Facebook Twitter

საქმე №ას-875-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ., ე. და მ. გ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „კ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი, კრედიტორი ან იპოთეკარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., ე. და მ. გ-ების (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტები, კასატორები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, მეორე მოპასუხე _ როგორც სოლიდარული თავდები, ხოლო მესამე მოპასუხე _ როგორც მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვა:

i პირველი და მეორე მოპასუხისათვის 13 253,20 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება (საიდანაც სესხის ძირ თანხას შეადგენს 8 060,79 აშშ დოლარი, გადაუხდელ სარგებელს _ 4 261,33 აშშ დოლარი, საკომისიოს _ 157,35 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს (0,27%) _ 171,65 აშშ დოლარი, ჯარიმას (5%/არანაკლებ 2 ლარისა) 39,58 აშშ დოლარი);

ii დავალიანების დაფარვის მიზნით მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #8-..., შემდგომში _ იპოთეკის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი დავალიანების დასაფარად, კრედიტორმა ასევე მოითხოვა მსესხებლისა და სოლიდარული თავდების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 25 დეკემბერს კრედიტორსა და პირველ მოპასუხეს შორის 240 თვის ვადით გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50 000 ლარით, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ხელშეკრულების 5.1. მუხლის მიხედვით, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გაცემული (გასაცემი) სესხების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (12.06.2017წ. მონაცემებით იპოთეკის საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესამე მოპასუხე). 2015 წლის 26 დეკემბერს პირველ მოპასუხესთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 9 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, ყოველთვიურმა კლებადმა საპროცენტო სარგებელმა შეადგენა 1,8 პროცენტი (3.14 მუხლი). გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირითადი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (3.15 მუხლი). მეორე მოპასუხესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა სოლიდარული ვალდებულება, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება და 2016 წლის 4 დეკემბრის შემდგომ უკვე იმყოფება ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაში.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მსესხებელსა და სოლიდარულ თავდებს გამსესხებლის სასარგებლოდ, დაეკისრათ 13 253,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა, საიდანაც 8 060,79 აშშ დოლარი, 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირია, 4 261,33 აშშ დოლარი _ სარგებელია, 562,50 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებაა,, ხოლო, 171,65 აშშ დოლარი და 39,58 აშშ დოლარი _ ჯარიმა. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი, ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვალდებულების დაფარვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სარეალიზაციოდ მიექცეოდა პირველი და მეორე მოპასუხის კუთვნილი სხვა ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ღირებულების, ჯარიმისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს სესხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი კანონიერება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვეღარ გახდება (იხ. სსსკ-ის 264-ე მუხლი). თავად გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება კი, ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელესა პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხით ხაზის მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 26 დეკემბერს მსესხებელზე გაიცა 9 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით. სესხის ყოველთვიურმა კლებადმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 1,8%. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობისას მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმაზე (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 0,27%). მხარეთა შორის გაფორმდა ასევე სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;

1.2.2. 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 25 დეკემბერს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება (ს/კ #ს.კ. 8-...; 12.06.2017წ. ამონაწერის თანახმად, იპოთეკის საგნის მესაკუთრეა მესამე მოპასუხე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება);

1.2.3. 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელეს თავდების განცხადებით მიმართა მეორე მოპასუხემ, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე;

1.2.4. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება;

1.2.5. ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სწორად იქნა მოძიებული/განმარტებული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 302-ე, 417-ე, 867-ე, 895-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლი და იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევა (სკ-ის მე-400 მუხლი), მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი (მხარეები გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ მხოლოდ იმას, რომ საქმის გარემოებები არ არის გამოკვლეული, ხოლო იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოპასუხეთა ერთადერთ საცხოვრისს, და საბანკო სექტორში განსახორციელებელი ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ მდგომაროებას). საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ი. ე-ას მიერ 09.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ., ე. და მ. გ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: გ. გ-ს (პ/#3-...) ე. გ-სა (პ/#1-...) და მ. გ-ს (პ/#3-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ი. ე-ას მიერ 09.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური