Facebook Twitter

საქმე №ა-178-შ-22-07 18 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებარა აღსრულებას გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც:

ა) კ. პ-ის და გ. ს-ე (შ-ე) _ პ-ის განცხადება (მცხოვრები დ. შ. ..., 9... ფიურტი) ა. ქ-ის შვილად აყვანასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა;

ბ) ა. ქ-ე (დაბადებული 19... წლის ... ივნისს, მცხოვრები ამყვან პირებთან) აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად და მიიღო გვარი _ პ-ი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ. პ-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, გერმანიის ქ.ფ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ქართულ ენაზე თარგმნისას დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ გვარი „P.“ არასწორად ითარგმნა, როგორც „პ.“, მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება აღსრულებულია, მას მიღებული ჰქონდა, როგორც დაბადების მოწმობა, ისე _ პასპორტი, სადაც შეცვლილი გვარია რეგისტრირებული, თუმცა ახალი პირადობის მოწმობის აღებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი მოხელის მხრიდან მოთხოვნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. პ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების შესწავლით მართლაც ირკვევა, რომ, როგორც შვილად ამყვანების, ისე _ შვილად აყვანილი ა. ქ-ის შეცვლილი გვარი წარმოადგენს „პ-ს“ (გერმანულენოვან გადაწყვეტილებაში აღნიშნულია „P.“), ქართულენოვან თარგმანში კი ერთი და იმავე ასო-ბგერებით გადმოცემული გვარი რიგ შემთხვევაში ნათარგმნია, როგორც „პ.“, ხოლო, რიგ შემთხვევაში _ „პ.“.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, ისე _ საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების სუბიექტს წარმოადგენს ა. ქ-ე, რომელმაც მიიღო გვარი პ. (პ.), თუმცა, უსწორობის გასწორების შესახებ განცხადება წარმოდგენილია დავით პ-ის მიერ, მასზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დაბადების მოწმობა ეკუთვნის ასევე დ. პ-ს და რაიმე სამართლებრივი კავშირი დ. პ-სა და მ. პ-ს შორის არ დგინდება (გარდა განმცხადებლის განმარტებისა, რომ საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და გამოიტანა #ა-178-შ-22-07 განჩინება, რომლითაც განმცხადებელი „ა. ქ-ე“ კ. პ-ისა და გ. შ. პ-ის მიერ იქნა ნაშვილები და მიენიჭა გვარი პ-ი), ისევე, როგორც საქმეში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ა. პ-ის მიერ დ. პ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა ან მისი სახელით მოთხოვნის წარდგენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. პ-ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, მოითხოვოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. პალატა აქვე განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინება არ იქნება დამაბრკოლებელი უფლებამოსილი პირისათვის, სათანადო წინაპირობების არსებობისას კვლავ მომართოს ამავე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. პ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი