საქმე №ას-284-2019 29 მარტი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება, საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლა/შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.კ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ალიმენტის ოდენობის შემცირებას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
1.1. მოსარჩელეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარი შეუმცირდა 300 ლარით და დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ.თ. ძე ბ–სა (პ/ნ .....) და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ.თ. ასული ბ–ძის (პ/ნ .....) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან 2016 წლის 27 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;
1.2. გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლისა და შემცირების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ იმ ნაწილში (მე-3 პუნქტი), რომლითაც მოსარჩელის სარჩელი გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3.2 მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3.3. მოსარჩელის გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალა 1 800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის კურსით 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მოსარჩელეზე თითოეული შვილის, სახელდობრ 2003 წლის 26 აპრილს დაბადებულ გ.ბ–სა და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებულ ქ.ბ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 27 დეკემბრიდან მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელი.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელწიფო ბაჟის ნაწილი (406 ლარი) და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 174 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინება კასატორს 2019 წლის და 20 მარტს ჩაჰბარდა.
7. 2018 წლის 28 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ბ–ძემ, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის სრულად გადავადება ითხოვა იმ საფუძვლით, რომ მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და არც რაიმე სახის სახელმწიფო დახმარებას არ იღებს. კასატორმა განცხადებას ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც დაურთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი კასატორს 2019 წლის 18 მარტს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ამავე წლის 20 მარტს ჩაჰბარდა.
8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 21 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 27 მარტს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით 2019 წლის 28 მარტს, ანუ საპროცესო ვადის დარღვევით მომართა.
8.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
8.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა