Facebook Twitter

№ას-177-166-2017 29 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს მთავარი პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ჯ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ ოზურგეთში, ..... მდებარე უძრავი ქონება, 2009 წლის 3 აპრილიდან ლ.ჯ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 25-26).

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული #1/23 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, რ.ჯ–ს (შემდეგში პირველი მოპასუხე ან მოვალე), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

3. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 დეკემბრის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ბინაში არსებულ მოძრავ ნივთებს:

ა) ,,სამსუნგის“ მაცივარი;

ბ) „ელ-ჯის“ სარეცხი მანქანა;

გ) კომპიუტერი;

დ) „შარფისა“ და „ელ-ჯის“ ტელევიზორები (შემდეგში - სადავო მოძრავი ნივთები), (იხ. აქტი, ს.ფ. 14-15).

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და საქართველოს მთავარი პროკურატურას (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ქონების მესაკუთრეა, მაგრამ არა - უშუალო მოვალე, რაც გამორიცხავს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებზე სააღსრულებო წარმოებას.

5. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოძრავ ნივთებს ყადაღა დაადეს მოვალის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმ პრეზუმფციის ფარგლებში, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალის საცხოვრებელ სახლში, მოვალეს ეკუთვნის, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა, მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ხოლო მეორე მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო მოძრავი ქონება მას არ შეუძენია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა მოსარჩელის კუთვნილი ,,სამსუნგის“ მაცივარი, „ელ-ჯის“ სარეცხი მანქანა, კომპიუტერი, „შარფისა“ და „ელ-ჯის“ ტელევიზორები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 155-ე, 158-ე, და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

7.1. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელესა და მის მიმართ საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს მოძრავ ნივთებთან მიმართებით, მოვალეც ასევე ცხოვრობს და რეგისტრირებულია აღნიშნულ უძრავ ქონებაში და სარგებლობს სადავო ნივთებით, ხოლო სპეციალური კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ აყალიბებს ზოგადისაგან განსხვავებულ პრეზუმფციას, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განჩინების პირველ პუნქტში ხსენებული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. საქმეში წარდგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ ბინაში არსებულ მოძრავ, საყოფაცხოვრებო ნივთებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთებზე მოვალის უფლების არსებობა არ მტკიცდება კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, აღნიშნულზე მოპასუხე მხოლოდ მიუთითებდა, რაც ვერ იქნებოდა სადავო ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად არის დადგენილი, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსკ-ის 151-ე მუხლის მოხმობით, საფუძვლიანია. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში განთავსებულ მოძრავ საყოფაცხოვრებო ნივთებზე პრეტენზია მხოლოდ მესაკუთრის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, ამის საწინააღმდეგოდ წარდგენილი პრეტენზია უსაფუძვლოა.

8.2 სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, დაკავშირებულია მასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მთავარი ნივთის მესაკუთრე ამ უძრავ ქონებაში განთავსებული, ამავე ქონების სამსახურისათვის განკუთვნილი მოძრავი ნივთების მესაკუთრეა, სანამ მოპასუხე სათანადო მტკიცებულებებით არ გააქარწყლებს, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას.

8.3 პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებებზეც, ესენია: შპს „მ-ს“ საგარანტიო ტალონი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები და მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ აღნიშნულით ცალსახად დასტურდებოდა დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილება.

8.4 სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება; შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოვალის საკუთრებას წარმოადგენს, ეკისრებოდა მეორე მოპასუხეს, პალატამ მიიჩნია, რომ მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 8.1).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს).

15. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეობას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე იმ უძრავი ქონების მესაკუთრეა, სადაც დაყადაღებული ნივთებია განლაგებული და მოსარჩელე ფლობს სადავო მოძრავ ნივთებს. აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მოსარჩელე დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეა (სსკ-ის 158.1 მუხლი - ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე (საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად) საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ამ უძრავი ქონების საკუთვნებელია, ვინაიდან ისინი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (იხ. სუსგ №ას-262-253-2012 25 ივნისი, 2012 წელი). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „მ–ის“ საგარანტიო ტალონი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოპასუხემ კი, ვერ წარმოადგინა დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა დაყადაღებული ნივთების მოპასუხისათვის კუთვნილება. კასატორი ვერც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლს ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ დაადგინა, რომ დაყადაღებული ნივთები არა მოვალის, არამედ მესამე პირის - მოსარჩელის საკუთრებაა.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე,, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი