Facebook Twitter

საქმე№ას-1221-2018 8 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.უ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გენერალ გ.კ–ძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.უ. (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, მასწავლებელი, კასატორი), 2012 წლიდან უვადოდ მუშაობდა სსიპ გენერალ გ.კ–ძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი, ლიცეუმი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 816 ლარს (დაბეგვრის გარეშე) შეადგენდა (იხ. გადაწყვეტილება ტ.2, ს.ფ. 6).

2. მოსარჩელის წინააღმდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N041271216004 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ქურდობის მცდელობა). მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება, რომელიც შემდეგ შეწყდა ბრალდებაზე უარის თქმის გამო (იხ. ტ.1, ს.ფ. 61, 66-67, 68-69).

3. მოსარჩელემ 2016 წლის 30 დეკემბერს დამსაქმებელს მიმართა და, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა (იხ. ტ.1, ს.ფ. 19).

4. ლიცეუმის 2016 წლის 30 დეკემბრის NMOD81600000214 ბრძანებით, მოსარჩელესთან, 2017 წლის 1 იანვრიდან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, შრომითი ხელშეკრულების 6.4 ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ.ტ.1, ს.ფ. 20).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 დასაქმებულმა 2017 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა 2016 წლის 30 დეკემბრის NMOD 8 16 00000214 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

5.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1, 3-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს, ლიცეუმის დირექციის მოთხოვნით, ადმინისტრაციულ კორპუსში გამოცხადდა, სადაც ლიცეუმის დირექტორს, მოადგილეებსა და იურისტს შეხვდა. იურისტმა გააცნო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელს დაუყოვნებლივ და საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამსახური.

5.3 მოსარჩელის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დირექციის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მისი სამუშაო პირობები საგრძნობლად გაუარესდა. 2016 წლის 30 დეკემბრის შეხვედრაზე კი, მტრულ, დამაშინებელ და დამამცირებელ გარემოს ვეღარ გაუძლო და იძულებული გახდა, ადმინისტრაციის მოთხოვნა შეესრულებინა. ადმინისტრაციის მიერ სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო, მასწავლებელმა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ, 2016 წლის 29 დეკემბერს, სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილეს და ერთ-ერთ მასწავლებელს უამბო, რომ სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, რის გამოც მძღოლთან კონფლიქტი მოუვიდა, ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის უკეთ გაცნობის მიზნით, დირექტორის მოადგილემ, იმავე წლის 30 დეკემბერს მოსარჩელეს დაურეკა, ტელეფონი სხვა მასწავლებელმა აიღო. დირექტორის მოადგილემ მას უთხრა დასაქმებულისათვის გადაეცა, რომ ეს უკანასკნელი ლიცეუმის ადმინისტრაციის შენობაში გადასულიყო. მასწავლებელი ადმინისტრაციის შენობაში გადავიდა, რა დროსაც დირექციის წევრები ზამთრის არდადეგების შესახებ საუბრობდნენ, ამიტომ ლიცეუმის იურისტმა დასაქმებული თავის კაბინეტში მიიპატიჟა, სადაც ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ისაუბრა, უფრო მეტიც, იურისტს ინციდენტის შესახებ მოუყვა და ეს ფაქტიც ჯანმრთელობის გაუარესებას დაუკავშირა.

6.2 მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის განცხადება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუარესდა, უსაფუძვლოა, ვინაიდან მასწავლებელმა 2016 წელს, დირექტორის ბრძანებით, წამახალისებელი ფულადი პრემია სამჯერ მიიღო.

6.3 ადმინისტრაციის შენობაში, დასაქმებულმა საკუთარი ხელით დაწერილი განცხადება, რომლითაც ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა, პირადად წარადგინა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან დაკმაყოფილდა.

6.4 მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ზეწოლა არ განხორციელებულა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 30 დეკემბრის NMOD81600000214 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ. დასაქმებული აღდგენილ იქნა ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოდან დათხოვნის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური ხელფასის 816 ლარის გათვალისწინებით.

7.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 32-ე და 42.1 მუხლებით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით და 23-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით; ევროპის სოციალური ქარტიის 4.4-ე და 24-ე მუხლებით; სშკ-ის პირველი მუხლის მესამე ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, 38-ე მუხლის მერვე ნაწილით და 44-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8, 115-ე, 50-ე, 54-ე, 319-ე, 399-ე, 408-ე, 411-ე, 414-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.

7.3 სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, არც გამოძიების პროცესში და არც გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის რაიონულ პროკურატურასა და ლიცეუმს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

7.4 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო, დადგენილიყო დასაქმებულის მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას, ვინაიდან მოსარჩელე იძულების ფაქტს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმეობას უკავშირებდა.

7.5 საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების (საქმისმწარმოებლის ახსნა-განმარტება) და მოწმეთა ჩვენებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის განცხადება, ლიცეუმის თანამშრომლებისათვის მოულოდნელი და უცნობი იყო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სამსახურიდან წასვლის განცხადება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაწერა, რაც, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებისას გამოხატული დამოკიდებულებით დადასტურდა.

7.6 სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს განცხადების დაწერა დამსაქმებელმა აიძულა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა მოსარჩელის შესაძლო დაპატიმრებაზე ან/და მაღალი ფულადი ჯარიმის დაკისრებაზე მიუთითა, რაც პირადი განცხადებით წასვლაზე მასწავლებლის მუქარით დაყოლიების საფუძველი გახდა.

7.7 სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, მოპასუხეს არ ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბერკეტი, თუმცა, ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს უქმნიდა რწმენას, რომ მოპასუხის ჩარევის შედეგად, შესაძლო იყო მის მიმართ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებულიყო.

7.8 სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელეს კადეტების აღზრდის მორალური უფლება არ აქვს, არასწორია, ვინაიდან, თავისთავად პირის ნასამართლეობა (რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა), არ შეიძლება სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების საფუძველი გახდეს. პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა (ასეთის არსებობისას) არ არის ყველა პირისათვის ხელმისაწვდომი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის - კადეტებისთვის და ინფორმაციის გავრცელებამ, გამავრცელებელი პირის მიმართ, შეიძლება, კანონით გათვალისწინებული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

7.9 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოქალაქის მიერ მართლსაწინააღმდეგო გადაცდომის ჩადენა, საზოგადოებრივ გაკიცხვას იმსახურებს. სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით არ აპირებს, სამართალდარღვევა წაახალისოს, თუმცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულმა დამსაქმებლის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, მოსარჩელე დაიბარა და სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე უფლებამოსილი ორგანოს (პროკურატურის, სასამართლოს) საბოლოო გადაწყვეტილებას არ დაელოდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება მის ნამდვილ შინაგან ნებას არ ასახავდა და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა მიჩნეულიყო, რადგან იგი არა სამსახურის მიტოვების, არამედ მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით იყო გამოვლენილი.

7.10 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებული თანამდებობაზე უვადოდ იყო დანიშნული, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაწერილი განცხადების საფუძველზე და იძულებითი განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (ლიცეუმმა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.2 აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა და იგი არასწორად განმარტა.

8.3 აპელანტის მტკიცებით, მოპასუხის დაკავება ქურდობის ფაქტზე სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა.

8.4 აპელანტმა სადავოდ გადახდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დასაქმებულს მორალური უფლება არ აქვს, კადეტებს ასწავლოს. აპელანტის მტკიცებით, ამას 2017 წლის 18 დეკემბრის სხდომის ოქმიც ადასტურებს.

8.5 სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოწმეების: მ.ო–ძის (შემდეგში: პირველი მოწმე), ლ.ფ–ის (შემდეგში: მეორე მოწმე) და გ.ბ–ძის (შემდეგში: მესამე მოწმე) ჩვენებებზე და იმაზე, რომ მათ მოსარჩელის ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცოდნენ. პირველმა და მეორე მოწმეებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ დასაქმებულის ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ, ხოლო დასაქმებულმა მათ საკუთარი გადაწყვეტილება არ გაანდო.

8.6 აპელანტის განმარტებით, თანამდებობა, რომელიც დასაქმებულმა თავისი ნებით დატოვა, ვაკანტური აღარაა და ამ თანამდებობაზე მისი აღდგენა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამავე თანამდებობაზე დანიშნული პირის უფლებები დაირღვევა.

8.7 სააპელაციო პრეტენზიის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მთავარი არსი მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერ განმარტებაზეა აგებული, რომელიც რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული. მოსარჩელემ ვერც ერთი მოწმის წარდგენა ვერ შეძლო, რაც მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას (ზეწოლის ფაქტს) დაადასტურებდა, ხოლო მოპასუხემ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი გამორიცხა, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამყარებით. ამასთან, დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში მითითებული ავადმყოფობის ფაქტი, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.

8.8 აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ დასაქმებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოება მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზეზი გახდა.

8.9 აპელანტის განმარტებით, სასამართლო საკუთარ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ეწინააღმდეგება (იხ.სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.16 ფაქტობრივი გარემოება, ტ.2, ს.ფ 11), რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმეზე, არც გამოძიების პროცესში და არც გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის რაიონულ პროკურატურასა და ლიცეუმს კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რაც მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულებას ან ზეწოლას გამორიცხავს.

9 . სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დასაქმებულის (მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

9.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ნება ვლინდება ყველგან, თუმცა ყოველი მათგანი სამართლებრივ შედეგს როდი იწვევს; რადგან სამართალი ნების გამოვლენას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი განსაზღვრულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო, მეორე მხრივ კი - ფორმალური წინაპირობები. პირველში პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა) იგულისხმება, ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. იმისათვის, რომ ნების გამოვლენას შედეგი მოჰყვეს, აუცილებელია გამოვლენილი ნება იყოს ნამდვილი, ანუ ნების გამომვლენს, ასაკის გამო, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ნების შედეგი და, მეორე მხრივ, მისი ჯანმრთელობა ნების გამოვლენის აღქმის შესაძლებლობას უნდა უქმნიდეს. ხშირია შემთხვევა, როცა ნება ფორმალურად ნამდვილს ჰგავს, მაგრამ ის ნამდვილი არაა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს უსაფუძვლო ან საფუძვლიანი შიში, მოტყუება, ფაქტობრივი გარემოების შეცდომით აღქმა, სტრესი, მაღალი ემოციური ფონი და ა.შ. ასეთი ნების გამოვლენისას, დაინტერესებული პირის ნება ფორმალურად, გარეგნული გამოხატულებით, ნამდვილს ჰგავს, მაგრამ იგი ნების გამომვლენის ნამდვილ ნებას არ ასახავს. უსაფუძვლო შიში, მოტყუება, ემოციური ფონი და ა.შ. რომ არა, იგი მსგავს ნებას არ გამოავლენს.

9.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი დავა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას მოითხოვს. უაღრესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც სშკ-ის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.

9.5 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ (დასაქმებულმა) განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და, ავადმყოფობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა უნდა გაირკვეს, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევა, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი იყო, მაშინ ეს წარმოადგენს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წინაპირობას შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად.

9.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნების გამოვლენის ნამდვილობა განმარტებულია სსკ-ის 51-ე მუხლში, რომელიც აწესრიგებს მხოლოდ იმ ნების გამოვლენას, რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). ეს ნორმა გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე - ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენის მიმართ. მოითხოვს თუ არა ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს. როგორც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის დანაწესიდან ჩანს, დასაქმებულმა საკუთარი ნება წერილობითი განცხადებით უნდა გამოავლინოს, ანუ, შრომის კოდექსმა, ასეთი ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის ორი წინაპირობა დაასახელა: წერილობითი ფორმა - განცხადება და მისი მეორე მხარის (დამსაქმებლის) მიერ მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის პირველი წინაპირობა, წერილობითი ფორმა (განცხადება) დაცულია, მეორე წინაპირობის - ,,დამსაქმებლის მიერ მისი მიღება’’ უნდა შემოწმდეს სსკ-ის 51-ე მუხლთან მიმართებით.

9.7 სასამართლომ სსკ 51-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ,,ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა“ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შემდეგაც, იგი იურიდიულ ძალას იძენს. იმის გამო, რომ ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგი გარიგების მეორე მონაწილისათვის შესაძლოა საზიანო იყოს, 51-ე მუხლი გამოვლენილი ნების ადრესატამდე მისვლას მოითხოვს და განსაზღვრავს დროის მომენტს, როცა ნება მისულად ჩაითვლება და, შესაბამისად, იწვევს მის ნამდვილობას. ასეთ მომენტად მიიჩნევა ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღება.

9.8 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს შედგენილი განცხადების საფუძველზე, იგი იმავე დღეს გათავისუფლდა სამსახურიდან, შესაბამისად, მეორე წინაპირობაც დაცული იყო.

9.9 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების უარყოფის უფლებას აძლევს, რაც გარკვეულწილად ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებას ეწინააღმდეგება; თუკი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების მიღებაზე უარის თქმის უფლება ექნება, მაშინ ცალმხრივი ნების გამოვლენით მისაღწევი სამართლებრივი შედეგი შეუძლებელი ხდება. ამ მუხლში აღნიშნული უარის უფლებას გერმანიის სამოქალაქო კოდექსი თვით ნების გამომვლენს ანიჭებს და არა - გარიგების მეორე მხარეს. თუკი ნების გამომვლენი თავის ნებას დაუყოვნებლივ გამოიხმობს, მაშინ მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ ჩაითვლება და სამართლებრივი შედეგი აღარ დადგება.

9.10 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თუკი მიიჩნეოდა, რომ ზემოხსენებულ მუხლში მოცემული უარის უფლება ნების გამომვლენს ეკუთვნის, მაშინ მან თავისი ნება დაუყოვნებლივ უნდა გამოიხმოს. განსახილველ შემთხვევაში კი უდავო იყო, რომ დასაქმებულს საკუთარი ნება დაუყოვნებლივ არ გამოუხმია.

9.11 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კანონით დადგენილი ფორმა დაცულია (წერილობითი), რაც შეეხება იმას, ფორმის დაცვით გამოვლენილი ნება არის თუ არა ნამდვილი (სხვა კრიტერიუმებით) - სასამართლოს კვლევის თემაა, კერძოდ, დასაქმებულის განცხადებაში მითითებული მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესებაა. საქმეში წარდგენილი ფაქტებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ავადმყოფობდა (ეს მხარემ ის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა). შესაბამისად, გათავისუფლების საფუძვლის (ჯანმრთელობის გაუარესება) მართებულობა ეჭვქვეშ არ დგება, რასაც საქმეში წარდგენილი 01.03.2017 წლის ცნობაც ამყარებს, რომლის თანახმად მოსარჩელემ 2016 წლის განმავლობაში სამკურნალო შვებულებით 54 კალენდარული დღე ისარგებლა. დამსაქმებელმა მოსარჩელის ავადმყოფობის შესახებ იცოდა და, ობიექტური დამკვირვებლის თვალში, ასეთ პირობებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულიად ლოგიკური იქნებოდა;

9.12 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ იძულებას უტყუარად დაადასტურებდა, რამაც დასაქმებულის მიერ განცხადების დაწერა განაპირობა. ფსიქოლოგიური იძულების სამტკიცებლად მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები არაა საკმარისი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებენ, რომ მათ მოსარჩელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იცოდნენ.

9.13 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საკმარისი და უტყუარი საფუძველი არ შეიძლება იყოს მოსარჩელისადმი სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებისას გამოხატული დამოკიდებულება, მით უფრო, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის რაიონულ პროკურატურასა და ლიცეუმს შორის, არც გამოძიების პროცესში და გამოძიების შეწყვეტის შემდეგაც, რაიმე კომუნიკაცია არ შემდგარა.

9.14 სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს გარემოება განსახილველ საქმეს არ უკავშირდებოდა და სასესხო ვალდებულებების არსებობა/არარსებობა არ შეიძლება დასაქმებულის მიერ განცხადების იძულებით დაწერას და სადავო ბრძანების ბათილობას საფუძვლად დაედოს.

9.15 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, იმავე სასამართლოში აპელანტის მიერ გამოხატულ პოზიციაზე, ყოფილი დასაქმებულის მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (მოსარჩელეს ბინა აქვს გაქირავებული თბილისში, ასევე მატერიალურ დახმარებს იღებს გერმარიაში მცხოვრები ქალიშვილისგანაც), რაც დასაქმებულს არ გაუპროტესტებია;

9.16 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, 2016 წლის 30 დეკემბრის ცალმხრივი გარიგების არანამდვილად მიჩნევის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ბრძანების გამაბათილებელი გარემოებაც.

10 . საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 დასაქმებულმა (მასწავლებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება მისი გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10.2 კასატორის განმარტებით, ლიცეუმის იურისტმა მოსარჩელეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლით მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იურისტი იზრუნებდა, რომ მასწავლებელი პასუხისგებაში მიცემულიყო.

10.3 კასატორი აღნიშნავს, რომ ლიცეუმი დახურული დაწესებულებაა და რიგით მოქალაქეს იქ მოხვედრა არ შეუძლია, შესაბამისად, გარეშე პირები, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან, არ არსებობენ, ხოლო სამსახურში დასაქმებული პირები დამსაქმებელზე (მოპასუხეზე) დამოკიდებულები არიან და ბუნებრივია, დამსაქმებლის წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემდნენ. შესაბამისად, მათ ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება, თუმცა, მოწმეებმა განმარტეს, რომ მათთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ დასაქმებულს არაფერი უთქვამს.

10.4 მოსარჩელე მხარემ იძულების შესახებ იმავე დღესვე გენერალურ ინსპექციას აცნობა და ზემოქმედების ფაქტზე, საჩივრის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. დასაქმებულის პრეტენზიის შესახებ გათავისუფლების ბრძანების დაწერამდე გენერალური ინსპექციისა და თავად ლიცეუმის დირექტორისათვის ცნობილი იყო.

10.5 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს ბანკის მიმართ ვალდებულებები აქვს შესასრულებელი და სხვა სახის შემოსავალი არ გააჩია. სამსახური მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა და სწორედ ამ ხელფასით, ბანკის და მესამე პირების მიმართ ვალდებულების შესრულებასთან ერთად, ოჯახს არჩენდა, შესაბამისად, იძულების გარეშე, თავისი ნებით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას არ დაწერდა.

10.6 სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს თბილისში ბინა აქვს გაქირავებული და მატერიალურ დახმარებას გერმანიაში მცხოვრები ქალიშვილისგან იღებს, არასწორია. მოპასუხეს ამ გარემოების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი ფაქტების მითითება დაუშვებელია, მით უფრო, არასწორი ფაქტის. მოსარჩელემ ბინა დააგირავა იპოთეკით და მის გამოსახსნელად სოლიდური ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

10.7 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ პროკურატურაში არსებულ საქმეთან დაკავშირებით ისაუბრა ლიცეუმის იურისტთან, რომელმაც მასწავლებელი აიძულა განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემაზე იზრუნებდა. სწორედ ამ შიშმა და ფსიქოლოგიურმა იძულებამ განაპირობა განცხადების იქვე დაწერა. ის ფაქტი, რომ პროკურატურაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ლიცეუმის იურისტსა და მოსარჩელეს შორის დიალოგი შედგა, სასამართლო პროცესზე ლიცეუმის წარმომადგენელმა დაადასტურა, რაც, სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ფაქტის აღიარებასა და მტკიცებულებას წარმოადგენს.

10.8 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის მიერ გამოყენებულ ბიულეტენებზე მიუთითა, თუმცა სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ავადმყოფობაზე, რომლის გამოც მოსარჩელემ ბიულეტენით ისარგებლა.

10.9 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს განცხადების დაწერის დროს რაიმე ავადმყოფობა არ აწუხებდა, პირიქით, იგი აქტიურად საქმიანობდა და გაკვეთილები ერთხელაც არ გაუცდენია, რაც სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

10.10 კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობას, რომ დასაქმებულს საკუთარი ნება უკან არ გამოუთხოვია. კასატორის განმარტებით, განცხადების იძულებით დაწერასთან დაკავშირებით, გენერალურ ინსპექციას დაუყოვნებლივ შეატყობინა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება (CD დისკი) საქმეში დევს, ხოლო, რაც შეეხება სამსახურში მისვლას, დასაქმებულისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო კანცელარიისათვის მიმართვა, ვინაიდან ლიცეუმი დახურული დაწესებულებაა და თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია, მით უფრო, გაცხადების იძულებით დაწერის შემდეგ.

11 .საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ დასაქმებულის ნება გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას არ იყო ნამდვილი, ვინაიდან ნების ფორმირების დროს გამოვლინდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც დასაქმებულის განმარტებით, მის წინააღმდეგ არსებულმა სისხლის სამართლის საქმემ განაპირობა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

21. სარჩელში ყოფილი დასაქმებული უთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა განპირობებული იყო ფსიქოლოგიური ზეწოლით და არ გამოხატავდა მის ნებას, რაც დასტურდება იმით, რომ მას „ვ-ი“ ბანკის მიმართ აქვს 6000 ლარიანი დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფადაც არანაირი უძრავი ქონება ან ალტერნატიული შემოსავალი არ გააჩნია; არც ოჯახის ან ნათესავების დახმარების იმედი აქვს, რაც ბანკს უკვე აცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ.5). საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა, აღნიშნული არ იყო იძულებისა და მუქარის შედეგი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები - სესხის გრაფიკი, 2017 წლის 7 და 19 აპრილის მსესხებლის ხელწერილები და სოციალური ავანსით სარგებლობა არ შეიძლება, გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი გახდეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული ფსიქოლოგიურ ძალადობას მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებს, თუმცა, მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და განმარტავს, რომ არაფერი იცოდა. ყოველივე ამას ამყარებს საქმეში არსებული ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 20 თებერვლის ცნობა, რომლის თანახმადაც, ქუთაისის რაიონულ პროკურატურასა და ლიცეუმს, არც გამოძიების პროცესში და არც გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ამასთან, დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი მოწმეებმაც არ დაადასტურეს.

22. სარჩელის პასუხად წარდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხემ ამომწურავად და თანმიმდევრობით განმარტა ის გარემოებები (სსსკ-ის 201-ე მუხლი), თუ რატომ და რა ვითარებაში დაწერა მასწავლებელმა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ დასაქმებულის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადებაში მითითებული მიზეზი საგულისხმოა, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმეში არსებული მტკიცებულებების შემოწმება, მათ შორის, 2017 წლის 1 მარტის ცნობის, რომლის თანახმადაც, დასაქმებულმა 2016 წლის განმავლობაში სამკურნალო შვებულებით 54 დღე ისარგებლა, ასევე, გასათვალისწინებელია ლიცეუმის ლაზარეთის უფროსი ექიმ-სპეციალისტის მოხსნებითი ბარათი, რომლის თანახმადაც კასატორი (მოსარჩელე) ლიცეუმის ლაზარეთის მომსახურებით სისტემატურად სარგებლობდა, ხოლო ქუთაისის N2 პოლიკლინიკის მიერ 2017 წლის 15 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, დასაქმებული 2016 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფურცელზე სამჯერ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილია სს ,,წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის“ ცნობები გახსნილ საავადმყოფო ფურცლებთან დაკავშირებით, ასევე, ამავე ცენტრის ცნობა დასაქმებულისათვის 2016 წლის განმავლობაში გაწეული არაერთი სამედიცინო მომსახურების შესახებ და აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ დასაქმებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტნის მიერ, 2017 წლის 3 აგვისტოს შედგენილი ოქმი გასაუბრების შესახებ, სადაც დასაქმებული სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მაღაზია ,,ბ-ის“ ინციდენტზე უთითებს და განმარტავს, რომ რამდენიმე ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა და, ავადმყოფობისა და გადატანილი სტრესის გამო, ბიულეტენზე ხშირად იმყოფებოდა.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, დასაქმებულს განცხადების დაწერის დროს რაიმე ავადმყოფობა არ აწუხებდა. პირველი მოწმის ჩვენების თანახმად, მოსარჩელეს განცხადების დაწერის დღეს ფეხი სტკიოდა და, ვინაიდან, სამასწავლებლო კორპუსი ადმინისტრაციული კორპუსიდან 150 მეტრის დაშორებითაა, კომპიუტერით სარგებლობა ადმინისტრაციულ კორპუსში ამიტომ ითხოვა.

26. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ დასაქმებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე, ასაკზე და მიიჩნევს, რომ გათავისუფლების საფუძველი არ არის საეჭვო.

27. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 145-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით ,,მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ (140.1); ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (145.2)“, განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, მოწმეთა ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეები განზრახ არასწორი ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა (იხ. ტ.1 ს.ფ 314-316), ამასთან, მათი დაინტერესება დავის სამართლებრივი შედეგის მიმართ არ იკვეთება.

28. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებების ინდივიდუალური და ერთობლივი ანალიზის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) განმარტავს, რომ ისინი ერთმანეთთან თანხვედრილია, კერძოდ, სამივე მოწმემ განმარტა, რომ დასაქმებული განცხადების დაწერის დღეს აღელვებული და შეშფოთებული არ ყოფილა.

29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ პროკურატურაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, ლიცეუმის იურისტს ესაუბრა.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად კვალიფიციურ შედავებას მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს, როდესაც თავად მოპასუხის წარმომადგენელი (იურისტი) ამ ფაქტს უარყოფს (იხ. 18.12.2018 წლის სხდომის ოქმი).

31. საკასაციო სასამართლო, მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ბრძანების დაწერამდე გენერალური ინსპექციისა და ლიცეუმის დირექტორისათვის ცნობილი იყო.

32. კასატორი დავობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობაზე, ნების გამოთხოვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ განცხადების იძულებით დაწერის შესახებ გენერალურ ინსპექციას დაუყოვნებლივ შეატყობინა, ხოლო დასაქმებულისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო ლიცეუმის კანცელარიისათვის მიმართვა, ვინაიდან ლიცეუმი დახურული დაწესებულებაა და თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია, მით უფრო, გაცხადების იძულებით დაწერის შემდეგ.

33. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გენერალურ ინსპექციაში გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის დღეს (30.12.2016წ.) არა დამსაქმებელმა, არამედ მისმა შვილმა დარეკა შეკითხვით - დათხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, გაურკვეველია, დასაქმებულისა და მისი შვილის სურვილი - სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების გარკვევა, ერთმანეთთან თანხვედრილია თუ არა. ამასთან, გენერალურ ინსპექციაში შვილის მიერ დარეკვა და შეკითხვის დასმა არ შეიძლება მივიჩნიოთ ნების გამოთხოვად. რაც შეეხება დასაქმებულისათვის ლიცეუმის კანცელარიისათვის მიმართვის შეუძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულს შეეძლო, განცხადება ნების გამოთხოვასთან დაკავშირებით ფოსტის მეშვეობით წარედგინა ლიცეუმში, რაც არ განხორციელებულა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ლიცეუმის გენერალური ინსპექციისადმი მიმართვაზე სარჩელში არაფერია მითითებული, საქმის მასალებში წარდგენილია გენერალური ინსპექციის პასუხი კასატორისადმი, სადაც მითითებულია, რომ გენერალური ინსპექცია ვერ ჩაატარებს სამსახურებრივ მოკვლევას, რადგან დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს, რაც სავსებით შეესაბამება სსსკ-ის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს „სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ“.

34. ზემოხსენებული დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.უ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.უ–ას (პ/ნ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 26 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე