28 მარტი, 2019 წელი
საქმე №ას-316-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ.ჩ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ.ს–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი, პ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 8000 ლარისა და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 1500 ლარის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 2 ივლისს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება 2019 წლის 15 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 475 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 6 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 6 მარტს კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
7.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
7.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ს–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა