საქმე №ას-1429-1349-2017 23 თებერვალი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.დ. (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.დ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნივთით სარგებლობის აკრძალვა (ძირითად სარჩელში); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანმდევი შედეგით მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.დ. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და პ.დ. (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) არიან და-ძმა. მათი მშობლები არიან ა. ( მამკვიდრებელი; გარდაიცვალა 2001 წლის 7 ნოემბერს) და ნ. (გარდაიცვალა 2014 წლის 19 თებერვალს) დ–ბი. ქ.დ. (გარდაიცვალა 2002 წლის 19 იანვარს) არის მოპასუხის ბებია.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა დედის, დისა და ლ.ლ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და 2001 წლის 7 ნოემბერს გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე თელავში, სოფელი .....) მესაკუთრედ იქნა ცნობილი.
3. საჯარო რეესტრში 2012 წლის 25 სექტემბერს მოპასუხის დედის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი ს/კ:......
4. მოსარჩელესა და დედას შორის 2012 წლის 27 სექტემბერს დაიდო უძრავი ნივთის /ს/კ:..../ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დასახელებული ქონება იმავე წლის 8 ოქტომბერს აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა და დედის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ჩანაწერი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) ბათილად იქნა ცნობილი. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დედის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ:
6.1 თელავის არქივის 2010 წლის 8 ნოემბერს და 2012 წლის 6 სექტემბერს გაცემული ცნობების თანახმად, რომლებიც საფუძვლად დაედო დედის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დგინდება, რომ 1989-1991 წლების საკომლო ცნობების მიხედვით, ოჯახის უფროსად მითითებული იყო მამა, ხოლო კომლში ირიცხებოდნენ დედა და ვაჟი.. 1996-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით კი ოჯახის უფროსი იყო მამა, ხოლო კომლში მხოლოდ დედა ირიცხებოდა.
6.2 დედის განცხადებას, რომლითაც ეს უკანასკნელი გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა, მამკვიდრებლის დედის (დედამთილის), კომლის საკადასტრო გეგმა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაერთო.
6.3 მამკვიდრებლისადა მისი დედის (მოპასუხის ბებიის) კომლის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრება და ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის. ორივე მათგანზე აშენებულია ცალ-ცალკე საცხოვრებელი სახლები, თუმცა, მამკვიდრებლის კომლის მიწის ნაკვეთზე დგას შედარებით ახალი, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი, ხოლო მამკვიდრებლის დედის (მოპასუხის ბებიის) კომლის მიწის ნაკვეთზე უფრო ადრე, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც უკვე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
6.4 მხარეების ბებიის სურვილს წარმოადგენდა მისი შვილის (მხარეების მამის, მამკვიდრებლის) სამკვიდროზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი; აღნიშნული უფლების რეგისტრაციის განცხადებასთან ერთად განმცხადებელმა წარადგინა თელავის არქივის გაცემული AA... და AA.... ცნობები მემკვიდრის კომლის შესახებ და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, რომლებიც ბებიის კომლის და არა მამკვიდრებლის ქონების უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს წარმოადგენდა. შესაბამისად, მამკვიდრებლის მეუღლის (მხარეების დედის) სახელზე აღირიცხა არა მამკვიდრებილის, არამედ დედამთილის (მამკვიდრებილის დედის) საკადასტრო მონაცემები, რასაც ადასტურებს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 26 ნოემბრის №.... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, სადავო ნაკვეთზე, იმ საფუძვლით, რომ ნივთზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა ახალი უფლების რეგისტრაციას).
7. ბებიის დანაშთი სამკვიდრო ქონება მოპასუხეს ფაქტობრივი დაუფლების გზით აქვს მიღებული. .
8. სარჩელის მოთხოვნა
8.1 მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (თელავი, სოფელი ....., ს/კ:.....) გმოთხოვა და აღნიშნული ნივთით სარგებლობის აკრძალვა.
8.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა, რომელსაც თვითნებურად დაეუფლა, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე - მოპასუხე და მოსარჩელეს არ აძლევს საკუთრებით სარგებლობის უფლებას.
9. მოპასუხის შეგებებული სარჩელი
9.1 მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოსარჩელესა და დედას შორის 2012 წლის 27 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, ბებიის დანაშთ ქონებაზე ერთადერთ მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა მოითხოვა.
10. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
10.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნია. კომლის უკანასკნელი წევრითვითონ მოპასუხე არის და, ბებიის გარდაცვალებიდან, დავის დაწყების დროისთვის სადავო ნაკვეთზე შესაბამის მეურნეობას ეწევა.
11. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
11.1 მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და დამატებით, სარჩელში დასახელებულ გარემოებაზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2 ქვეპუნქტი).
12. თელავის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე და ამავე ნივთით სარგებლობის აკრძალვაზე არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
12.1.1 ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელესა (ქალიშვილსა) და დედას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება თანმდევი შედეგით;
12.1.2 მოსარჩელე ცნობილ იქნა ბებიის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ერთადერთ მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
12.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე, 56-ე, 102-ე, 312.2-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლებით.
12.3 რაიონულმა სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 3-6 პუნქტებში და 6.1-6.4 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სხვა დავაში დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი დედის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლების თაობაზე, შესაბამისად, ეს უკანასკნელი (მხარეთა დედა) ვერ იქნებოდა უფლებამოსილი დაედო წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
12.4 რაიონულმა სასამართლომ, აგრეთვე დადგენილად მიიჩნია, რომ უდავო იყო, მოპასუხე ფაქტობრივად იყო დაუფლებული ბებიის დანაშთ ქონებას (სადავო ქონებას) მისი გარდაცვალებისთანავე, ფლობს და განკარგავს საქმის განხილვის დროისთვისაც.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2 აპელანტის განმარტებით, სადავო ქონება ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, ხოლო მოპასუხის მიერ არ ყოფილა ისეთი მტკიცებულებები წარდგენილი, რომლის მიხედვითაც დასახელებული ხელშეკრულების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ბუნება დადასტურდებოდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
14.2 სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები გაიზიარა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 12.5-12.6 ქვეპუნქტები). სააპელაციო სასამართლომ დამატებით თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რომლითაც მოპასუხის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა და დედის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი.
14.3 ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლება სადავო ქონებაზე, რომელიც მხარეების დედამ საკუთრების უფლებით თავის სახელზე აღირიცხა, ხოლო მოგვიანებით ქალიშვილზე გაასხვისა, დასახელებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დედის სურვილს წარმოადგენდა გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და არა - მხარეების ბებიის სამკვიდრო ქონებაზე. თუმცა, შეცდომით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოდავე მხარეთა დედამ, მეუღლის ნაცვლად, დედამთილის კუთვნილი უძრავი ქონება დაირეგისტრირა.
14.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად სადავო მიწის ნაკვეთზე მხარეების დედის საკუთრების უფლება გაბათილდა, ამ უკანასკნელის საკუთრებას გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არარსებული უფლების სავუძველზე მოხდა ნივთის შემდგომი გასხვისება, დედის მიერ ქალიშვილისათვის მიყიდვა, . გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც თავად მოსარჩელეს და რეგისტრაციის მომენტისათვის არც დედას, მხარეების ბებიის ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის განზრახვა არ ჰქონიათ.
14.5 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დედის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, კანონიერ ძალაშია შესული და სათანადო წესით არ შედავებულა.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2 კასატორის განმარტებით თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები არის ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი. აღნიშნული გადაწყვეტილებით და მისი სარეზოლუციო ნაწილით არ დგინდება, თუ რა უფლება არის გაუქმებული, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვერ მოხდება შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმება.
15.3 კასატორმა ხაზი გაუსვა მოპასუხის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და განმარტა, რომ თელავის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით, სადავო ქონებაზე უკვე იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რაც დამატებით გამორიცხავდა მოპასუხის მოთხოვნის მართებულობას. აღნიშნულის მიუხედავად, განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ნაკვეთზე მხარეების დედის უფლება. თუმცა, განმცხადებელს სააგენტოსგან იქვე განემარტა, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დედის უფლება სადავო ქონებაზე, რომელიც 2012 წლის 8 ოქტომბერს გადავიდა მისი დის (მოსარჩელის) საკუთრებაში. დასახელებული გადაწყვეტილება არ ეხებოდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც ქონების გასხვისებას მოჰყვა, შესაბამისად მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მხარეების დედის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი საკადასტრო კოდით #.... აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამავე საქმისწარმოების ფარგლებში დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ არც მას და არც დედამისს მხარეთა ბებიის (დედამთილის) სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის განზრახვა არ ჰქონიათ.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხეს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებული აქვს ბებიის ქონება, რაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სარწმუნო მტკიცებულებებით არ გაუქარწყლებია აპელანტს, მეტიც დაადასტურა, რომ თავად ცალკე ცხოვრობდა და სადავო ქონებას მისი ძმა დაეუფლა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ქონების თაობაზე დედის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებით გამოვლენილია დედასა და ქალიშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობები.
25. ზემოაღნიშნულთან ერთად, თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს წარმოადგენს, რომ მოპასუხე მამის სახელზე რიცხულ სახლში ცხოვრობს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან დავის დაწყებამდე და დღემდე, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხეს ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული სამკვიდრო აღნიშნულ ნაწილშიც (იხ. სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ ერთ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო ქონებაზე დედის მიერ რეგისტრირებული უფლების გაბათილებით, ხოლო მეორე შემთხვევაში მამის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სადავო ქონება, რაც კასატორის მოთხოვნებს აცლის სამართლებრივ საფუძვლებს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე