Facebook Twitter

საქმე №ას-1224-2018 24 დეკემბერი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

კასატორი – ი. „№.. ა–ა“, თავმჯდომარე ზ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ძე, ქ.გ–ძე, ლ.თ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრად აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,N..“ (შემდეგში: ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, კოოპერატივი), ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის N1105 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ... შეიქმნა, რომელსაც იმავე მისამართზე სახლის მშენებლობისთვის 2161 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო (იხ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ 288).

2. კოოპერატივის მიზანი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე სახლის აშენება და ბინების გადაცემის გზით კოოპერატივის წევრებად გაწევრიანებული პირების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება იყო (იხ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ 288).

3. ა.გ–ძე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე), ქ.გ–ძე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) და ლ.თ–ძე (შემდეგში: მესამე მოსარჩელე, მოსარჩელეები) აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის N185 გადაწყვეტილებით ბინათმშენებლობის წევრები გახდნენ (იხ. ტ.1, ს.ფ 23-25,27-29; 31-35).

4. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,N..“ (შემდეგში: ამხანაგობა, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 2006 წლის 26 აპრილს დაფუძნდა. მისი მიზანი ამხანაგობის წევრთა საბინაო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება იყო (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-39; 40-55).

5. ქ. ბათუმში, ..... მდებარე 2161 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 16 აპრილის #319 ბრძანებისა და 2007 წლის 30 ოქტომბრის #2-26-2335 მიმართვის საფუძველზე, საკუთრების უფლებით, ქ. ბათუმის მერიის (შემდეგში: მერია) საკუთრებაში აღირიცხა (იხ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ 289).

6. ამხანაგობამ, 2007 წლის 11 მაისს, სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ და, მოითხოვა მერიის 2007 წლის 16 აპრილის N319 ბრძანებისა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ 69-78).

7. მხარეებს შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განჩინებით, მორიგება დამტკიცდა. ამხანაგობამ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებით, რომლითაც მერიის 2007 წლის 16 აპრილის N319 ბრძანების საფუძველზე ეს უკანასკნელი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა, ამხანაგობის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის სანაცვლოდ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართიდან 10% მერიისათვის გადაცემა იკისრა (იხ. ტ.1. ს.ფ 61-68; 69-78).

8. მორიგების აქტის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება, ამხანაგობის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ. ტ.1, ს.ფ 82-83).

9. ამხანაგობამ, 2014 წლის 24 ნოემბერს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, მიჰყიდა შპს ,,ნ.ჰ–ს“ (შემდეგში: მყიდველი). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1420000 აშშ დოლარით, საიდანაც მყიდველი ამხანაგობას ნასყიდობის ღირებულების ანგარიშიდან - 200 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა, ხოლო დარჩენილი 1400000 აშშ დოლარის ღირებულების ანგარიშში ამხანაგობას 4000 კვ.მ საცხოვრებელ ფართს გადასცემდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 127-132).

10. სარჩელის საფუძვლები

10.1 მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ამხანაგობის მიმართ და მოითხოვეს, დაფუძნების დღიდან ამხანაგობის წევრებად აღიარება.

10.2 მოსარჩელეებმა, წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს და დამატებით განმარტეს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ბაზაზე, 2006 წლის 26 აპრილს, ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარე და მისი ამჟამინდელი წევრები მოსარჩელეებს ამხანაგობის წევრებად არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა გაუქმებულია და მისი სამართალმემკვიდრე არ არსებობს, თუმცა, ამხანაგობის წესდებაში პირდაპირაა მითითებული, რომ აღნიშნული ამხანაგობა კოოპერატიული ბინათმშენებლობის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს.

10.3 მოსარჩელეების განმარტებით, 2014 წელს 2161 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებისას, მოსარჩელეებმა, მშენებლობის დოკუმენტებში გარკვევის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარეს მიმართეს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ ამხანაგობის წევრები აღარ არიან და ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

10.4 წარდგენილი სარჩელი აღიარებითია, რომლის იურიდიული ინტერესი კი ის არის, რომ მოსარჩელეები, სხვა ამხანაგობის წევრების მსგავსად, ამხანაგობასა და მყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი), მატერიალურ და ქონებრივ სიკეთეს მიიღებენ და ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლსაც შეძლებენ.

11. მოპასუხის შესაგებელი

11.1 მოპასუხემ (ამხანაგობამ) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები ამხანაგობის წევრად აღიარებას აჭარის ა/რ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1993 წლის 6 აპრილის №185 გადაწყვეტილებისა და დანართის საფუძველზე ითხოვენ, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის 1992 წლის 5 თებერვლის წესდების თანახმად, პირი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრად მიიღებოდა წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.

11.2 ინდივიდუალურ ბინათმშენებლობას მოსარჩელეები ამხანაგობის წევრებად არ მიუღია, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, კოოპერატივის კრების გადაწყვეტილების გარეშე პირები ბინათმშენებლობის წევრებად ეღიარებინა. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი აქტები, იმთავითვე არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ იყო მიღებული, ფორმის დაუცველად დადებული და ბათილი, რაც იურიდიულ შედეგს ვერც მაშინ წარმოშობდა და ვერც ახლა.

11.3 ამხანაგობის წესდებისა და კანონის თანახმად, წევრებს ამხანაგობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაი უნდა შეეტანათ. მოსარჩელეებს კი, ამხანაგობაში საწევრო არც ერთხელ არ შეუტანიათ და ამხანაგობის საქმიანობაში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. ეს კი მიუთითებს, რომ ისინი ამხანაგობის წევრები არასოდეს ყოფილან.

11.4 მოპასუხის განმარტებით, თავისი არსით, სარჩელი მიკუთვნებით და არა აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რადგან მოთხოვნა ამხანაგობიდან სარგებლის მიღებაა.

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ამხანაგობის წევრებად იქნენ აღიარებული.

12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 930-ე, 931-ე, 939-ე, 1512-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე და 105-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 26 აპრილს კოოპერატიული ბინათმშენებლობის ბაზაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჩამოყალიბდა.

12.3 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ამხნაგობის დებულების თანახმად, ამხანაგობა, ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის №1105 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის (კოოპერატივის) სამართალმემკვიდრეა.

12.4 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობამ კოოპერატივის ყველა აქტივი და პასივი გადაი.რა, ასევე - ვალდებულება და უფლება.

12.5 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ამხანაგობის დებულებაში განხორციელებულმა მითითებამ ამ უკანასკნელს მისცა შესაძლებლობა, მერიასთან მიწის ნაკვეთზე ედავა.

12.6 სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ტიპის ამხანაგობა წევრების გარეშე არ არსებობს. ამ შემთხვევაში, არც ამხანაგობის სადამფუძნებლო კრების ოქმით და არც დებულებით ამხანაგობის წევრების ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა, ამხანაგობის დებულების მე-2 მუხლის 2.2. ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამართალმემკვიდრეა.

12.7 სასამართლომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის #185 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელეები ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრები იყვნენ, ეს გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია და საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

12.8 სასამართლომ სსკ-ის 1512-ე მუხლზე მითითებით ,,საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება“, განმარტა, რომ 2007 წლის 1 აგვისტოდან ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი ამოქმედდა, რის გამოც სსკ-ის 208-232-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნა 210-232-ე მუხლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებს შორის ურთიერთობა დარეგულირდა ”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონით.

12.9 საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამხანაგობა არის ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლოს კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის №1105 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის (კოოპერატივის) სამართალმემკვიდრე, შესაბამისად, მოსარჩელეები, რომლებიც აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის #185 გადაწყვეტილებით გაწევრიანდნენ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში, იმავდროულად ბინათმშენებლობის სამართალმემკვიდრე ამხანაგობის წევრები არიან.

13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (ამხანაგობამ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2 აპელანტმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სასამართლოსეული მსჯელობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეები, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამხანაგობის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ და არიან.

13.3 აპელანტის განმარტებით, ამგვარი მიდგომა სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალში, ნებისმიერი სახის საზოგადოებაში, პირთა გაერთიანებაში წესდების მნიშვნელობას და წესდებით გაერთიანებულ პირთა კერძო-სამართლებრივ უფლებებს, თავიანთი გადაწყვეტილებით მოაწესრიგონ სამართლებრივი ურთიერთობა, ხელყოფს.

13.4 მინისტრთა საბჭოს N185 გადაწყვეტილება შესაძლოა, რეკომენდაციის, მიმართვის ფორმა ყოფილიყო და არა საზოგადოებაში წევრთა მიღების კანონიერი საფუძველი. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მაინც თავად კოოპერატივი იყო. მინისტრთა საბჭოს განკარგულება, იმ სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ.

13.5 ამხანაგობას ჰქონდა და დღემდე აქვს კერძო სამართლის პირის სტატუსი, იგი სახელმწიფოს საჯარო იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ვერც ეს გადაწყვეტილება და ვერც სხვა სახის ადმინისტრაციული აქტი, კოოპერატივს ვერ დაავალდებულებდა, წევრად მიეღო პირები, რომლებიც ამხანაგობის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, კერძოდ, პოტენციური წევრებისათვის სავალდებულო - ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებასა და ფულად შენატანს.

13.6 აპელანტმა სადავოდ გახადა მოსარჩელეების წევრობა კოოპერატივში და განმარტა, რომ აღნიშნული შესაგებლით იქნა შედავებული, თუმცა, სასამართლომ ეს ფაქტობრივი გარემოება მაინც უდავოდ მიიჩნია. მოსარჩელეებს ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ზუსტი და ობიექტური მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენიათ.

13.7 ინდივიდუალური ბინათმშენებლობა 1992 წელს ჩამოყალიბდა. მიუხედავად, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებისა, შიდა რეგულაციებით, პირი ამხანაგობის წევრი ვერ გახდებოდა, თუ მას საერთო კრება არ მიიღებდა და საწევრო შენატანს არ შეიტანდა.

13.8 აპელანტმა სსსკ-ის 135-ე მუხლზე მითითებით ,,წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია...“, სადავო გახადა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ საარქვიო ცნობებში მითითებული გარემოებები უდავოდ მიიჩნია. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელეებს დოკუმენტების დედნის წარდგენა მოსთხოვა, თუმცა მოსარჩელემ ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე განაცხადა, რომ მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ შედავებული საარქივო ცნობები უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია.

13.9 აპელანტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი სარგებლის მიღებაა, რაც მიკუთვნებით სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

14.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეების მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება, მათ უფლებებს სრულ განსაზღვრულობას შესძენს, რაც მათი ქონებრივ ინტერესს უკავშირდება.

14.3 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეების მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი საუკეთესო გზაა მათი ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისათვის.

14.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი მოქალაქეთა საბინაო უფლებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათი შემდგომი ექსპლუატაციისათვის იქმნებოდა, მოქალაქეთა ინიციატივით, როგორც საცხოვრებელი ადგილის, ისე - სამუშაო ადგილის მიხედვით. კოოპერატივს, წესდების რეგისტრაციის მომენტიდან, უფლება ჰქონდა, საბინაო-სამშენებლო კოოპარატივის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობით მიემართა შესაბამისი აღმასკომისათვის. წესდების დამტკიცების შემდეგ კოოპერატივის წევრად მიიღებოდნენ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რასაც სახალხო დეპუტატთა შესაბამისი აღმასრულებელი კომიტეტი ამტკიცებდა.

14.5 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 18 დეკემბრის №1105 გადაწყვეტილებით, ..... (ამჟამად .....) ინდივიდუალური ბინათმშენებლობა (იგივე კოოპერატიული ბინათშენებლობა) შეიქმნა, რომელსაც იმავე მისამართზე სახლის მშენებლობისათვის 2161 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოეყო. ამას კერძოსამართლებრივი აქტი უძღვოდა წინ - კოოპერატივის საერთო კრების წევრთა გადაწყვეტილება კოოპერატივის შექმნის (შესაბამისად, წევრთა განსაზღვრულობის) შესახებ, რომელმაც კანონშესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა. ამ უკანასკნელის 1992 წლის 18 დეკემბერს გადაწყვეტილებით კოოპერატივს სახლის მშენებლობისთვის 2161 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში შეიძლება, ამ საწარმოში ადრე მომუშავე მუშაკები მიღებულიყვნენ. ამასთან, დაშვებული იყო, რომ იმ საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეები, რომელთა შორის არ იყო კოოპერატივის შექმნისთვის საჭირო მსურველთა აუცილებელი რაოდენობა, მათი სურვილისამებრ გაერთიანებულიყვნენ ერთ საბინაო - სამშენებლო კოოპერატივად; კოოპერატივი, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი აღასკომის მიერ მხოლოდ კოოპერატივის წესდების რეგისტრაციის მომენტიდან, მიმართავდა შესაბამის აღმასკომს კოოპერატივის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით. წესდების დამტკიცების შემდეგ კი, წევრად მიიღებოდნენ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რასაც სახალხო დეპუტატთა შესაბამისი ადმინისტრაციული კომიტეტი ამტკიცებდა ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილების ლეგალიზაციას სწორედ აღმასკომის გადაწყვეტილება სჭირდებოდა (იხ. საბინაო სამართლის კომენტარი გვ.429-437; შალვა ჩაკვაშვილი).

14.6 სასამართლომ, საქმეში არსებული აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის №185 გადაწყვეტილებია საფუძველზე, დაადგინა, რომ მოსარჩელეები ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში (კოოპერატივში) გაწევრდნენ.

14.7 სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული 1993 წლის 31 მარტის №5 სამშენებლო ტრესტის ადმინისტრაციისა და პროფკავშირების გადაწყვეტილების თანახმად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ასაშენებლად კოოპერატიული საცხოვრებელი სახლის 10%-იანი ბინების ფონდის 8 ბინაში, სხვებთან ერთად, მოსარჩელეებიც გახდნენ წევრები.

14.8 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქმეში არსებულ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრთა საერთო კრების 2006 წლის 26 აპრილის N1 ოქმზეც, რომელზეც განიხილებოდა საკითხები ამხანაგობის ჩამოყალიბებისა და დებულების მიღების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ კრების ოქმიდან ნათლად ჩანდა, რომ მეორე მოპასუხე სხდომას ესწრებოდა და განსახილველ საკითხზე აზრი გამოთქვა.

14.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად, დგინდება, რომ მოსარჩელეები კოოპერატივის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ.

14.10 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეებს საწევრო შენატანი, ანუ პაი არ გადაუხდიათ და, შესაბამისად, ისინი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები ვერ იქნებოდნენ.

14.11 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შეკითხვაზე: როდის უნდა შეეტანა პირს პაი, რომ კოოპერატივის წევრი გამხდარიყო? სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პაის შეტანა უნდა მომხდარიყო წევრად მიღებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ პაის შეტანის გარეშე, პირს, წევრად ვერ მიიღებდნენ (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 13:05:58).

14.12 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელეებმა უშუალოდ პაის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, მაგრამ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ცხადი იყო, რომ მოსარჩელეებს სავალდებულო შენატანისა და წინაპირობების გარეშე (კრების გადაწყვეტილება) ადმინისტრაციული ორგანო კოოპერატივის წევრებად ვერ მოიხსენიებდა.

14.13 სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელეების მიერ ასლის სახით წარდგენილ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა საპროცესო შესაძლებლობას სცილდება დედნების წარდგენის ტვირთი, რადგან 40-მდე კოოპერატივის წევრს დოკუმენტების დედნები ვერ ექნებოდათ და დედანი თავად ამხანაგობისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. აპელანტმა დაადასტურა ისიც, რომ შენატანის განხორციელების გარეშე, წევრი გაირიცხებოდა ამხანაგობიდან.

14.14 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან (კრების სხდომის ოქმებიდან) ირკვეოდა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობიდან გარკვეული პირები, შენატანის გადაუხდელობის გამო წევრობიდან გაირიცხნენ, თუმცა, მათ შორის მოსარჩელეები არ ყოფილან.

14.15 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 26 აპრილს ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის ბაზაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჩამოყალიბდა და ამხანაგობის დებულება დამტკიცდა, ანუ დაიდო წერილობითი ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შესაქმნელად, განისაზღვრა ამხანაგობის მიზნები (ბინის მშენებლობა). ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის დებულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამხანაგობის იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, .....; ამავე დებულების თანახმად, ამხანაგობა არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის (მანამდე იწოდებოდა კოოპერატივად) სამართალმემკვიდრე.

14.16 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის №185 გადაწყვეტილებაზე და მისი დანართებზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელეები ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრები იყვნენ.

14.17 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია და საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

15.1 საკასაციო საჩივრის საფუძვლები

15.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (ამხანაგობამ) და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 13.2-13.9 ქვეპუნქტები).

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლესაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 6 აპრილის N185 გადაწყვეტილებითა და დანართებით, მოსარჩელეების ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში გაწევრიანება ცალსახად დგინდება. ამხანაგობა კი, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დებულების თანახმად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის უფლებამონაცვლეა, შესაბამისად, მოსარჩელეები ამხანაგობის წევრები არიან.

25. ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საარქივო ცნობების ასლის წარმოდგენასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ კასატორს, სსსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტის სიყალბის ფაქტზე არ მიუთითებია. ხოლო ასლის სახით წარმოდგენილი საარქივო ცნობები, სანდოობის კუთხით სასამართლოს შესაფასებელია, რაც მოცემულ შემთხვევაში ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაში.

26. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 135-ე მუხლის დანაწესი ,,გამორიცხავს მტკიცებულების გაყალბების საშიშროებას, ვინაიდან ტექნიკის განვითარებამ ამგვარი შესაძლებლობები გაამარტივა და იმპერატიულად ადგენს, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარედგინოს. ამასთან, იგივე კანონი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ სასამართლოს დასაბუთებული მოსაზრებით დოკუმენტის ასლსაც მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის გარემოება ცალსახად დადგენილია და მტკიცებულებაში მითითებული ცნობები არ საჭიროებს შეფასებას. კანონის ეს დანაწესი იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ წერილობითი საბუთის ასლიც მტკიცებულებითი ძალის მქონედ იქნეს მიჩნეული. დოკუმენტის ასლისათვის ამგვარი სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე, რომელიც უეჭველად უნდა ემყარებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ, ინტუიციურ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა“ (იხ. სუსგ №ას-1130-1258-08, 2 ივნისი, 2009 წელი).

27. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“ , განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

29. საკასაციო სასამართლო, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია, ვინაიდან იმ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის უძრავი ქონება, რომლის წევრებსაც მოსარჩელეები წარმოადგენენ, უფლებამონაცვლემ - ამხანაგობამ გაყიდა, მყიდველმა კი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ღირებულების (1400000 აშშ დოლარის) ანგარიშში ამხანაგობას 4000 კვ.მ საცხოვრებელი ფართები უნდა გადასცეს. მოსარჩელეების ამხანაგობის წევრებად აღიარებით, ისინი ქონებრივ სარგებელს მიიღებენ. შესაბამისად, სწორედ ამხანაგობის წევრად აღიარებით მიიღწევა ის შედეგი, რაც მოსარჩელეებს სურთ, რაც სავსებით აკმაყოფილებს ნამდვილი იურიდიული ინტერესის მქონე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. "N.. ა–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. ".. ა–ას'' დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით (საქმე № ას-1224-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30 %-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე