11 მარტი, 2019 წელი
№ას-345-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ.ა.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 01 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- მ.მ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ვ.ა–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდა;
- ცვლილება შევიდა 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ N180681915 სააღსრულებო ფურცელში და შემცირდა სააღსრულებო ფურცლის 8.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის პირგასამტეხლოს ნაცვლად დაფიქსირდა შემცირებული პირგასამტეხლო 0.01%-ის ოდენობით, რომელიც დაითვლება 2018 წლის 09 იანვრიდან და გაგრძელდება აღსრულებამდე;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა 2018 წლის 12 ივნისს გაცემული N180681915 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ - ლ.პ–თან დაწყებული N18074514 სააღსრულებო საქმის წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს, რაც დასტურდება სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ტ. 2, ს.ფ. 103). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 26 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტ. 2, ს.ფ. 104).
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე