დოლარი, რაც გრაფიკის შესაბამისად, 2016 წლის პირველი მარტის ჩათვლით უნდა დაფარულიყო. მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიური სარგებლის დარიცხვაზე თვეში 2,25% ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
40. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა მოვალის მიმართ №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 937,01 აშშ დოლარით, აქედან, სესხის ძირითადი თანხაა 750 აშშ დოლარი, პროცენტი – 87,26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 99,75 აშშ დოლარი, ასევე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად 2015 წლის 20 ნოემბერს იქნა წარდგენილი, აღმასრულებელმა მოვალეს გაუგზავნა შეტყობინება.
41. 2015 წლის 27 ივნისის შემდგომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი საკრედიტო ვალდებულება არ შეუსრულებია (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავო გახადა მისთვის 750 აშშ დოლარის დაკისრება და არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული თანხის გაცემით მხარეთა შორის გაფორმდა ახალი სესხის ხელშეკრულება. კასატორის მოსაზრებით, მითითებული თანხა გაიცა პირველი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სარგებლის დასაფარად.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
45. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსი და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
46. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
47. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
48. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
50. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.
51. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.
52. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
53. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.
54. ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.
55. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ 23.02.2015 საქმე№ას-1144-1090-2014).
56. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს ის საკითხი, განმეორებით სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ გარიგებას, თუ გაფორმდა მათ შორის უკვე არსებული სასესხო ვალდებულების შესრულების, კერძოდ, სარგებლის დაფარვის მიზნით.
57. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, შეიცავს თუ არა მეორე სესხის ხელშეკრულება თავდაპირველ გარიგებასთან დამაკავშირებელ რაიმე დებულებას, რომლის შეფასების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა სადავო ხელშეკრულებების ურთიერთკავშირის არსებობის დადგენა.
58. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედ სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტზე, რომელიც ავალებს თითოეულ მხარეს, სარწმუნოდ დაამტკიცოს მის მიერ მითითებული იმ გარემოების არსებობა, რომელსაც მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
59. აღნიშნული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მოვალეობას შეადგენდა 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებაში ზემოთ დასახელებული იმგვარი დათქმის არსებობა, რომელიც დაადასტურებდა სადავო 750 აშშ დოლარი ძველი სესხის სარგებლის დასაფარად გაიცა. ამგვარი შინაარსის დათქმაზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერც რაიმე სხვა სახის მტკიცებულებით მითითებული ფაქტი ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, მხარის პრეტენზია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. გ-ას მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარის, ასევე, 2019 წლის 25 იანვარს №-... საგადახდო დავალებით ნ. ტ–ისა და ჟ. ს–ის მიერ გადახდილი 250 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ჟ. ს–ის (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. გ-ას მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარის, ასევე, 2019 წლის 25 იანვარს №-... საგადახდო დავალებით ნ. ტ–ისა და ჟ. ს–ის მიერ გადახდილი 250 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი