Facebook Twitter

საქმე №ას-659-659-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ჯ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივის“ აღმოსავლეთ რეგიონალური არქივის 2014 წლის 19 სექტემბრის №AA2014052441-03 ცნობით მიხედვით ბ.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) კომლის საკუთრებად ირიცხება ლაგოდეხის რაიონის სოფელი ….. მდებარე 88 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა ფართობის (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი. 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში იყვნენ ცოლი - მ.კ–ი და შვილები - მ. და მ. კ–ები (ტ.3,ს.ფ. 22).

2. მოსარჩელემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 17 მაისს დადებული ნასყიდობის №328 ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა ლაგოდეხის რაიონის სოფელ …. მდებარე, №…. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 85398 კვ.მ ფართობის, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა (ტ.3,ს.ფ. 16).

3. მოსარჩელემ, 2010 წლის 29 ნოემბერს, სამი წლის ვადით, ნ.ჯ–აზე (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი) გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ შეასრულოს აზომვითი ნახაზები, მარეგისტრირებელ ორგანოში მოსარჩელის სახელზე დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მდებარე ლაგოდეხში, სოფელ …., ხოლო დარეგისტრირების შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ (გაიფორმოს თავის სახელზე), მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და განსაზღვროს თანხა. ამის შესაბამისად, იყოს მოსარჩელის წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორის სამსახურში, საჯარო რეესტრში, საგადასახადო ინსპექციაში, სანოტარო ბიუროში, მოაწეროს ხელი ყველა საჭირო დოკუმენტაციას, განახორციელოს საბანკო ოპერაციები, შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული (ტ.3,ს.ფ. 276).

4. მოსარჩელემ მეორედ, 2013 წლის 1 მარტს, ერთი წლის ვადით, მოპასუხეზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობით მოპასუხეს მიენიჭა წინა მინდობილობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები (იხ. წინა პუნქტი). იმავე დღეს, მოსარჩელის ქალიშვილმა - მ. კ–მა გასცა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლის მიხედვით, თანახმა იყო, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება დარეგისტრირებულიყო მოსარჩელის სახელზე (ტ.3,ს.ფ. 56-57).

5. მოსარჩელემ, 2013 წლის 14 ნოემბერს, მესამედ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მოპასუხეს იგივე უფლებები მიანიჭა, რაც წინა შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით და გადანდობის უფლებით. იმავე დღეს მოსარჩელემ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმართვის მიზნით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა გასცა ი.ნ–ის სახელზე (ტ.3,ს.ფ. 18-19).

6. მოპასუხემ, 2013 წლის 14 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მოსარჩელის და მისი ოჯახის თანასაკუთრებაში არსებული, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ….მდებარე, 2511 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 7 აგვისტოს განახორციელა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი …..) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.3,ს.ფ. 27).

7. მოპასუხემ, 2014 წლის 12 სექტემბერს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თვითონვე შეიძინა ლაგოდეხის რაიონის სოფელ …. მდებარე, № ….., საკადასტრო კოდით მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 2511 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე მოქმედებდა, 2013 წლის 14 ნოემბერს, მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე და ხელშეკრულებას, როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის მხრიდან, ხელს თავად აწერს. ნასყიდობის საგნის ღირებულება 12 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე 2014 წლის 18 სექტემბრიდან დარეგისტრირდა (ტ.3,ს.ფ. 28-30).

8. მოპასუხემ, იმავე წელს, 22 სექტემბერს, გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ლაგოდეხის რაიონის სოფელ …. მდებარე, საჯარო რეესტრში № ….. საკასადასტრო კოდით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული 85 398 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. მითითებული ხელშეკრულება გაფორმდა დასახელებული მინდობილობის საფუძველზე, რომელზეც, როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის მხრიდან ხელს აწერს თავად მოპასუხე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 ლარით. უფლების რეგისტრაცია დაიწყო 2014 წლის 22 სექტემბერს, 10:48 საათზე და დასრულდა იმავე დღეს 11:18 საათზე(ტ.3,ს.ფ. 33; 59; 250-252).

9. მოსარჩელემ, 2014 წლის 22 სექტემბერს გააუქმა 2013 წლის 14 ნოემბერს მოპასუხეზე გაცემული მინდობილობა; იმავე წლის (2014წ.) 25 სექტემბერს გააუქმა ი.ნ–ზე გაცემული მინდობილობაც (ტ.3,ს.ფ. 20-21).

10. მოპასუხე, მოსარჩელის თანხმობით, 2010 წლიდან ფლობს № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2511 კვ.მ. ფართობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებს, ასევე 2014 წლიდან განკარგავს № .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 85398 კ.მ. ფართობის სახნავ მიწის ნაკვეთს.

11. სარჩელის საფუძვლები

11.1. მოსარჩელემ, 2014 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა:

11.1.1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ .... მდებარე, № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 85 398 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სახნავი), 2014 წლის 22 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში, მესაკუთრის უფლების რეგისტრაცია;

11.1.2. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მდებარე, №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 511 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკარმიდამო), 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში, მესაკუთრის უფლების რეგისტრაცია.

11.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და მოპასუხესთან დადებულ შეთანხმებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც - 12 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელ სახლს მიჰყიდდა მოპასუხეს, ამასთან, სახლის საბუთებს, რომელიც მოუწესრიგებელი იყო, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე თავად მოპასუხე მოაწესრიგებდა, უძრავ ქონებას გააფორმებდა მოსარჩელის სახელზე, ხოლო თანხის გადახდის შემდეგ, მესაკუთრის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ამ უკანასკნელის საკუთრებად აღირიცხავდა.

11.3. მოსარჩელემ, 2019 წლის 19 სექტემბერს შეიტყო, რომ საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო ნაკვეთით მოპასუხეს 2014 წლის 12 სექტემბერს მასთან შეუთანხმებლად და თანხის გადახდის გარეშე გადაუფორმებია თავის საკუთრებად. ასევე მოსარჩელემ შეიტყო, რომ მოპასუხე, სახნავი მიწის ნაკვეთის გადაფორმებასაც აპირებდა, რის გამოც დაუყოვნებლივ, 2014 წლის 22 სექტემბერს გააუქმა მასზე გაცემული მინდობილობა, თუმცა მოპასუხემ მაინც შეძლო მიწის ნაკვეთის თავის საკუთრებად აღრიცხვა (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტები).

12. მოპასუხის პოზიცია

12.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მინდობილობით მას სრული უფლებამოსილება ჰქონდა, უძრავი ქონებების გაქირავების, იჯარით გაცემის და ა.შ., მიღებული სარგებლით კი უნდა უზრუნველეყო სარეგისტრაციო და მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა.

12.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

13.1.1. ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის რაიონის სოფელ .... მდებარე, №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 85 398 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთზე, 2014 წლის 22 სექტემბერს უძრავი ქონების გამყიდველის (მოსარჩელის) წარმომადგენელსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება, შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრში;

13.1.2. მოსარჩელის მოთხოვნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მდებარე, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 511 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

13.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 53-ე, 59-ე, 106-ე, 316-ე, 352-ე, 405-ე, 477-ე მუხლებით.

13.3. სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულების ორმხრივ, კონსესუალურ და სასყიდლიან ხასიათზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. 13.1.2 ქვეპუნქტი) იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია, უსაფუძვლო იყო. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხე, მასზე გაცემული მინდობილობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.

13.4. სასამართლომ აგრეთვე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, როგორც წარმომადგენელს, 2013 წლის 14 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მხოლოდ №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 2 511 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და შემდგომში განკარგვის უფლება ჰქონდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მეორე უძრავი ქონება - 85 398 კვ.მ ფართობის სასოფლო სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, მინდობილობის გაცემის დროს, საჯარო რეესტრში უკვე მესაკუთრის სახელზე იყო აღრიცხული.

14. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. აპელანტის განმარტებით, მინდობილობა გაცემული იყო ზოგადად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რომელშიც ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ორივე უძრავი ქონება მოიაზრებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის სურვილი მხოლოდ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გასხვისება იქნებოდა, მინდობილობაში გარკვევით და კონკრეტულად მიუთითებდა აღნიშნული ქონების თაობაზე.

14.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ თავად აპელანტმა (მოპასუხემ) განახორციელა, მოსარჩელის სახნავი ნაკვეთის (85 398 კვ.მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოსყიდვა, რაც მინდობილობით მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

15.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო იყო არა მარტო ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის ქონებების საკუთარ თავზე გადაფორმების უფლება, არამედ ისიც, იყო თუ არა შეთანხმების საგანი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა და მოპასუხის მიერ თავის საკუთრებად აღრიცხვა.

15.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ სურდა საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაყიდვა. 2010 წელს მოპასუხესთან მოსარჩელე შეთანხმდა, რომ ეს უკანასკნელი თავის სახლს 12 000 აშშ დოლარად მიჰყიდდა მოპასუხეს. ვინაიდან საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დოკუმენტები მოსაწესრიგებელი იყო, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით მინდობილობა გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით თანხის (ნასყიდობის საფასურის) გადახდა მოსარჩელის სახელზე საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის დარეგისტრირების შემდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უძრავი ქონების ღირებულება დღემდე არ გადაუხდია; სახნავი მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე კი საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

15.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმის - მ. კ–ას (მოსარჩელის ქალიშვილი) ჩვენებაზე, რომლის შესაბამისადაც, მის ოჯახს, მოპასუხესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მოსარჩელეს სურდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, მოპასუხეს კი - ყიდვა. 2010 წელს მხარეებმა მოილაპარაკეს საცხოვრებელი სახლის 12 000 აშშ დოლარადგასხვისებაზე. . მოსარჩელის თანხმობით მოპასუხე დასახელებულ სახლში ცხოვრობდა, სახლის საბუთების მოწესრიგების შემდეგ კი, მოსარჩელე გადაუფორმებდა აღნიშნულ უძრავ ქონებას. საცხოვრებელ სახლში ჩაწერილი იყო მ. კ–ის დედა - მ. კ–ი, რომელიც ზოგიერთ საბუთში ეწერა, როგორც მ.გ–ვი. საჭირო იყო იმის დადგენა, რომ მ.კ–ი (მოსარჩელის მეუღლე) და მ.გ–ვი ერთი და იგივე პირი იყო. საბუთების მოწესრიგებისა და სახლის საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის მიზნით მოპასუხემ მინდობილობის გაცემა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელეს ეუბნებოდა, რომ როდესაც მოაწესრიგებდა საბუთებს, შემდეგ გადაუხდიდა შეთანხმებულ თანხას. საბუთების მოწესრიგების მიზნით მოსარჩელემ მინდობილობა ადვოკატზეც გასცა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), რადგან მას სასამართლოში საქმე უნდა ეწარმოებინა. მოსარჩელე პერიოდულად ჩადიოდა სოფელში და მოპასუხეს ეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა სახლის გაფორმებაზე და ფულს როდის გადაიხდიდა მყიდველი, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ ჯერ დოკუმენტები არ იყო მოწესრიგებული. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელეს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის გაყიდვა სურდა, სახნავი მიწის გაყიდვის სურვილი არასდროს ჰქონია.

15.5. მოწმე ზ.ბ–ის ჩვენების შესაბამისად, მოსარჩელემ მხოლოდ საცხოვრებელი სახლი გაყიდა. ბ.კ–ი მასთან და ლ.ტ–თან ერთად, 2014 წლის აგვისტოში, მივიდა მოპასუხესთან და სახლის ღირებულების გადახდა მოსთხოვა, რაზეც მოპასუხემ (მყიდველმა) უპასუხა, რომ მოსარჩელის მეუღლის გვარი საბუთებში სხვადასხვანაირად ეწერა და ვერ იფორმებდა სახლს, რის გამოც ფულს არ გადაიხდიდა.

15.6. მოწმეებმა ზ.ც–მა და ა.კ–მა დაადასტურეს, რომ სახნავი მიწის ნაკვეთს, 2014 წლის ჩათვლით, იჯარით იღებდნენ მოსარჩელისგან და თანხასაც უხდიდნენ, ხოლო 2015 წლიდან მიწა მოპასუხისგან იქირავეს. დასახელებული ფაქტი დაადასტურა მოპასუხე მხარემაც. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გაურკვეველი იყო, რატომ უნდა გაეცა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი იჯარით, თუ ის მოპასუხეს 2010 წლიდან შეძენილად მიაჩნდა.

15.7. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის 12 000 აშშ დოლარად გაყიდვას შეეხებოდა.

15.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის თაობაზე, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები არ შეეხებოდა ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრებას.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით საქმეზე არსებული გარემოებების დადგენა მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია, ვინაიდან მინდობილობაში ცალსახად იყო განსაზღვრული შეთანხმების პირობები, რაც არ შეიძლება მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას.

16.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის პრეტენზია ნასყიდობის საფასურთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის, ანუ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც სსკ-ის 477-ე, 992-ე, 408.1-ე მუხლებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან მოპასუხემ მისთვის მოსარჩელის მიერ მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე, არასწორად გამოიყენა უფლებამოსილება, მინიჭებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 709-ე და შემდგომი მუხლები). მარწმუნებელმა მისი მითითებებიდან გადახვევის გამო რწმუნებულს დავალების ხელშეკრულება შეუწყვიტა (სსკ-ის 712.1-ე და 720-ე მუხლები).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შეფასებასა და მოსარჩელის მითითებას სადავო ნასყიდობის საგნის საფასურის გადაუხდელობასთან დაკავშირებით.

24. საკასაციო სასამართლო კასატორის პირველ პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებსა და მსჯელობაზე მიუთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 15.2-15.8) და დამატებით სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.“.

25. კასატორის მეორე პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას ნასყიდობის საგნის საფასურის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი, რომელიც უძრავ ქონებებზე დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის დაბრუნებას (საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება) ეხებოდა ნაწილობრივ დააკმაყოფილა (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.1-11.1.2; 13.1.1-13.1.2), ხოლო სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. დასახელებული საქმის წარმოების დროს, არც ერთ ეტაპზე განსახილველ საგანს არ წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საგნის საფასურის გადახდა, შესაბამისად, დასახელებული საკითხი ვერც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან დავის საგნის (უძრავი ქონების) საფასური კასატორს (მოპასუხეს) არ დაჰკისრებია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ჯ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N16996109, გადახდის თარიღი 2018 წლის 22 ივნისი), 70% – 350 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე