Facebook Twitter

საქმე №ას-134-2019 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. მ–ი, ს. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ვ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვემ) ლ. მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს თ. გ–ის და ლ. თ-ს მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სარჩელში მესამე პირად მითითებული იყო ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური.

ლ. თ-მ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-მ.

2006 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ს. შ-ის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს ს. შ-ის ცნობა თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ მისი გარდაცვალების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ს. შ-ის შუამდგომლობა თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს. შ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2018 წლის 18 დეკემბერს ლ. მ–მა და ს. შ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის კანონიერი წარმომადგენლის (მეურვის) ლ. მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ ლ. თ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ს. შ-ის შუამდგომლობა თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ვ-ის უფლებამონაცვლემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო ლ. მ–ის და ს. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი მათ მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საკასაციო წესით შეიძლება გაასაჩივრონ მხოლოდ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორები არ არიან მოცემულ საქმეში არც მხარეები და არც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ამავე დროს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებში მითითებული საფუძვლებითა და პროცედურით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შინაარსით ირკვევა, რომ კასატორები ფაქტობრივად მიუთითებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა [კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე] და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით [კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას] განსაზღვრულ წინაპირობებზე. კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორები მიუთითებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად დაადგინა თ. ვ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ს. შ-ი, როგორც თ. ვ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე არ იქნა მიწვეული სასამართლოში მოცემული საქმის განხილვაზე. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათთვის ცნობილი გახდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის N1-... წერილის თაობაზე, რომლის თანახმად ს. შ-ზე გაცემული ანდერძი არ არის გაუქმებული, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი მოთხოვნა კასატორებმა უნდა წარადგინონ განცხადების (და არა საკასაციო საჩივრის) სახით, იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. ასეთ სასამართლოს კი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ლ. მ–ის და ს. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 13.11.2018წ. გადაწყვეტილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 10.08.2018წ. გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 14.09.2006წ. და 03.12.2018წ. გაცემული დამოწმების ფურცლები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ნოტარიუს ეკატერინე ცხადაძის 2018 წლის 5 დეკემბრის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „12“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 614-625).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე, 275-ე, 399-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. მ–ის და ს. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 13.11.2018წ. გადაწყვეტილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 10.08.2018წ. გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 14.09.2006წ. და 03.12.2018წ. გაცემული დამოწმების ფურცლები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ნოტარიუს ეკატერინე ცხადაძის 2018 წლის 5 დეკემბრის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „12“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 614-625);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური