№ა-1379-შ-29-2018 4 იანვარი, 2019წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ა.ბ.“
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ.
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით: 1. სს ა.ბ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ.კ–ის (შემდეგში - მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 32 115 690 აშშ დოლარისა და 64 ცენტის ეკვივალენტი რუბლის გადახდა; მოპასუხეს დაეკისრა 60 000 რუსული რუბლის ანაზღაურებაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხარჯის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა 32 113 085.12 აშშ დოლარისა და 60 000 რუბლის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, რომელმაც წარმოადგინა მოსაზრება შუამდგომლობის ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ვ.კ. საქმეში წარმოადგენდა თავდებ პირს, ხოლო თავდებობის ხელშეკრულება იყო სადავო. თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იპოთეკის საგნის ღირებულება აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის 110%-ს. სასამართლოს მითითებით, კრედიტორის მიერ დადასტურებული (იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული) ღირებულება შეადგენდა 720 000 000 რუბლს. რუსეთის ფედერაციის სასამართლომ არ გაითვალისწინა იპოთკის საგნის რეალური საექსპერტო დასკვნით დადგენილი ღირებულება, რაც შეადგენდა 2 831 012 000 რუბლს, ხოლო აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა იყო 32 115 690 აშშ დოლარი. შესაბამისად, განმცხადებელი მიუთითებს, რომ სახეზეა თავდები პირის თავდებობისგან გათავისუფლების საფუძველი. წარმოდგენილ მოსაზრებაში ასევე მითითებულია, რომ აღსასრულებელ თანხაზე, ძირითადი მოვალეების და იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც პირადი მოვალეების სრულ პასუხისმგებლობას და მათ შორის 100-ზე მეტ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსასრულებლად მიქცევას ითვალისწინებს. სს „ა.ბ–ის“ მიერ კი წარმოდგენილია, მხოლოდ თავდების მიმართ აღსრულების შედეგად დაფარული თანხის ოდენობა, რაც არ არის საკმარისი იმის დასადგენად, დღეის მდგომარეობით მოთხოვნის რა ნაწილია შეუსრულებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სს „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება 32 113 085.12 აშშ დოლარისა და 60 000 რუბლის ნაწილში.
6. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
8. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიებს, ვ.კ–ის თავდებობისგან გათავისუფლებაზე იმსჯელა რუსეთის ფედერაციის სასამართლომ და აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს თავდებობისგან უსაფუძვლოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი სამართლით არის მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სამართლებრივ გამართულობაზე. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს უზენაესი სასამართლო მხოლოდ ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების საკითხზე მსჯელობს. რაც შეეხება მითითებას, რომ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და საკასაციო სასამართლოსთვის არ არის ცნობილი თუ რა ნაწილი დარჩა აღუსრულებელი, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს, განსაკუთრებული სააღსრულებო წარმოების სასამართლო აღმასრულებლების სარაიონთაშორისო განყოფილების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 29 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, აღსრულების საგანს წარმოადგენს 32 115 690.64 აშშ დოლარი და 60 000 რუბლი, მოვალის მიერ დავალიანება დაფარული არ არის და მოთხოვნის სრული მოცულობით დასაკმაყოფილებლად საკმარისი მოვალის ქონება გამოვლენილი არ არის. მოვალისგან იძულების წესით ამოღებულია 150 000 რუბლი. რაიმე მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ შესასრულებელი ვალდებულება შემცირებულია მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.
9. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის კონვეციისა“ და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს გამსესხებლის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ვ. კ–თვის 32 113 085.12 აშშ დოლარისა და 60 000 რუბლის დაკისრების ნაწილში:
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე