14 თებერვალი, 2019 წელი
№ას-1933-2018 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ო.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ნ.დ–ძე, ხ.ა–ძე, ი.ი.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- ნ.დ–ძის (შემდეგში პირველი მოსარჩელის), ხ.ა–ძის (შემდეგში მეორე მოსარჩელის) და ი.ი–ის (შემდეგში მესამე მოსარჩელის) სარჩელი ო.პ–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ დაკმაყოფილდა;
- დადგინდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, ...... მიმდებარედ, ნაკვეთი N4, დაზუსტებული ფართობის 27.00 კვ.მ. ს/კ ..... სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, აღნიშნული ქონებიდან 13.4 კვ.მ მიწის ფართობი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეს დაევალა მის მიერ უკანონოდ აშენებული სასაზღვრო მესერის დემონტაჟი და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთისათვის გადაცემა;
- მოპასუხეს აღეკვეთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, ......, მიმდებარედ, ნაკვეთი N1. დაზუსტებული ფართობი 28.00 კვ.მ. ს/კ ..... სარგებლობის ხელშეშლა და აღნიშნული ქონებიდან 11.6 კვ.მ მიწის ფართობი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეს დაევალა მის მიერ უკანონოდ აშენებული სასაზღვრო მესერის დემონტაჟი და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთისათვის გადაცემა;
- მოპასუხეს აღეკვეთა მესამე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, ......, მიმდებარედ, ნაკვეთი N5-6. დაზუსტებული ფართობი 60.00 კვ.მ. ს/კ ...... სარგებლობის ხელშეშლა, აღნიშნული ქონებიდან 23.3 კვ.მ მიწის ფართობი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეს დაევალა მის მიერ უკანონოდ აშენებული სასაზღვრო მესერის დემონტაჟი და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთისათვის გადაცემა;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 24 იანვარს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის მეუღლეს დ.პ–ს. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 74.1 (თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს) მუხლის საფუძველზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 25 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 29 იანვარს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 4 დეკემბერს #0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ო.პ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ.პ–ის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე