საქმე №ას-185-2019 28 მარტი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – გ.გ., ე.გ., ც.გ., გ.გ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გ., ე., ც. და გ.გ–ების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...... შენობა-ნაგებობა #3, საერთო ფართით 90.28 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 59.24 კვ.მ., დამხმარე ფართი 31.04 კვ.მ.), სამეურნეო ფართი 31.39 კვ.მ., საკადასტრო კოდი №....., საჯარო რეესტრში 2015 წლის 13 ივნისის უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ვალდებულების (განცხადების რეგისტრაციის №....) გაუქმებას, აღნიშნული უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 13 აპრილს მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება 2019 წლის 30 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლების მითითებითა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინება კასატორებს 2019 წლის 14 თებერვალს გაეგზავნათ და ამავე წლის 18 თებერვალს ჩაჰბარდათ.
7. 2019 წლის 25 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრს წარმოდგენის შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა კასაციის საფუძვლების მითითებით.
9. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 6 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ერთ-ერთ კასატორს, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ ამ ინფორმაციას დანარჩენ კასატორებსაც გადასცემდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 6 მარტს ერთ-ერთ კასატორს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
10.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ი.ბ–ას მიერ 2019 წლის 21 თებერვალს #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ის, ე.გ–ის, ც.გ–ისა და გ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. გ.გ–ს (პ/ნ ....), ე.გ–ს, ც.გ–სა და გ.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეთ ი.ბ–ას (პ/ნ ....) მიერ 2019 წლის 21 თებერვალს #0 საგადასახადო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა