Facebook Twitter

საქმე №ას-735-735-2018 20 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოსარჩელე)

თანამოპასუხეები - გ. და გ.ხ–ეები

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და წალკის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა

დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დედა) და ზ.ხ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მამა) 2004 წლის 15 თებერვლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, ხოლო 2013 წლის 21 თებერვალს მათი ქორწინება დარეგისტრირდა კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1151-ე მუხლები).

2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: გ. (დაბადებული 2004 წლის 22 ივლისს, შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი შვილი ან ვაჟი) და გ. (დაბადებული 2009 წლის 19 იანვარს, შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც მეორე შვილი ან ქალიშვილი) ხ–ები (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც შვილები, ბავშვები ან არასრულწლოვნები).

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია. ისინი 2016 წლის ივლისიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ (იხ. ტ. 1 ს.ფ. 20-24).

4. ამჟამად მოსარჩელე მამასთან, ქ. ბათუმში, ......(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დედის საცხოვრებელი მისამართი ან დედის საცხოვრებელი ადგილი) მდებარე ბინაში, ხოლო მოპასუხე წალკის რაიონის სოფელ .....(შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მამის საცხოვრებელი ადგილი ან მამის საცხოვრებელი მისამართი) ცხოვრობს.

5. ბავშვები საკასაციო საჩივრის განხილვის დროისათვის დედასთან იმყოფებიან, ხოლო სარჩელის აღძვრის დროს, მამასთან (მოპასუხესთან) ცხოვრობდნენ. ისინი პირველი კლასიდან წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, ამჟამად კი, ..... საჯარო სკოლაში ირიცხებიან.

6. მოპასუხე (მამა) დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში, ყოველი კვირის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 08:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ყოველთვი. ხელფასის - 1000 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ.

7. მოპასუხესთან ერთად ცხოვრობენ ამ უკანასკნელის მშობლებიც, 57 წლის მამა - ი. ხ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის მამა), რომელიც ამჟამად უმუშევარია და ძირითად დროს ატარებს სახლში და 59 წლის დედა - ქ. ხ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის დედა).

8. 2016 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა. იმავე წლის 7 ოქტომბერს, სხვა სარჩელით, მან არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებლად, თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაც მოითხოვა. აღნიშნული საქმეები მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ერთ წარმოებად გაერთიანდა.

8.1. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მეუღლეები ერთად 13 წელი ცხოვრობდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხე მეუღლის მიმართ იჩენდა აგრესიას და ძალადობდა მასზე. ვინაიდან, გამწვავებული ურთიერთობის გამო, მეუღლეთა თანაცხოვრება შეუძლებელი იყო, მოსარჩელე ორივე შვილთან ერთად ქ. ბათუმში მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, მოგვიანებით, მოპასუხემ ბავშვები დაუკითხავად წაიყვანა თავის საცხოვრებელ ადგილზე და დედას შეუზღუდა შვილებთან ურთიერთობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბავშვები არიან მზრუნველობის გარეშე. მოპასუხე თანაცხოვრების პერიოდშიც არ აქცევდა ყურადღებას შვილებს, ის მათ აღზრდა-განვითარებაში არასდროს მონაწილეობდა. მოპასუხის სახლში ცხოვრობენ ასევე ამ უკანასკნელის მშობლები, რომლებიც ავად არიან და არ აქვთ შესაძლებლობა, სათანადო ყურადღება მიაქციონ შვილიშვილებს. გარდა აღნიშნულისა, ძალადობის გამო პოლიციამ მოპასუხის მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში, შვილების თანდასწრებით ავლენდა აგრესიას და ძალადობდა მასზე, შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საცხოვრებლად, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი უნდა განსაზღვრულიყო.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლეზე არასოდეს უძალადია. ბავშვები იზრდებოდნენ და იზრდებიან მშვიდად, მათთვის საუკეთესო ინტერესების შესაფერის გარემოში. მართალია მოსარჩელე საცხოვრებლად ქ. ბათუმში გადავიდა, თუმცა მას ბავშვები თავისთან არ წაუყვანია, არასრულწლოვნები დაბადებიდან, მუდმივად ცხოვრობდნენ მამის საცხოვრებელ მისამართზე. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას არასოდეს შეუშლია ხელი მოსარჩელისა და ბავშვების ურთიერთობისათვის. არასრულწლოვნები ზაფხულის არდადეგებზე გარკვეული დროით იმყოფებოდნენ კიდეც დედასთან ბათუმში. მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე არ არის შექმნილი ბავშვების ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები. საცხოვრებელი სახლი არის ოროთახიანი. გარდა ამისა, მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს მისი ძმაც, რომელიც ნასამართლებია ქურდობისთვის. შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ასეთ გარემოში ბავშვების ცხოვრება არ გამომდინარეობდა მათი საუკეთესო ინტერესებიდან.

მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე არ ზრუნავდა შვილებზე - არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ბავშვების აღზრდაში მას ეხმარებიან თავისი მშობლები. არასრულწლოვნები დაბადებიდან იზრდებოდნენ და იზრდებიან ბებიისა და ბაბუის გვერდით, ბებია და ბაბუა ზრუნავენ საკუთარ შვილიშვილებზე, ხოლო მოსარჩელის განცხადება, თითქოს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვებს საფრთხეს უქმნის - უსაფუძვლო იყო. მოპასუხემ განმარტა, რომ ის ცხოვრობს ორსართულიან სახლში, სადაც ბავშვებს აქვთ თავიანთი ოთახები, სამეცადინო კუთხე, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკით. მამის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვების ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობებია, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, ბავშვების საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება; ბავშვების საცხოვრებლად განისაზღვრა დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია გამოიყენა. სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დასკვნა:

11.1. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2016 წლის 28 ოქტომბრის დასკვნა, რომლის მიხედვით, შესწავლილ და შეფასებულ იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი. მოკვლევის შედეგად, სოციალურმა მუშაკმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მისი მამის - ვ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მამა) საკუთრებაა, არის კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ავეჯითა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელი ფართი არის 64 კვ.მ, სადაც განთავსებულია მისაღები, ორი საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა ტუალეტით. ოჯახში ყველა წევრი დასაქმებულია. თვითონ მოსარჩელე სერტიფიცირებული პედაგოგია და მუშაობს ბათუმის ..... სახელობის სკოლა - ლიცეუმში, მისი ყოველთვი. ხელფასი 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული შეფასების დროს დედისა და შვილების ურთიერთობა ვერ შეფასდა, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს მოპასუხემ ბავშვები სკოლიდან თვითნებურად და დაუკითხავად წაიყვანა წალკის რაიონში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დედას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მას გააჩნია ის აუცილებელი თანადგომის ქსელი მშობლის სახით, რომელიც იზრუნებს ბავშვებზე. დედის გადმოცემით, მისი ოჯახის შემოსავალი იძლევა იმის საშუალებას, რომ შვილები უზრუნველყოს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი პირადი ნივთებით. ამისათვის ოჯახს გააჩნია საკმარისი დრო და ენერგია. არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები და უთანხმოება არ უნდა ზღუდავდეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობას, რაც შემდგომში, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მათი ფიზიკური, კოგნიტი. თუ ფსიქოლოგი. განვითარების პროცესზე და შექმნას საფრთხე მათი საზოგადოების სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის (იხ. ტ.2, ს.ფ. 83);

11.2. წალკის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის 2016 წლის 8 ნოემბრის დასკვნა, რომლითაც შეფასდა მოპასუხის ოჯახური პირობები და საცხოვრებელი გარემო და გამოიკვეთა, რომ: მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ზოგადი მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. მოპასუხე შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს ორსართულიან, კეთილმოწყობილ საკუთარ სახლში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. სახლის გათბობას უზრუნველყოფს შეშის ღუმელი, მოწესრიგებულია სველი წერტილები. მათ აქვთ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეწევიან სასოფლო - სამეურნეო საქმიანობას. ხელფასითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მოპასუხის ოჯახი მატერიალურად სრულად უზრუნველყოფილია. არასრულწლოვნები დაბადებიდან ცხოვრობენ წალკის რაიონის სოფელ ....., დადიან .... საჯარო სკოლაში. გაკვეთილებზე დასწრების სიხშირე სასწავლო განრიგის შესაბამისია. ისინი დაკმაყოფილებული არიან სასკოლო ინვენტარით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ვიტამინიზირებული საკვებით და ა.შ. (იხ. ტ.2, ს.ფ.124-125);

11.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი. კვლევის შედეგები, რომლის საფუძველზეც, ფსიქოლოგმა აღნიშნა შემდეგი : ”შეფასების პროცესში ბავშვები დაგეგმილ შეხვედრაზე მოიყვანა მამამ, თავიდან შეხვედრა ჩატარდა მამასთან ერთად. გაცნობისა და რამდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა მამის გარეშე. ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ბავშვები მშობლების მიმართ ავლენდნენ მშობლიურ დამოკიდებულებას; დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ მშობლების განქორწინების შემთხვევაში აქვთ სურვილი, იცხოვრონ მშობლებთან ერთად: კერძოდ, იცხოვრონ დედასთან, შაბათ - კვირასა და არდადეგებზე მივიდნენ მამასთან; თუ იცხოვრებენ მამასთან, შაბათ - კვირასა და არდადეგებზე მივიდნენ დედასთან; ინტერვიუს განმავლობაში, ბავშვები მსჯელობდნენ შემდეგზე: უფროსი შვილი (ვაჟი) აღნიშნავდა, რომ შორი მანძილია მშობლების საცხოვრებლებს შორის და, დიდი სურვილის მიუხედავად, შაბათ - კვირას რთული იქნება ერთი მშობლისგან მეორესთან მისვლა; ქალიშვილი პასუხობდა, რომ მაინც იქნებოდა შესაძლებელი შაბათ - კვირას მეორე მშობელთან წასვლა. შეხვედრის განმავლობაში ბავშვებმა გამოთქვეს საპირისპირო მოსაზრებაც, კერძოდ აღნიშნეს, რომ მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ისინი იცხოვრებდნენ მამასთან, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხობდნენ დუმილით, საუბრისას დედის მიმართ გამოხატავდნენ მონატრებას, პოზიტიურ ემოციებს. ბავშვებთან შეხვედრას შემოუერთდა დედა; შეხვედრისას ბავშვების მიმართ გამოხატა სიხარული, აღტაცება, ჩაეხუტა შვილებს; დედის მხრიდან გამოხატულ დამოკიდებულებას ბავშვების ქცევითი და ემოცი. რეაგირება არ მოჰყოლია, აღნიშნულის საპასუხოდ ეს უკანასკნელები თავიდან იყვნენ დაძაბული, რამოდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ, აქტიურად გამოხატავდნენ პოზიტიურ ემოციებს დედის მიმართ, უზიარებდნენ აზრებსა და შთაბეჭდილებებს მრავალ საკითხზე. შეხვედრაზე ბავშვები დედასთან ერთად დაკავდნენ შეთავაზებული აქტივობებით, ქალიშვილი დედასთან ერთად აკეთებდა აპლიკაციას, დაამზადა სათამაშო სამკაულები დედისათვის. შვილები შეხვედრის განმავლობაში დედის მიმართ გამოხატავდნენ პოზიტიურ ემოციებს, გ. ეხუტებოდა, კოცნიდა, კალთაში იჯდა დედასთან; ვაჟი იყო შედარებით თავშეკავებული. ბავშვები დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ არ სურდათ შეხვედრის დასრულება; შედეგად შეხვედრა გაგრძელდა დაგეგმილზე მეტხანს; მომდევნო ერთობლივ შეხვედრაზე ბავშვები გაახარა დედასთან შეხვედრამ, ვიზიტი გაგრძელდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არასრულწლოვნები ინტერესითა და ხალისით ერთვებოდნენ დედასთან ერთად აქტივობებში, პასუხობდნენ დედის მიერ დასმულ კითხვებს, უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, არ სურდათ შეხვედრის დასრულება“.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ბავშვების განვითარება შეესაბამება მათ ასაკს, მათთვის მშობლების განქორწინება და მოცემულ მომენტში დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე. შვილები, მშობლების მიმართ ავლენენ მშობლიურ დამოკიდებულებას. მამასთან დაკავშირებით თავისუფლად გამოხატავენ დამოკიდებულებას; დედის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისას - გადმოცემული აზრი, ემოცია და ქცევა ეპიზოდურად არის შეუსაბამო; ერთი მხრივ, გამოხატავენ დედის მიმართ ძლიერ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მონატრებას, არ სურთ შეხვედრის დასრულება; მეორე მხრივ, თავიდან დედის თბილ დამოკიდებულებას პასუხობენ დაძაბულობით, თავშეკავებით, დედასთან მიმართებით (ურთიერთობასა და თანაცხოვრებასთან დაკავშირებით) ცვლიან აზრებს. მამა კატეგორიულია და თვლის, რომ ბავშვების აზრი ცალსახაა, მათი სურვილია მშობლების განქორწინების შემთხვევაში, იცხოვრონ მამასთან. მშობლის კატეგორიული დამოკიდებულება გავლენას ახდენს ბავშვზე; აღნიშნულ გარემოში რთულდება ბავშვის მხრიდან მეორე მშობლის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამომჟღვავნება” (იხ. ტ.2, ს.ფ. 126-129);

11.4. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივლისს, მოპასუხე, საღამოს საათებში, მივიდა მსხვერპლის - მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსხვერპლსა და მსხვერპლის დედას - ნ.ჩ–ძეს, რის საფუძველზეც მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციის განყოფილებას; აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 15 ივლისის აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი, მოპასუხის მიმართ; „მოძალადეს (მოპასუხეს) აეკრძალა იმ ადგილას მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მოსარჩელე ცხოვრობს (ქ. ბათუმი, ......). მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აეკრძალა ნებისმიერი ფორმით კონტაქტი (ტელეფონით, სოც. ქსელის - ინტერნეტის მეშვეობით), აეკრძალა იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით სარგებლობა (იხ. ტ. 1 ს.ფ. 20-24).

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ბავშვების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებით, განმარტა, რომ, ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლისა და ბავშვის ინტერესებს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა - განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი;

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ ბავშვების ასაკის, მშობლების ოჯახური პირობებისა და დედმამიშვილების ინტერესების გათვალისწინებით (რაც, უწინარესად, მათ ერთად ცხოვრებას გულისხმობს), არასრულწლოვნების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილი, მართებულად განისაზღვრა;

13.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის კატეგორიული მიდგომა საკითხისადმი, რომ არასრულწლოვნებმა უნდა იცხოვრონ მამასთან, გავლენას ახდენდა ბავშვებზე, რაც ხელს უშლიდა დედასთან მშობლი. ურთიერთობის შენარჩუნებას და მშობელთან გაუცხოვებასა და მიჯაჭვულობის რღვევას იწვევდა, აღნიშნული კი, უარყოფითად აისახებოდა ბავშვების ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ განვითარებაზე. პალატამ დაასკვნა, რომ მხარეთა მეორე შვილი (გ. ) განსაკუთრებით იტანჯება დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტით, რაც დასტურდებოდა საქმეში განთავსებული ფსიქოლოგი. გამოკვლევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა. კასატორის მტკიცებით :

14.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის დაკმაყოფილებით, უხეშად დაარღვიეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლები;

14.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ბავშვების უპირატესი ინტერესები და მათი თავისუფალი ნება, ასევე - ის შედეგები, რაც ბავშვების საცხოვრებლის შეცვლას, მეგობრების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჩამოშორებას მოჰყვება. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამოკითხულ იქნა ორივე არასრულწლოვანი და თითოეულმა მათგანმა გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება ბათუმში, დედასთან საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით;

14.3. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადასტურდა, რომ არასრულწლოვნებს მამასთან შექმნილი აქვთ თბილი ოჯახური გარემო, სასამართლომ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასკვნა, რომ არასრულწლოვნებს უკეთესი პირობები შეექმნებათ დედასთან, მათი ამჟამინდელი საცხოვრებლიდან 691 კილომეტრის დაშორებით;

14.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნებმა სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება - საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ მამასთან. შესაბამისად, სასამართლოებმა უგულებელყვეს არასრულწლოვნებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად აერჩიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით დააკმაყოფილეს, რომ ბავშვებს დედასთან ურთიერთობაც ესაჭიროებათ;

14.5. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ არცერთი ბავშვი არ არის მცირეწლოვანი, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, დამოუკიდებლად უზრუნველყონ თავიანთი საჭიროებები. ამასთან, ბავშვებზე მუდმივად ზრუნავს მამა, ბაბუა და მოწინააღმდეგე მხარის დედა – ბებია, რომელიც წალკაში მოპასუხის მომიჯნავედ ცხოვრობს;

14.6. მხედველობაშია მისაღები, რომ მოპასუხე შვილების დაბადებიდან დღემდე ზრუნავს მათი საუკეთესო ინტერესებისა და თბილი ოჯახური გარემოს შექმნაზე, სადაც ისინი შეძლებენ ფიზიკურად, გონებრივად, სულიერად და ზნეობრივად განვითარებას და აღიზრდებიან საზოგადოების ღირსეულ წევრებად. მოპასუხე დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში და მისი ყოველთვი. შემოსავალი - 1000 ლარია. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან უძრავი ქონებით, ისინი ცხოვრობენ ორსართულიან სახლში, სადაც ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი, სამეცადინო კუთხე, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკით. ოჯახი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს;

14.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებით დადასტურდა, რომ ბავშვებს მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ასევე დედის დედასთან (ბებიასთან) აქვთ თბილი დამოკიდებულება და მათ მიმართ ნდობასა და მიჯაჭვულობას გამოხატავენ. ისინი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ინტეგრირებულნი არიან მამის ოჯახში. შესაბამისად, ბავშვების მამა, დედისგან განსხვავებით, სრულად უზრუნველყოფს არასრულწლოვნებისთვის იმ გარემოს შექმნას, რაც აუცილეებლია მათი სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის;

14.8. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ასახა გასაჩივრებულ განჩინებაში მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ძალადობის ფაქტობრივი გარემოება. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაედგინა, გამოეკვლია და გადაწყვეტილება დაემყარებინა იმ ფაქტზე, რასაც სადავო საკითხთან შემხებლობა არ აქვს;

14.9. არასრულწლოვნებისთვის საცხოვრებელი ადგილის, გარემოსა და სკოლის შეცვლა გამოიწვევს მათ ასოციალიზაციას საზოგადოებაში, პრობლემები შეექმნებათ თანატოლებში თავის დამკვიდრების პროცესში, რაც დააზიანებს ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობას და მათში გამოიწვევს აგრესიას გარშემომყოფების მიმართ. აღნიშნული მითითებები გაცემულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რომლებიც განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს;

14.10. სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა არასრულწლოვნების უარყოფითი, გაუცხოებული დამოკიდებულება დედისადმი, კერძოდ კი ის, რომ მათ დედის ნახვა არ ისურვეს;

14.11. მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის ფართი არის 63.48 კვ.მ, რაც არ არის საკმარისი ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აზრდისა და მათი განვითარებისათვის. სველი წერტილები მდებარეობს ეზოში, მათ საცხოვრებელ ადგილას არ არის შექმნილი ბავშვების სათანადო აღზრდისათვის საჭირო პირობები. გარდა ამისა, მოსარჩელემ თავადვე განმარტა, რომ ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ აპირებს ის ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას;

14.12. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა ვაჟმა გაიხსენა, თუ როგორ ამუშავებდნენ მას ზაფხულში, ბათუმში ყოფნის დროს, მოსარჩელის მამა და დედინაცვალი ხილისა და ბოსტნეულის მოვაჭრედ, შესაბამისად, უსაფუძვლოა არასრულწლოვნის მიერ მსგავსი დასაბუთებისა და ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდების შემდეგ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დასკვნა;

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დაინიშნა. 2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე, პალატამ უშუალოდ მოუსმინა როგორც ბავშვებს, ისე - მხარეებს და იმავე სხდომაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, დაავალა ბავშვების სოციალური გარემოსა და მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა, ასევე, შესაბამისი დასკვნის (ფსიქოლოგი. გამოკვლევის) საკასაციო სასამართლოსთვის წარმოდგენა. საოჯახო საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (შდრ. სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1201.2 (შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) მუხლი.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვნების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, სახელდობრ, მისი ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან, ვინაიდან მოპასუხე, მოსარჩელისაგან (დედისგან) განსხვავებით, სრულად უზრუნველყოფს არასრულწლოვნებისთვის იმ გარემოს შექმნას, რაც აუცილებელია მათი ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის. ბავშვები დაბადებიდან ცხოვრობენ მამის საცხოვრებელ ადგილზე, შესაბამისად, გარემოსა და სკოლის შეცვლა მათთვის მატრავმირებელი იქნება. გარდა ამისა, არასრულწლოვნებს უარყოფითი და გაუცხოებული დამოკიდებულება აქვთ დედისადმი და მათი სურვილი არა დედასთან, არამედ მამასთან ცხოვრებაა. კასატორის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია, რადგანაც:

19.1. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის, უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ).

19.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის მისამართის განსაზღვრა, სრულად შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.

19.3. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს საკასაციო პალატას აძლევს საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგი. გამოკვლევის შედეგები, სახელდობრ, 2016 წლის 14 დეკემბრის დასკვნის თანახმად, რომელიც მომზადდა ბავშვების მამის საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრების პერიოდში, დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე. არასრულწლოვნები საუბრისას დედის მიმართ გამოხატავდნენ მონატრებას, დადებით ემოციებს, უზიარებდნენ მას აზრებსა და შთაბეჭდილებებს სხვადასხვა საკითხებზე. აღნიშნავდნენ, რომ არ სურდათ შეხვედრის დასრულება, შედეგად შეხვედრა გაგრძელდა დაგეგმილზე მეტხანს; მომდევნო ერთობლივ შეხვედრაზე არასრულწლოვნები გაახარა დედასთან შეხვედრამ, ვიზიტი გაგრძელდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბავშვები ინტერესითა და ხალისით ერთვებოდნენ დედასთან ერთად აქტივობებში, პასუხობდნენ დედის მიერ დასმულ კითხვებს, უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, არ სურდათ შეხვედრის დასრულება.

19.4. საკასაციო სასამართლოში ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ მოუსმინა სასამართლომ. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება დედასთან ურთიერთობასა და ახალ გარემოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მართალია, 2019 წლის 12 თებერვლის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი გარემოს შეცვლამ და ბავშვების დედასთან საცხოვრებლად გადასვლამ ვაჟის შემთხვევაში, სავარაუდოდ გამოიწვია ადაპტირების პრობლემა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ბავშვი უკეთ მოახერხებს მისთვის ახალ გარემოსთან შეგუებას. ქალიშვილის შემთხვევაში, ადაპტირების პრობლემა არ ჩანს, საუბრისას გამოხატავს პოზიციას, რომ დედასთან ყოფნა მოსწონს. ის, რომ ვაჟმა შედარებით რთულად მიიღო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, არ ნიშნავს, რომ მას დედასთან არ უნდა ყოფნა, პირიქით, დედასთან ცხოვრებამ შეავსო იმ ურთიერთობის დანაკლისი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვებისთვის, რადგან, ამ ასაკში დედასთან ურთიერთობის არ ქონა, იწვევს მთელ რიგ ემოციურ სირთულეებს (პასიურობას, დანაშაულის გრძნობას, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემებს, შიშს, დეპრესიასა და მორჩილებას). ამ მხრივ როდესაც მოგვარდა დედასთან ურთიერთობა, სავარაუდოდ სხვა ცვლილება ბავშვებისთვის არ იქნება გამოსავალი, მივიღებთ საცხოვრებელი სისტემის ხშირ ცვლას, ხოლო დედასთან დამყარებული სანდო ემოცი. კავშირის გაწყვეტა შესაძლებელია იყოს საზიანო. მითუმეტეს, რომ ვაჟი იმყოფება პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში და მომატებული აქვს ასაკობრივი და პიროვნული შფოთვის დონე, ქალიშვილი კი, ასაკობრივი ცვლილებების დასაწყისშია და განსაკუთრებით საჭიროებს დედის მხარდაჭერასა და თანადგომას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დედამ მოიპოვა ნდობა და გაღრმავდა კომუნიკაცია, ხელი უნდა შეეწყოს დედასა და შვილებს შორის ადაპტაციის პროცესს სტაბილურ რეჟიმში.

19.5. აქვე საკასაციო პალატა მოიშველიებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებებს, რომელთა თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი სურვილი ეცხოვრათ მამასთან.

20.1. პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (შდრ. Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).

20.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

20.3. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს ბავშვების დამოკიდებულება დედის მიმართ. ფსიქოლოგი. გამოკვლევის შედეგებიდან კი, ნათლად იკვეთება ბავშვების დადებითი განწყობა დედის მიმართ. ისინი გამოხატავდნენ მონატრებას და არ სურდათ დედასთან შეხვედრის დასრულება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ბავშვების საკუთარ შეხედულებას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა მათი სურვილები.

21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, არასრულწლოვნების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

23. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ეფექტიან აღსრულებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რათა დაცული იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და სასამართლოს მიერ დადგენილი წესით მოხდეს ბავშვის ფსიქო-ემოცი. მომზადება დედის საცხოვრებელ ადგილას გადასასვლელად. კასატორს, რომელიც ბავშვის მამაა, ევალება საკუთარი შვილის უპირატესი ინტერსების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მშობლის ზნეობრივი მოვალეობაცაა და გამიზნულია ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის, ამასთან, მამას არ ეზღუდება საკუთარ შვილთან ურთიერთობასა და მის აღზრდაში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნებისმიერმა პროცესუალურმა დაყოვნებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე, რაც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფას გამოიწვევს (იხ. საჰინი გერმანიის წინააღმდეგ; Sahini v. Germany; No 30943/96, 8.7.03, par. 65).

24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

25. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.3-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი