Facebook Twitter

საქმე №ას-812-812-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ჯ.ი.'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო თანხისა და, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, შემკვეთი, გამგეობა, აპელანტი, კასატორი) მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA160022759) გაიმარჯვა შპს ,,ჯ.ი–მა“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი, მენარდე; იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ 17-22 ).

2. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, 2016 წლის 19 სექტემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ქალაქ ზესტაფონში, ..... ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნისა და .... ქუჩაზე არსებული მინიმოედნის რეაბილიტაციის, ქვემო .... , სოფ. .... ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნისა და პირველ ... ...... უბანში ბუნებრივსაფარიანი მინიმოედნის მოწყობის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება - 116990 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ 17-22).

3. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში, თუ აღმოჩნდება და დადგინდება, რომ წუნი შემსრულებლის ბრალია, აღდგენითი სამუშაოები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მოსარჩელემ (შემსყიდველმა) 2017 წლის 7 ივლისს სარჩელი აღძრა შემსრულებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო თანხის - 61380 ლარისა და, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს - 19069.37 ლარის მოპასუხისათვის (შემსრულებლისათვის) დაკისრება;

4.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ გამგეობამ მოპასუხეს რამდენჯერმე წერილობით მიმართა და აღნიშნა, რომ სოფელ ... მოწყობილ მინისტადიონზე დროთა განმავლობაში ხარვეზებმა იჩინა თავი, ისევე, როგორც - ...... და ..... ქუჩებზე არსებულ მინიმოედნებზე.

4.3 შემსყიდველმა (მოსარჩელემ) შემსრულებელს (მოპასუხეს) ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა, რომლის ნაწილიც ამ უკანასკნელმა გამოასწორა, თუმცა 2017 წლის 4 ივნისის წერილით დარჩენილი ხარვეზების გამოსწორებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.

4.4 მოსარჩელის განმარტებით, გამგეობამ დეფექტური აქტები შეადგინა, სადაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრისათვის გასაღები თანხები დაანგარიშდა, რაც 61380 ლარია, რომლის ანაზღაურებაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან, 19 069.37 ლართან ერთად, შემსრულებელს უნდა დაეკისროს.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ (მენარდემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა. გამოვლენილი მცირეოდენი ხარვეზები კი, აღმოფხვრილია, რაც სარჩელითაც დადასტურებულია.

5.2 მოპასუხის განმარტებით, მითითებული ხარვეზები გამოწვეული იყო არა მისი, არამედ თვით შემკვეთის ბრალეული ქმედებით, კერძოდ, ამ უკანასკნელს გზები არ მოუწესრიგებია და მინისტადიონზე წვიმიან ამინდში წყალი ჩაედინება. ხელოვნური საფარი კი, მოედნებზე სტანდარტების დაცვითაა დაგებული, რომელიც მოსარჩელის (შემკვეთის) უფლებამოსილმა წარმომადგენლმა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოიწონა.

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სხდომაზე მოსარჩელის (შემკვეთის) გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2 რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 74-ე მუხლი მოიხმო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 18 იანვრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა, რომელიც 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე გადაიდო. სასამართლოს შეფასებით, მას საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

6.3 იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოპასუხის (მენარდის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა.

7. მოსარჩელის საჩივრის საფუძვლები

7.1 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ (შემსყიდველმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

7.2 საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 13 თებერვლის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. ის სასამართლოს შენობაში 12:05 წუთზე გამოცხადდა და, როგორც მანდატურმა აცნობა, სხდომა უკვე დაწყებული იყო და ვეღარ დაუშვებდა.

7.3 საჩივრის ავტორის განმარტებით, სხდომაზე 5 წუთით დაიგვიანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სამსახურებრივად ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსსა და იურიდიული განყოფილების უფროსთან ერთად თათბირობდა - მერის ბრძანებაში ცვლილების შეტანის საკითხს არკვევდა, რომელიც სასწრაფოდ გასარკვევი და იმავე დღეს შესასრულებელი იყო.

8. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

8.1 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8.2 რაიონულმა სასამართლომ სსსკ-ის 70-78-ე, 229-ე, 233-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან მხარეს შეეძლო გამოუცხადებლობის ან სხდომაზე დაგვიანების შესახებ სასამართლოსათვის ეცნობებინა.

8.3 რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომლის შესახებაც არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

8.4 რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, სხვა გარემოებებზეც მიუთითოს, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

8.5 სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება შეუძლებელია.

8.6 რაიონული სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არ შეეძლო წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის (დაგვიანების) მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის.

8.7 სასამართლომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზი არ არსებობდა, შესაბამისად - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლებიც, რომელთა მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 მოსარჩელემ (შემკვეთმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებლი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

9.2 აპელანტმა სადავო გახადა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე მხარე სასამართლოში არ გამოცხადდა.

9.3 აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა, დაგვიანების გამო, მანდატურმა სხდომაზე არ დაუშვა.

9.4 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო დაგვიანების ფაქტობრივი გარემოება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც წარადგინა სასამართლოში. ამასთან, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, დროის მონაკვეთის სიმცირის გამო, აღნიშნული სასამართლოს დაუყოვნებლივ ვერ შეტყობინება.

9.5 აპელანტის განმარტებით, ის, როგორც მოსარჩელე მხარე, აღნიშნული დავის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტით იყო დაინტერესებული, ხოლო მოპასუხე პროცესის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობდა, რის გამოც, 2017 წლის 7 ივლისს შეტანილი საჩივრის განხილვა 2018 წლის 13 თებერვალს, ისევ მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე გადაიდო.

9.6 აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ 2018 წლის 13 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე.

9.7 აპელანტის მტკიცებით, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით განსაზღვრულია, უწყების ადრესატისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესები. ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა, არ ნიშნავს, რომ მას სასამართლო უწყება, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, მოპასუხის (შემსყიდველის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება დასახელებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

10.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომიდან მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც მოსარჩელის წარმომადგენელიც ესწრებოდა, გადაიდო 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ მოსარჩელის წარმომადგენელს შესაბამისი სასამართლო უწყება წარედგინა, სადაც სსსკ-ის 229-ე მუხლის შინაარსია განმარტებული, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ.ს.ფ. ტ.1, ს.ფ. 282).

10.3 სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო უწყების ტექსტის გაცნობისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე განმარტების მიღების ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

10.4 სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომა 12:04:43 საათზე დაიწყო, რომელზეც მოსარჩელის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოპასუხის წარმომადგენელმა, 12:05:24 საათზე სასამართლო სხდომაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.

10.5 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მხარე თავის საჩივარში უთითებდა, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილება იყო.

10.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (შემკვეთის) პრეტენზია, იმის თაობაზე, რომ 2018 წელის 13 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე 5 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლოში.

10.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ არის, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელს შეეძლო, სასამართლოში გამოცხადებისა და პროცესზე დაუშვებლობის შემდეგ, თუ ასეთი რამ რეალურად მოხდა, მოცემული განმარტების ამსახველი შინაარსის მქონე განცხადების სასამართლო კანცელარიაში წარდგენით, ზემოაღნიშნული ფაქტი დაედასტურებინა, სადაც განცხადების წარდგენის დროც და დღეც უტყუარად დაფიქსირდებოდა, ანდა, თუნდაც, საჩივრის განხილვის სასამართლო სხდომაზე იმ მანდატურის დაკითხვის თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობა დაეყენებინა, რომელმაც, მხარის განმარტებით, 5 წუთით დაგვიანების გამო, არ დაუშვა სასამართლო სხდომაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ფაქტობრივად, სხდომა ისედაც დანიშნულზე 04:43 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

10.8 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომლის თანახმადაც, ის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ იყო სასამართლო სხდომაზე მიწვეული.

10.9 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიიწვია, კერძოდ, სსსკ-ის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, რომლის თანახმადაც, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით.

10.10 სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არც სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, რადგან არ დგინდებოდა, რომ მხარის გამოუცხადებლობა ისეთი საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რომლის შესახებაც მას თავის დროზე არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.

10.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საპატიო მიზეზად ვერ შეფასდებოდა აპელანტის წარმომადგენელის მიერ ვალდებულებათა კოლიზიისას, შიდაუწყებრივი თათბირისათვის უპირატესობის მინიჭება, რომელმაც, საკუთარი დაუდევრობით, სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადების ვალდებულება უგულებელყო, ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი წინდახედულობა არ დაიცვა და აღნიშნულის თაობაზე სათანადო ინფორმაცია სხდომის დაწყებამდე არ მიაწოდა სასამართლოს, რომლის განხორციელებაც მხარეს საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე ევალებოდა და რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა, თუნდაც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კავშირით.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

11.2 საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2-9.5 ქვეპუნქტები).

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვალს სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლზე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.

20. სსსკ-ის 215.3-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებული გარემოება საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა (მოსარჩელემ) ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, სსსკ-ს მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება უნდა შეძლოს და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სხდომაზე გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215.3-ე მუხლის ორივე წინაპირობა დადასტურდება.

22. კასატორის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, რამდენიმე წუთით დააგვიანა, თუმცა მანდატურმა, დაგვიანების გამო, სასამართლო სხდომაზე აღარ დაუშვა.

23. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების ანალიზისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობს, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორის (მოსარჩელის) წარმომადგენელი 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, თუნდაც, დაგვიანებით გამოცხადდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სხდომა დაგვიანებით - 12:04:43 საათზე დაიწყო და, როგორც სასამართლო სხდომის ოქმით (იხ. სხდომის ოქმი ტ.1 ს.ფ 2851) დგინდება, მოსარჩელის წარმომადგენელმა, სასამართლოს სხდომაზე, 12:05:24 საათზე, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა, რაც მართებულად აქვს შემოწმებული და დადგენილი სასამართლოს.

24. საკასაციო სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიის ანალიზის შედეგად განმარტავს, რომ შიდაუწყებრივი თათბირი, რომლის შესახებაც კასატორის წარმომადგენელმა სხდომის დაწყებამდე არ აცნობა სასამართლოს, გამოუცხადებლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს (შდრ.№ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეულ სანქციას წარმოადგენს ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს, თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით.

26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რომლის შესახებაც მას თავის დროზე არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუმვის სტაბილურობის გარანტიაა (იხ. სუსგ # ას-568-568-2018, 20.09.2018წ. შდრ. სუსგ-ებს: იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ;).

27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის (შემსყიდველის) წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი