Facebook Twitter

საქმე №ას-453-2019 29 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ. მ-ე, გ. ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „R-...“, სს „R-...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. მ-ემ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) და გ. ნ–მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „R-ისა“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და სს „R-ის“ (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2007 წლიდან მეორე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში შრომის დაცვის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პირველი მოსარჩელე დასაქმებული იყო ზემოაღნიშნულ საწარმოში შრომის დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

3. 2017 წლის 26 დეკემბერს მოპასუხეთა რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელეები მუშაობდნენ ერთ საწარმოებში შრომის დაცვის ინსპექტორების თანამდებობაზე.

4. საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღეს თათბირზე. ვინაიდან მეორე მოსარჩელეს, არსებული რეორგანიზაციის პირობებში, უმცირდებოდა ხელფასი, ხოლო ემატებოდა ვალდებულებები, მათ შორის სამუშაო საათები, მან ხისტად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა მისი პოზიცია სრულად თავსდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

5. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მას თათბირზე არაფერი უთქვამს არც საწარმოს ხელმძღვანელობის და არც განხორციელებული რეორგანიზაციის საწინააღმდეგოდ.

6. მოსარჩელეებმა ასევე უარყვეს 2018 წლის 27 დეკემბერს რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტი. რაც შეეხება 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდს, მეორე მოსარჩელის განმარტებით, მას სამუშაო საათების დასრულების შემდეგ არ ჰქონდა დამატებით ინსტრუქტაჟის ჩატარების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 3 იანვარს თანამშრომელს მიუთითა, რომ მას 2018 წლის 1 იანვარს ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ შესაბამისი აღნიშვნა არასათანადო ჟურნალში ჰქონდა გაკეთებული და მას აღნიშნული პირისათვის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს. შესაბამისად, მოსარჩელეთა მტკიცებით, უსაფუძვლოა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. წარმომადგენლის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა მოსარჩელეთა მხრიდან რამდენიმე დარღვევის ჩადენის გამო. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეთა მხრიდან გამოვლენილი უხეში დარღვევების ამსახველი კომისიის დასკვნა არ მოიცავს 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდს, გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა, რომ მეორე მოსარჩელემ უარი განაცხადა უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებაზე. რაც შეეხება 2017 წლის 26 დეკემბრისა და 27 დეკემბრის ეპიზოდებს, მოსარჩელეთა მიერ გამოხატული შეურაცხმყოფელი სიტყვები და დამოკიდებულება საწარმოს ხელმძღვანელობისა და მათი უშუალო უფროსის მიმართ, ასევე, 2018 წლის 3 იანვარს მ. მ-ის მხრიდან თანამშრომლისადმი გამოთქმული უხამსი სიტყვები კომპანიას აძლევდა კანონიერ საფუძველს, შეეწყვიტა მათთან შრომითი ურთიერთობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე შპს-ების დირექტორის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებები პირველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხეებს დაეკისრათ მის სასარგებლოდ კომპენსაციის – 24 109 ლარის გადახდა, სარჩელის დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი, მეორე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა დირექტორის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებები მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხეებს დაეკისრათ მის სასარგებლოდ კომპენსაციის – 20 109 ლარის გადახდა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეთათვის შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის ორი საშტატო ერთეულის თანამდებობაზე დასაქმების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. 2019 წლის 19 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

11. საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ სასამართლოს უნდა შეექმნას რწმენა და ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

12. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფის მიზნით დაყენებული შუამდგომლობაც ზუსტად გამომდინარეობდა იმ გარემოებებიდან, რომ მოპასუხე დაწესებულებაში ახლადდაშვებული შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის ორი საშტატო თანამდებობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე არ მომხდარიყო სხვა პირების მიღება. სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ სამსახურში აღდგენაა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა იმ საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რომ იმ დროისათვის არ იყო ვაკანტური საშტატო ერთეული.

13. საჩივრის ავტორების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებში არსებობდა დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის თანამდებობა, მათ მოითხოვეს, აღნიშნულ თანამდებობაზე არ მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მიერ სხვა პირის დანიშვნა, მაგრამ იმის გამო, რომ ზუსტად ვერ უთითებდნენ ვაკანსიის ზუსტ დასახელებას, მოხსნეს მითითებული შუამდგომლობა. 2019 წლის 7 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოთ მითითებული ვაკანსია უკვე დაკავებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე, მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალოთ ახლადდაშვებული შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის ორ საშტატო თანამდებობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა პირების დანიშვნა. მათი განმარტებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილებით აღნიშნულ კომპანიებს არ ექნებოდათ უფლება, დაჩქარებული წესით მიეღოთ მითითებულ საშტატო ერთეულზე სხვა პირები. სასამართლო ვალდებულია, არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაცვა სამომავლო აღუსრულებლობისაგან, ვინაიდან სწორედ აღსრულების სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი ჭეშმარიტი მართლმსაჯულების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე, 271-ე მუხლების, 191-ე მუხლის პირველი ნაწილის, 198-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განცხადების შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა.

16. კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

17. ამასთან, მარტოოდენ ამ გარემოებებზე მითითება არ არის საკმარისი, ვინაიდან განმცხადებლის განმარტების საფუძველზე სასამართლოს უნდა შეექმნას რწმენა და ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

18. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სახით ითხოვდნენ მოპასუხეთათვის სავარაუდოდ ახლადდაშვებულ შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის ორ საშტატო თანამდებობაზე სხვა პირთა დასაქმების აკრძალვას.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო, უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

20. სსსკ-ისს 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის განხილვისას განმცხადებლებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის საშტატო განრიგს დაამატა ახალი 7 საშტატო ერთეული და, შესაბამისად, უცნობი იყო, არსებობდა თუ არა ვაკანსიები ამ საშტატო ერთეულებში. შუამდგომლობის წარმომდგენი მხარე თვითონაც შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის საშტატო განრიგისათვის 7 საშტატო ერთეულის დამატებაზე ინფორმაციას სავარაუდოდ მიიჩნევდა. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი იყო მოპასუხეთა აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 4 თებერვლის წერილები, რომლის თანახმად, მოპასუხეთა დაწესებულებაში ვაკანტური პოზიციები შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში, აგრეთვე, ტოლფასი საშტატო პოზიციების ვაკანსიები კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულში არ იყო. ასევე, დადასტურების მიზნით, წერილებში აღნიშნული იყო, რომ ვაკანტური დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიცია კომპანიაში არ არსებობს და, ამ თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება დაგეგმილი და მოსალოდნელი არ არის.

21. ამასთანავე, 2019 წლის 18 თებერვალს მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 თებერვალს მიღებული განჩინების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა განცხადება და თანდართული ცხრილი, რომლის თანახმად, განცხადების წარმოდგენის დღისათვის, ორივე კომპანიის შრომის დაცვის უსაფრთხოების სამსახურის საშტატო განრიგი არის ზუსტად იგივე, როგორიც იყო 2018 წლის 14 სექტემბერს, კერძოდ, კომპანიებს ჰქონდათ და აქვთ სამსახურის ერთი უფროსის, ორი მოადგილის, ერთი ელექტროუსაფრთხოების ინჟინრის, ოთხი დაშვების ნებართვის კოორდინატორის, რვა შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის, ერთი დოკუმენტბრუნვის სპეციალისტისა და ერთი კვების ჰიგიენის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიცია. ამდენად, სტრუქტურა და საშტატო განრიგი 2018 წლის 14 სექტემბრისა და 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით იდენტურია და არცერთი ზემოხსენებული პოზიცია ვაკანტური არ არის.

22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეებს მართებულად ეთქვათ უარი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. განჩინებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება.

26. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

27. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

28. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

29. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

30. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებმა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვეს მოპასუხე დაწესებულებებში კონკრეტული თანამდებობის ორ საშტატო ერთეულზე პირთა დასაქმების აკრძალვა.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მითითებული მოთხოვნის დასასაბუთებლად მათ უნდა წარედგინათ სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე დაწესებულებაში არსებობდა სადავო თანამდებობის ორი შტატი, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

32. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

33. განსახილველ საქმეზე განმცხადებლებს არამარტო არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის თანამდებობის ორი ვაკანტური ადგილი, არამედ შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის საშტატო განრიგისათვის 7 საშტატო ერთეულის დამატებაზე ინფორმაციას თავადაც სავარაუდოდ მიიჩნიეს.

34. სააპელაციო პალატამ სწორად გაამახვილა ყურადღება მოპასუხე შპს-ების აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 4 თებერვლის წერილებზე, რომელთა თანახმად მოპასუხე დაწესებულებაში ვაკანტური პოზიციები არც შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში და არც კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულში ტოლფასი საშტატო პოზიციების ვაკანსიები არ იყო. ამასთან, მოპასუხე კომპანიაში ვაკანტური დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიცია არ არსებობს და, ამ თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება დაგეგმილი და მოსალოდნელი არ არის.

35. მოპასუხე შპს-ებმა, თავის მხრივ, წარუდგინეს სასამართლოს ცხრილი, რომლის თანახმად განცხადების წარმოდგენის დღისათვის ორივე კომპანიის შრომის დაცვის უსაფრთხოების სამსახურის საშტატო განრიგი არის ზუსტად იგივე, როგორიც იყო 2018 წლის 14 სექტემბერს, კერძოდ, კომპანიებს ჰქონდათ და აქვთ სამსახურის ერთი უფროსის, ორი მოადგილის, ერთი ელექტროუსაფრთხოების ინჟინრის, ოთხი დაშვების ნებართვის კოორდინატორის, რვა შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის, ერთი დოკუმენტბრუნვის სპეციალისტისა და ერთი კვების ჰიგიენის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიცია. ამდენად, სტრუქტურა და საშტატო განრიგი 2018 წლის 14 სექტემბრისა და 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით იდენტურია და არცერთი ზემოხსენებული პოზიცია ვაკანტური არ არის.

36. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორებმა ვერ დაასაბუთეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა, რის გამოც საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ისა და გ. ნ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლისა და 2019 წლის 15 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე