Facebook Twitter

საქმე №ას-1919-2018 22 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „... მ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს. ქ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „... მ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრის პროთეზის განახლების ღირებულების – 44 590 ლარის, ასევე, პროთეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ საქართველოში ლიცენზირებულ საპროთეზო-ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ მომავალში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის (ექმის ცნობა, ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების – აღნიშნული პროთეზის განახლების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 9 მაისს მუშაობდა მოპასუხე საზოგადოების ქარხნის მე-4 საამქროში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრამვა, რის შედეგად დაკარგა მარჯვენა ქვედა კიდური.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საზღვარგარეთ მკურნალობისა და პროთეზირების თანხა – 166 941 ლარი, რისი მიღების შემდეგ მას პროთეზი უნდა გაეკეთებია გერმანიაში, მაგრამ სასამართლოს პროცესები მიმდინარეობდა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის მაისამდე, ხოლო იძულებითი აღსრულება მოხდა 2014 წლის ივლისში და მკურნალობის თანხის მიღების შემდეგ დადგა სხვა რეალობის წინაშე. ლარის კურსის ვარდნის გამო, გერმანიის კლინიკა „ო. ბ.“ გადასარიცხი ევროს ყიდვისათვის თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. თანხის დასამატებლად მიმართა მოპასუხეს, რომელმაც მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

4. მოსარჩელე იძულებული გახდა, მოეძებნა ალტერნატივა და შესაბამისად, 2014 წლის აგვისტოში შეძლო მკურნალობის კურსი გავლა თურქეთში „ო. ბ.“ კლინიკაში, სადაც გაიკეთა გერმანული „ო. ბ.“ ორთობიონიკური პროთეზი ორთოპედიური თვალსაზრისით 2-წლიანი საგარანტიო ვადით. პროთეზის გაკეთების შემდეგ სულიერად და მორალურად იყო კარგად, კარგად დადიოდა, ფიზიკურად აქტიური იყო და ნორმალურად ცხოვრობდა. პროთეზის 2-წლიანი გარანტია იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივი არ არის, ცვდება და იცვლება მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც. ყველა ეს გარემოება იწვევს პროთეზის განახლების საჭიროებას.

5. ამჟამად მოსარჩელეს უჭირს სიარული, პროთეზის მიმღები ბუდე უზიანებს სხეულის რბილ ქსოვილს, პროთეზს ვეღარ ხმარობს, უქმნის დისკომფორტს. ამ ჩივილებით მიმართა ექიმს, რომელმაც მიუთითა, რომ საჭიროა გერმანული პროთეზის დეტალების განახლება. მსგავსი მომსახურება უკვე შესაძლებელია საქართველოში, თუმცა რეაბილიტაციის ცენტრში „ო. ბ.“ სერთიფიცირებული სპეციალისტებისათვის მიმართვა 44 590 ლარი ღირს. მისი ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე ჩივილების აღმოფხვრისათვის, პროთეზით უსაფრთხო სიარულისათვის და მისი ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებლად სჭირდება ექიმის მიერ რეკომენდებული პროცედურების ჩატარება. მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრის პროთეზის დეტალების საგარანტიო ვადები მწარმოებლის ინფორმაციით შეადგენს მაქსიმუმ 2 წელს და პროთეზის შემდგომი განახლება დამოკიდებულია საპროთეზო ნაწარმის დეტალების საგარანტიო ვადებზე, მისი მოხმარების ინტენსიურობაზე და ბენეფიციარის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.

6. მოსარჩელის განმარტებით, პროთეზის განახლება საჭიროა ყოველი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ და შეიძლება სამომავლოდ, მრავალჯერ მოუწიოს სასამართლოსათვის მიმართვა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გადაიხადა მოსარჩელის საავადმყოფოში მკურნალობისათვის საჭირო ხარჯები, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს, თუმცა ფაქტობრივად მას არ ჩაუტარებია მკურნალობა გერმანიის კლინიკაში, სადაც გამგზავრების და მკურნალობის ხარჯებიც მოპასუხეს დაეკისრა. მოპასუხისათვის უცნობია, რომელ კლინიკაში, რა მასალითა და გარანტიებით განხორციელა პროთეზირება, რის გამოა დაზიანებული პროთეზის დეტალები. მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანი და სხვა არანაირი თანხის ანაზღაურების ვალდებულება მას მოსარჩელის მიმართ აღარ აკისრია და პროთეზის დაზიანებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

8. ამავდროულად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 166 941 ლარის ოდენობით, რაც სხვა ხარჯებთან ერთად მოიცავდა მოსარჩელის მუხლის ზედა პროთეზის დამზადების ღირებულებას – 139 559 ლარს „ო. ბ.“ ცენტრში, გერმანიის ქალაქ დუდენშტატში მოსარჩელის გამგზავრების, თარჯიმნის მომსახურების, შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრიდან“ გამყოლი პირის მომსახურების და გერმანიაში მომვლელის ხარჯებს. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების სახით მიღებული თანხით პროთეზი დაამზადებინა არა გერმანიის შესაბამის დაწესებულებას, სადაც პროთეზის გარანტიის ვადა 5 წელია, არამედ თურქეთის კლინიკას 2-წლიანი გარანტიის პროდუქტით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 444 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2011 წლის 9 მაისს მოსარჩელემ მოპასუხე საზოგადოების ქარხნის მე-4 საამქროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საწარმოს სრული ბრალეულობით, მიიღო ტრავმა და დასახიჩრდა, – დაკარგა მარჯვენა ფეხი.

12. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის 1 იანვრიდან სარჩოს სახით 756 ლარის ყოველთვიურად გადახდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის – 166 941 ლარის, გაწეული სამედიცინო ხარჯის – 105 ლარისა და მორალური ზიანის – 50 000 ლარის გადახდა. ასევე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული 825 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების – 200 ლარის გადახდა.

13. მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა. მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს ერთდროულად და სრულად აუნაზღაურა სასამართლოს მიერ დაკისრებული როგორც მკურნალობის თანხა – 166 941 ლარი, ასევე მორალური ზიანის ღირებულება – 50 000 ლარი.

14. მკურნალობის თანხა ითვალისწინებდა გერმანიაში, ქალაქ დუდენშტატში, „ო. ბ.“ ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების „ორტჰობიონიცის“ 5-წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებასა და მორგებას, ასევე მისი და თანხმლები პირის – მომვლელის, თარჯიმნის გერმანიაში გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა სხვა საჭირო ხარჯებს.

15. 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელემ პროთეზირება ჩაიტარა თურქეთში, ქალაქ ანკარაში არსებულ „ო. ბ.“ კლინიკაში, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა ორთოპედიული თვალსაზრისით შეადგენს 2 წელს.

16. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მხარეთა განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რიგი საკითხები მოითხოვდა გამოკვლევას, რომელთა დადგენა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, კერძოდ: მართლაც არსებობდა თუ არა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის 2014 წელს მორგებული პროთეზის, ან პროთეზის რომელიმე დეტალის (შეცვლის) განახლების საჭიროება და თუკი არსებობდა ასეთი საჭიროება, რით იყო გამოწვეული აღნიშნული: ავადმყოფის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარების ცვლილებით, მაგ.: ამპუტირებული სახსრის – ტაკვის მდგომარეობით, წონის ბუნებრივი ცვალებადობით და ა.შ. საპროთეზო ნაწარმის (ან მისი რომელიმე დეტალის) საგარანტიო ვადის გასვლით, მოსარჩელისათვის მკურნალობის არასწორი ჩატარებით, პროთეზის არასწორად მორგებით თუ სხვა რაიმე მიზეზით.

17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე, გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი: თუ აუცილებელი იყო პროთეზის ან მისი რომელიმე დეტალის განახლება (შეცვლა), კონკრეტულად რომელი დეტალის განახლებაზეა საუბარი და რას შეადგენდა ამ დეტალის (ან დეტალების) განახლების და მოსარჩელისათვის მორგების) ღირებულება. სასამართლოს მითითებით კვლევას საჭიროებდა ის გარემოებაც, პროთეზის, ან მისი რომელიმე დეტალის (ნაწილის) ვარგისიანობაზე, ორთოპედიული საგარანტიო ვადის თვალსაზრისით, შეეძლო თუ არა გავლენა მოეხდინა იმას, რომ აღნიშნული პროთეზირება მოსარჩელემ ჩაიტარა არა გერმანიაში, არამედ თურქეთში.

18. აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: ა) მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობს თუ არა მისთვის 2014 წელს მორგებული პროთეზის, ან პროთეზის რომელიმე დეტალის (შეცვლის) განახლების საჭიროება. დადებითი პასუხის შემთხვევაში რითია გამოწვეული აღნიშნული: ავადმყოფის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარების ცვლილებით, მაგ.: ამპუტირებული სახსრის ტაკვის მდგომარეობით, წონის ბუნებრივი ცვალებადობით და ა.შ. საპროთეზო ნაწარმის (ან მისი რომელიმე დეტალის) საგარანტიო ვადის გასვლით, ს. ქ-ისათვის მკურნალობის არასწორი ჩატარებით, პროთეზის არასწორად მორგებით თუ სხვა რაიმე მიზეზით; ბ) თუ აუცილებელია პროთეზის ან მისი რომელიმე დეტალის განახლება (შეცვლა) კონკრეტულად რომელი დეტალის განახლებაზეა საუბარი და რას შეადგენს ამ დეტალის (ან დეტალების) განახლების და ს. ქ-ისათვის მორგების) ღირებულება; გ) შესაძლებელია თუ არა „ო. ბ.“ ორთობიონიკური პროთეზის ან მისი რომელიმე ნაწილის მდგომარეობაზე (საგარანტიო ვადის თვალსაზრისით) გავლენა მოეხდინა იმას, რომ მოსარჩელემ პროთეზირება ჩაიტარა თურქეთში, ქ. ანკარის და არა გერმანიაში, ქ. დუდენშტატის „ო. ბ.“ კლინიკა - საწარმოში.

19. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოსარჩელეს „2014 წელს მორგებულ პროთესზე შესაცვლელი აქვს შემდეგი დეტალები: მიმღები ბუდის შემაერთებელი ადაპტორი, ადაპტორის მილი, კოსმეტიკური გარსაცემი და საპროთეზო წინდები. ასევე საჭიროა მიმღების განახლება. ზემოაღნიშნული დეტალების შეცვლა გამოწვეულია პაციენტის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ცვლილებებით (ბუნებრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებში იგულისხმება წონის მატება, რაც ზოგადად ვითარდება ქვედა კიდურის /კიდურების/ ამპუტირების შემთხვევაში და დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევაში მენჯ - ბარძაყის სახსრის პროთეზირების გამო, აქტიური ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობაში), რაც მოითხოვს მიმღების განახლებას და შემდგომ ახალ მიმღებზე აღნიშნული დეტალებით პროთეზის სხვა დეტალების მიერთებას. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ პროთეზი თავის დროზე მორგებულია სწორად და არ არისდარღევული მოხმარების წესები;

20. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია 2014 წელს, მოსარჩელისათვის პროთეზის მორგებასთან დაკავშირებით წერია, რომ დეტალებზე (პროთეზის მაკომპლექტირებული საშუალებები) გაწერილია 5-წლიანი საგარანტიო ვადა, რომელიც დღეის მდგომარეობით დარღვეული არ არის (თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სხეულის ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, გარკვეული დეტალი ცვლილებას მოითხოვს), ხოლო ორთოპედიული პროფილის (მიმღები, რომელიც უშუალოდ ერგება ტაკვს) მოხმარების თვალსაზრისით დაფიქსირებული 2-წლიანი საგარანტიო ვადა გასულია და ექვემდებარება შეცვლას.

21. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საპროთეზო მომსახურების (დეტალების განახლების, მორგების) ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 19 444.00 ლარს. თანხის ცვლილება დამოკიდებულია ლარის კურსის ცვლილებასთან და განისაზღვრება საჭირო დეტალების შეკვეთის დღისათვის „ო. - ბ.“ ქარხანაში არსებული ფასით.

22. დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს პროთეზირება ჩატარებული აქვს ქ. ანკარაში, „ო. - ბ.“ ცენტრში. გერმანულ ფირმა „ო. ბ.“ აქვს სრულუფლებიანი წარმომადგენლობები მსოფლიოს 56 ქვეყანაში, მათ შორის, ანკარაში და თითოეული წარმომადგენლობა უფლებამოსილია, „ო. - ბ.“ ბრენდის ქვეშ საპროთეზო ნაწარმის წარმოებაზე. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, „ო. - ბ.“ რომელ ფილიალში დამზადდება საპროთეზო დამხმარე საშუალება.

23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს, ხოლო პროთეზის გარანტია ორთოპედიული თვალსაზრისით არის 2 წელი.

24. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, ორთოპედიული თვალსაზრისით, პროთეზის განახლების საჭიროება გამოწვეულია აპელანტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებით (რომელშიც იგულისხმება წონის მატება, რაც ზოგადად ვითარდება ქვედა კიდურის /კიდურების/ ამპუტირების შემთხვევაში და დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირების გამო, აქტიური ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობაში), ასევე, პროთეზის ორთოპედიული თვალსაზრისით არსებული საგარანტიო ვადის (2 წელი) გასვლით. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ორთოპედიული თვალსაზრისით პროთეზის აღდგენისათვის საჭიროა 19 444.00 ლარი.

25. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასევე დადგენილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა „ო. - ბ.“ რომელი ქვეყნის ფილიალში დამზადდება საპროთეზო დამხმარე საშუალება.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია.

27. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად. ხოლო „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

28. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მომართა სასამართლოს სარჩელით.

29. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ – სშკ) 35-ე მუხლის, 44-ე მუხლის, პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

30. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სსკ-ის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

31. ამავე კოდექსის 997-ე მუხლით კი განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმადაც პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

32. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლით, 412-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდოა ის გარემოება, რომ პროთეზი გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროებს შეკეთებას და შეცვლას, რისი ღირებულებაც (პროთეზის შეკეთება) შეადგენს 19 444.00 ლარს. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ოდენობის თანხის ანაზღაურების შესახებ.

33. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას – პროთეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ საქართველოში ლიცენზირებულ საპროთეზო-ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ მომავალში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციების (ექიმის ცნობა, ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების, აღნიშნული პროთეზის განახლების ღირებულების დაკისრების თაობაზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს იმდენჯერ ეკუთვნის პროთეზის განახლებისათვის საჭირო თანხის ანაზღაურება მოპასუხე ორგანიზაციისაგან, რამდენჯერაც ამის საჭიროება დადგება, თუმცა იმ სახით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნას, რაც მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა, წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნით მხარე უტყუარად დადგენილი ხარჯის ან ფაქტობრივად გაწერილი ხარჯის ანაზღაურებას კი არ ითხოვს, არამედ სასამართლოსაგან მესამე პირის მიერ მომავალში განსაზღვრული ხარჯის ანაზღაურებას, ანუ ვალდებულების შესრულების პირობების განსაზღვრას მესამე პირის მიერ. სახელდობრ: საქართველოში ლიცენზირებული საპროთეზო ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ გაცემული შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების შესრულებას.

35. სსკ-ის 325-ე მუხლი (ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე) პირველ ნაწილში გაკეთებულია დათქმა, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

36. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია (სამომავლოდ) კონკრეტული თანხის ანაზღაურება, რომელიც ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებს დაემყარება. სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი სახით დაყენებულ მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რადგან არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ მოთხოვნა, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებას დაემყარება (მაგ.: ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც, თავის მხრივ, საპროთეზო დარგში მომუშავე რომელიმე კლინიკა გასცემს) არ იქნება სამართლიანად მიჩნეული მოპასუხის მიერ, რის გამოც იგი მას სადავოდ გახდის. მითითებული ნორმის თანახმად, საეჭვოობის შემთხვევაში დავა მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

38. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საქმე გადაწყვიტა კანონის კონკრეტული მუხლების არასწორი ინტერპრეტირებისა და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების შედეგად.

39. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა პროთეზის საგარანტიო ვადის საკითხი და ის გარემოება, მოსარჩელეს სჭირდება თუ არა პროთეზის შეცვლა და გადაიხადა თუ არა უკვე აღნიშნულისათვის თანხა მოპასუხემ. ფაქტობრივად, მოპასუხემ დაფარა მოსარჩელის საავადმყოფოში მკურნალობისათვის საჭირო ხარჯი, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს, მაგრამ მას არ ჩაუტარებია მკურნალობა გერმანიის კლინიკაში, სადაც გამგზავრების და მკურნალობის ხარჯებიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა. ასევე უცნობია სად, რომელ კლინიკაში, რა მასალითა და გარანტიებით განახორციელა მოსარჩელემ პროთეზირება, რის გამოა დაზიანებული პროთეზის დეტალები. მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანი და სხვა არანაირი თანხის ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ აღარ აკისრია.

40. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 166 941 ლარის ოდენობით, რაც სხვა ხარჯებთან ერთად მოიცავდა მოსარჩელის მუხლის ზედა პროთეზის დამზადების ღირებულებას – 139 559 ლარს „ო. ბ.“ ცენტრში გერმანიაში, ქალაქ დუდენშტატში, მოსარჩელის გერმანიაში გამგზავრების, თარჯიმნის მომსახურების, შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრიდან“ გამყოლი პირის მომსახურების და გერმანიაში მომვლელის ხარჯებს.

41. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების სახით მიღებული თანხა მიმართა არათუ გერმანიაში „ო. ბ.“ ცენტრში ბიონიკური პროთეზის დასამზადებლად, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 5 წელს, არამედ მან პროთეზირება ჩაიტარა თურქეთში, ქალაქ ანკარაში არსებულ კლინიკაში, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 2 წელს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელეს 5-წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის ღირებულება გადაუხადა, ხოლო მან 2-წლიანი გარანტიის მქონე პროთეზი გაიკეთა, რაც მისი პასუხისმგებლობაა.

42. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს პროთეზის დაზიანებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის, არც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიუყენებია ზიანი პროთეზისათვის და, ბუნებრივია, არც მიზეზობრივი კავშირი არსებობს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. თუ პროთეზი დაზიანებულია, მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცხადია, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ დაზიანების ფაქტი ვერ გახდება მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

45. მოცემულ საქმეზე კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

46. 2011 წლის 9 მაისს მოსარჩელემ მოპასუხე საზოგადოების ქარხნის მე-4 საამქროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საწარმოს სრული ბრალეულობით, მიიღო ტრავმა და დასახიჩრდა, – დაკარგა მარჯვენა ფეხი.

47. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის 1 იანვრიდან სარჩოს სახით 756 ლარის ყოველთვიურად გადახდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის – 166 941 ლარის, გაწეული სამედიცინო ხარჯის – 105 ლარისა და მორალური ზიანის – 50 000 ლარის გადახდა. ასევე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული 825 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების – 200 ლარის გადახდა.

48. მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა. მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს ერთდროულად და სრულად აუნაზღაურა სასამართლოს მიერ დაკისრებული როგორც მკურნალობის თანხა – 166 941 ლარი, ასევე მორალური ზიანის ღირებულება – 50 000 ლარი.

49. მკურნალობის თანხა ითვალისწინებდა გერმანიაში, ქალაქ დუდენშტატში, „ო. ბ-ის“ ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების „ორტჰობიონიცის“ 5-წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებასა და მორგებას, ასევე მისი და თანხმლები პირის – მომვლელის, თარჯიმნის გერმანიაში გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა სხვა საჭირო ხარჯებს.

50. 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელემ პროთეზირება ჩაიტარა თურქეთში, ქალაქ ანკარაში არსებულ „ო. ბ.“ კლინიკაში, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა ორთოპედიული თვალსაზრისით შეადგენს 2 წელს.

51. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სადავო პროთეზის ღირებულება უკვე გადაუხადა, სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია პროთეზის შეცვლის რეალური საჭიროება, არ არსებობის მოპასუხის მიმართ, სადავო პროთეზის დაზიანების გამო, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

54. წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ხელახალი პროთეზირების ღირებულების დამსაქმებლისათვის დაკისრება.

55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის, ასევე, 408-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკაც.

56. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

57. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

59. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

60. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

61. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

62. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

64. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

65. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

66. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა არასწორად შეაფასა მოცემული დავის საგანი მის მიმართ უკვე დადგენილი დელიქტური ვალდებულებისაგან დამოუკიდებელ მოთხოვნად, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფაქტი. თავად კასატორის მითითებითვე, მან ერთხელ უკვე გადაუხადა მოსარჩელეს პროთეზირებისა და სხვა საჭირო პროცედურებისათვის გარკვეული თანხა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, მოსარჩელისათვის დამატებითი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, ახალი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას. ცხადია იმ მოცემულობით, რომ მოსარჩელე დაადასტურებს ამგვარი ხარჯების რელევანტურობას.

67. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხელახალი პროთეზირების საჭიროება გამოწვეულია აპელანტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებით (რომელშიც იგულისხმება წონის მატება, რაც ზოგადად ვითარდება ქვედა კიდურის /კიდურების/ ამპუტირების შემთხვევაში და დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირების გამო, აქტიური ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობაში), ასევე, პროთეზის ორთოპედიული თვალსაზრისით არსებული საგარანტიო ვადის (2 წელი) გასვლით. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ორთოპედიული თვალსაზრისით პროთეზის აღდგენისათვის საჭიროა 19 444.00 ლარი.

68. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასევე დადგენილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა „ო. - ბ.“ რომელი ქვეყნის ფილიალში დამზადდება საპროთეზო დამხმარე საშუალება.

69. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ სრულად განახორციელა მის მიერ სარჩელში (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში) მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა, აღნიშნული ზიანის გამომწვევი მიზეზი და მისი ოდენობა, ხოლო მოპასუხემ ვერანაირი წონადი არგუმენტით ვერ უარყო მოსარჩელის არგუმენტები.

70. ამდენად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მითითებას, რომ მას მოსარჩელის პროთეზის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.

71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 3.05.2012წ. ას-434-412-2012).

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 973 ლარის 70% – 681,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „... მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „... მ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს №-.... საგადახდო დავალებით გადახდილი 973 ლარის 70% – 681,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი