საქმე №ას-433-416-2016 3 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ი–ის უფლებამონაცვლე ი.თ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.მ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე )
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ბ.მ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, მენარდე ან კომპანია) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 19 თებერვლიდან. მისი დამფუძნებლები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ი.ო., ნ.ქ. და საქართველოს მოქალაქე ბ.ა–ძე, რომელიც იმავდროულად საწარმოს დირექტორადაა რეგისტრირებული (ტ.1, ს.ფ. 21).
2. კომპანიასა და ა.ი–ს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი, შემკვეთი, მოიჯარე ან კასატორი) შორის 2014 წლის 21 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება სამშენებლო, სარემონტო (სარეკონსტრუქციო) სამუშაოების შესრულებაზე (შემდეგში: ნარდობის ხელშეკრულება). ხელშეკრულებით შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა დაეწყო ქ. ბათუმში, ... მდებარე 1127 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, ბარ-რესტორნისა და სარიტუალო დარბაზის აშენება საკუთარი ხარჯებით და შემკვეთისათვის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარება. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს წარმოება უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 20 მაისს. შემსრულებლის მიერ ვადის დარღვევა გამოიწვევდა პასუხისმგებლობას და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (ტ.1, ს.ფ. 27-33).
3. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების შესრულება დამოკიდებული იყო მოპასუხის მიერ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო, მესაკუთრე ან მეიჯარე) მიერ, ქ. ბათუმში, ..... მდებარე 1127 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ: ....., გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებაზე.
4. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდემ იკისრა შენობის აშენება და დასრულებულ მდგომარეობაში (შენობა-ნაგებობის აშენება, სარემონტო სამუშაოები სრულად, კონდიცირება-ვენტილირება, გათბობა, სველი წერტილის მოწყობა, ეზოს მოპირკეთება, სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი და ყველა სამუშაო, რომელიც გათვალისწინებულია პროექტში, აგრეთვე პროფესიონალური სამზარეულოს შესყიდვა, ჩამოტანა, მონტაჟი) გადაცემა შემკვეთისათვის.
5. ამავე ხელშეკრულებით გამოირიცხა მენარდის პასუხისმგებლობა შემდეგ საკითხებზე, კერძოდ, კომპანია არ იქნებოდა ვალდებული ობიექტამდე მიეყვანა შესაბამისი კომუნიკაციები (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია) და შეეძინა საჭირო რაოდენობის მაგიდები და სკამები.
6. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 715 000 აშშ დოლარით (1 200 000 ლარი) ყველა გადასახადის ჩათვლით. აქედან 400 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო 2014 წლის 20 მაისამდე, ხოლო დარჩენილი 315 000 აშშ დოლარი - იმავე წლის 31 ივლისამდე (იხ. ხელშეკრულების 5.1-5.2 პუნქტი; ტ.1,ს.ფ. 8-9).
7. მენარდის ვალდებულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით განისაზღვრებოდა ხელშეკრულებით და შემკვეთის მითითებებით.
8. ქ. ბათუმში, ... მდებარე 1127 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტები) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში 2014 წლის 26 თებერვალს გაიმარჯვა შემკვეთმა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). მიწის ნაკვეთის გადაცემის წლიურ საფასურად განისაზღვრა 46 500 ლარი (ტ.1,ს.ფ. 189-190).
9. სამინისტროსა და მოიჯარეს შორის 2014 წლის 26 თებერვალს გაფორმდა უძრავი ქონების სარგებლობის წესით გადაცემის შესახებ პირობითი ხელშეკრულება 20 წლის ვადით. მხარეთა შორის არსებული პირობის შესაბამისად მოიჯარე ვალდებული იყო, იმავე წლის 1 ივლისიდან საიჯარო ქონებაზე მოეწყო და აემოქმედებინა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (ტ.1,ს.ფ. 196-199). იმავე წლის 11 მარტს მოიჯარემ შენობის ასაშენებლად მიიღო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 დღით (ტ.2,ს.ფ 102-103).
10. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მენარდეს, 2014 წლის 8 მაისისთვის, შესრულებული ჰქონდა გარკვეული სამუშაოები, ხოლო შემკვეთს გადახდილი ჰქონდა 365 000 აშშ დოლარი, დარჩენილ 35 000 აშშ დოლარს კი, მხარეთა შეთანხმებით, შემკვეთი გადაიხდიდა ამ უკანასკნელის (მენარდის)მიერ სამშენებლო ობიექტზე მინის სრულად შეტანის შემდეგ. ამავე აქტის მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულების საფასურის სრულ ოდენობამდე შევსების პირობა განსაზღვრეს დამატებით, კერძოდ, შემკვეთი ვალდებული იყო ხელშეკრულების მთლიანი საფასურის დარჩენილი ოდენობა - 315 000 აშშ დოლარი - 2014 წლის 31 ივლისამდე გადაეხადა.
11. მენარდემ ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროში ვერ შეასრულა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ვადის სამი დღით გაგრძელების თაობაზე - 2014 წლის 23 მაისამდე. დადგენილ ვადაში (შემკვეთის მიერ მენარდისათვის დამატებით მიცემულ ვადაში) ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემკვეთი იტოვებდა ხელშეკრულების მოშლის უფლებას (ტ.1,ს.ფ.35).
12. შემკვეთმა 2014 წლის 28 მაისს მენარდეს გადასცა 400 000 აშშ დოლარი (ტ.2,ს.ფ 29). იმავე წლის 1 ივნისს კომპანიამ მენარდეს დაუდასტურა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხის ნაწილის მიღების ფაქტი, და აღნიშნა, რომ გადასახდელი იყო 285 000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის არსებული 2 ივნისის შეთანხმების აქტის მიხედვით, შემკვეთის ვალდებულება, გადაეხადა დარჩენილი თანხა, გადაიწევდა მანამდე, სანამ მენარდე ნაკისრ ვალდებულებას სრულად არ შეასრულებდა.
13. შემკვეთმა 2014 წლის 9 ივნისს სამშენებლო ობიექტზე განათავსა ე.წ დაცვის სამსახური და მენარდეს შეუზღუდა ობიექტზე შესვლის შესაძლებლობა (ტ.1,ს.ფ. 87-88).
14. მენარდემ 2014 წლის 10 ივნისს მიმართა შემკვეთს და მოითხოვა სამშენებლო ობიექტზე არსებული მისი კუთვნილი დანადგარებისა და მასალების გადაცემა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემკვეთმა, მოთხოვნილ ნივთებზე მენარდის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა (ტ.1,ს.ფ. 38-39).
15. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
15.1 მენარდემ (კომპანიამ), 2014 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
15.1.1 შემკვეთისათვის 822 801.5 ლარის დაკისრება;
15.1.2 შემკვეთის დავალდებულება მოსარჩელისათვის გადაეცა მის მფლობელობაში არსებული ნივთები - უნიტაზის კომპლექტი 6 ცალი (ბრენდი: iDEAL PLAiN, EGE TRENDA) სააბაზანოს კარადა 1 ცალი, მინაპაკეტი 30 კვ.მ, კომპოზიტის საჭრელი დაზგა (1ცალი), ალუმინის საჭრელი დაზგა 3 ცალი, გამაგრძელებელი 6 ცალი, სენდვიჩ–პანელი 17 ცალი (212მ2), ერთი შეკვრა სილიკონი მინისფერი 34 ცალი, მინის კარები 2 ცალი, მინის კარების მექანიზმები (3 კომპლექტი), მინის კარების ხელსაკიდები (3 კომპლექტი), პროფილი რკინის 50 მ, შუშის საყრდენი 3 ცალი, ბამბუკის კიბე 3 ცალი, რკინის კიბე 2 ცალი, შესადუღებელი აპარატი კაბელით 1 ცალი, თარაზო 2 ცალი, კაბელი 200მ 4X4, გიფსო კარდონი 45 ცალი, მილის უთო 1 ცალი, კონდინციონერის სპილენძის მილი 25 მ, ალუმინის პეტლები და საკეტები (25 კომპლექტი), ხარაჩო (7ცალი), შპაკლი 15 ტომარა, პროჟექტორი 4 ცალი, კაფელ–მეტლახი სხვადასხვა ზომის 425 მ2 ტროტუარის ფილები 11მ2, საჭრელი ხერხი 02 (ორი) ცალი (იხ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტები; ტ.1,ს.ფ. 89-91);
15.1.3 შემკვეთისათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 16 548.33 ლარის დაკისრება;
15.1.4 შემკვეთისათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 52 244 ლარის დაკისრება;
15.2 მოსარჩელემ დამატებით განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა, რომ შემკვეთს დავალებოდა, შეესრულებინა ექსპერტის მითითებები, კერძოდ, ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტი დაეშვა სამშენებლო მოედანზე.
15.3 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების მე-2, მე-6, მე-12 და მე-13 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ სამუშაოების ვადაში დასრულების შეუძლებლობა გამომდინარეობდა მოპასუხის ბრალეული ქმედებებით, კერძოდ, მოპასუხემ (შემკვეთმა) დროულად არ მიაწოდა მშენებლობის ნებართვა, არ გადასცა პროექტი, რამაც გამოიწვია მშენებლობის დასრულების ვადის გადაწევა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაახლოებით 10 დღე იყო საჭირო მთლიანი სამუშაოების დასრულებისათვის, თუმცა მოპასუხემ (შემკვეთმა) მენარდეს არ მისცა ამის საშუალება.
15.4 მენარდის განმარტებით, მთლიანობაში 1 528 045 ლარის სამუშაოები შეასრულა, საიდანაც მხოლოდ 705 243.5 ლარი აქვს მიღებული, ხოლო დარჩენილი ფულადი ვალდებულება 822 801.5 ლარს შეადგენდა.
15.5 ზემოაღნიშნულთან ერთად, მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს საგადასახადო ვალდებულება (საურავი) -16 548.33 ლარი დაუგროვდა.
15.6 სამშენებლო მოედანზე განთავსებული მენარდის კუთვნილი ნივთების ღირებულება, რომლებიც მოპასუხეს (შემკვეთს) უკვე გამოყენებული ჰქონდა, შეადგენდა 52 244 ლარს, რის გამოც მოსარჩელემ გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურებაც მოითხოვა.
16. მოპასუხის პოზიცია
16.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას გადააცილა, ამასთან, ვერც დამატებით განსაზღვრულ დროში შეასრულა ვალდებულება სრულად, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა.
16.2 გარდა ზემოაღნიშნულისა, შესრულებული ვალდებულება არ იყო ჯეროვანი, არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.
16.3 მოსარჩელის პრეტენზიაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 15.4 ქვეპუნქტი) შემკვეთმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად აქვს გადახდილი, შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
16.4 მოპასუხემ თანხმობა გამოთქვა, მენარდისათვის დაებრუნებინა ის ნივთები, რომლებიც ამ უკანასკნელის მიერ იყო შეძენილი, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.
17. მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
17.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) შეგებებული სარჩელი წარადგინა მენარდის (თავდაპირველი მოსარჩელის) წინააღმდეგ და მოითხოვა:
17.1.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 106 813 აშშ დოლარის ანაზღაურება;
17.1.2 მიუღებელი შემოსავლის სახით - 152 000 ლარის ანაზღაურება;
17.1.3 მენარდის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორებისათვის 50 000 ლარის ანაზღაურება.
17.2 შემკვეთმა წინამდებარე განჩინების მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-11-13 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების გაჭიანურების გამო ხელშეკრულება შეწყვიტა. ამავე მიზეზისა და დაუსრულებელი სამუშაოების გამო, შემკვეთს მოუწია დამატებითი სამუშაოების შესრულება, რისთვისაც სესხი აიღო, ხოლო აღნიშნულ სესხზე გადასახდელმა პროცენტმა კი 106 813 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მენარდემ უნდა აანაზღაუროს.
17.3 მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით შემკვეთის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შენობის დაგვიანებით (38 დღით) ექსპლუატაციაში მიღების გამო, სრული სეზონი ვერ ამუშავა ობიექტი, რის გამოც ყოველდღიურად 4 000 ლარი იზარალა.
17.4 დამატებით შეგებებული სარჩელით შემკვეთმა მენარდის მიერ ხარვეზით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიუთითა, რომლის აღმოსაფხვრელადაც, მისი მტკიცებით, 50 000 ლარის ზარალი განიცადა, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის (მენარდისათვის) ამ თანხის დაკისრებაც მოითხოვა.
18. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
18.1 მენარდემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და დამატებით, საკუთარი სარჩელის საფუძვლებზე მითითებით, განმარტა, რომ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება თავად შემკვეთის ბრალის გამო მოხდა, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ სესხის აღება მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას არ უკავშირდებოდა.
18.2 მენარდის განმარტებით, შემკვეთმა სამუშაოების დასრულების საშუალება არ მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, 10 დღეში დაასრულებდა მშენებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, უსაფუძვლოა შემკვეთის (შეგებებული მოსარჩელი) მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. ამასთან, შემკვეთს ნაკლის აღმოფხვრისათვის არანაირი თანხა არ გაუღია, რის გამოც დასახელებულ ნაწილშიც მოთხოვნა 50 000 ლარის მენარდისათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
19.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანიის (მენარდის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
19.1.1 მოპასუხეს (შემკვეთს), მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 215 200.02 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
19.1.2 შემკვეთს დაევალა მენარდისათვის შემდეგი ნივთების დაბრუნება: კომპოზიტის საჭრელი დაზგა (1 ცალი ღირებული 394.45 ლარად); ალუმინის საჭრელი დაზგა (3 ცალი, 1183.35 ლარის ღირებულებით); გამაგრძელებელი (6 ცალი, 420 ლარად ღირებული); ბამბუკის კიბე (3 ცალი, 120 ლარად ღირებული); რკინის კიბე (2 ცალი, 120 ლარად ღირებული); შესადუღებელი აპარატი, კაბელით (1 ცალი, 350 ლარად ღირებული); თარაზო (2 ცალი, 90 ლარად ღირებული); მილის უთო (1 ცალი, 100 ლარად ღირებული); ხარაჩო (7 ცალი, 3 500 ლარად ღირებული); საჭრელი ხერხი (2 ცალი, 20 ლარად ღირებული);
19.1.3 განჩინების ზემოხსენებულ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნივთების მოუძიებლობის შემთხვევაში, შემკვეთს დაევალა შესაბამისი ღირებულების გადახდა;
19.1.4 კომპანიის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემკვეთს დაეკისრა 8 276.16 ლარის გადახდა;
19.1.5 დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
19.2 შემკვეთის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
19.3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (კომპოზიტის საჭრელი დაზგა (1ცალი), ალუმინის საჭრელი დაზგა 3 ცალი, გამაგრძელებელი 6 ცალი, ბამბუკის კიბე 3 ცალი, რკინის კიბე 2 ცალი, შესადუღებელი აპარატი კაბელით 1 ცალი, თარაზო 2 ცალი, მილის შესადუღებელი აპარატი 1 ცალი, ხარაჩო (7ცალი) და 2 ცალი საჭრელი ხერხი) და იმავე წლის 4 ივლისის განჩინება (შპს „ა–ში“ შემკვეთის წილზე დადებული ყადაღის თაობაზე) დარჩა ძალაში, დანარჩენ ნაწილში 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
19.4 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) და განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
19.5 პირველი ინსტანციის სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-2, მე-9 და მე-11 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება მხოლოდ მენარდის ბრალით არ იყო გამოწვეული.
19.5.1 სასამართლოს შეფასებით აღნიშნული გარემოება გამოიწვია მშენებლობის ნებართვისა და პროექტის მიღებამდე ხელშეკრულების დადებამ. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნებართვა იმავე წლის 11 მარტს არის მიღებული, ამან სამუშაოების დაწყების ვადის გადაწევა გამოიწვია, რამაც მშენებლობის დრო 80 დღიდან 69 დღემდე შეამცირა.
19.5.2 მშენებლობის დაუსრულებლობის ვადის გადაცილების ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო პროცესში პროექტის რამდენჯერმე კორექტირებაც გახდა. აღნიშნული ცვლილებები (გაფართოვდა ტერასა, გაკეთდა დამატებითი სცენა, საკუჭნაოს ნაწილი გადაკეთდა, გადაკეთდა ტერასა, გადაიწია ტიხრებმა, ფასადზე შეიცვალა მასალები და ა.შ) შემკვეთის მითითებით განხორციელდა, რამაც გაზარდა როგორც სამუშაოთა მოცულობა, აგრეთვე - მათი შესრულების დროც.
19.5.3 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება არ იყო მხოლოდ კომპანიის (მენარდის) ბრალეულობის შედეგი, ამასთან, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შემკვეთის მიერ დამატებით მხოლოდ 3 დღის მიცემა ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ ვადად პრობლემის მოსაგვარებლად.
19.6 სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებში ასახული გარემოებების მოხმობით განმარტა, რომ 2014 წლის 20 მაისისთვის შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადახდილმა თანხამ 430 000 აშშ დოლარი - 756 800 ლარი შეადგინა, რაც მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ. ვალდებულების შესრულების შემდეგ, კომპანიას (მენარდეს) დამატებით 285 000 აშშ დოლარი უნდა მიეღო, რაც იმ დროისათვის 501 600 ლარს შეადგენდა (მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორების კურსი 1 აშშ დოლარისთვის 1.76 ლარის მაჩვენებლით განისაზღვრა).
19.7 საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დაადგინა, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვალდებულების შესასრულებლად 1 473 265 ლარი დახარჯა, საიდანაც 400 000 აშშ დოლარი (704 000 ლარი) უკვე მიღებული ჰქონდა.
19.7.1 სასამართლომ აღნიშნა, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მხარეები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯის ზღვრულ ოდენობაზე იყვნენ შეთანხმებული, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ (მენარდემ) აღნიშნულ თანხას გადააჭარბა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 285 000 აშშ დოლარი - 501 600 ლარი ჰქონდა მისაღები, უკვე მიღებული თანხის გარდა (იხ. წინამდებარე განჩინების 19.7 ქვეპუნქტი), მან სამუშაოების ხარჯი 437 082.38 აშშ დოლარამდე - 769 265 ლარამდე გაზარდა (267 665 ლარით გადააჭარბა), რაც შეთანხმებულ საზღაურზე მეტს შეადგენდა.
19.8 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შეთანხმებული საზღაურის დასახელებულ ოდენობამდე გაზრდა ვერ მიიჩნევა გონივრულ ოდენობად და მისი ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ასეთი გადაჭარბების თაობაზე მენარდის მხრიდან შემკვეთის მხოლოდ წინასწარი ინფორმირება გახდებოდა. ის, რომ სამუშაოების ნაწილი, რამაც ამავე სამუშაოების მოცულობისა და ხარჯის გაზრდა გამოიწვია, შემკვეთის მითითებების საფუძველზე განხორციელდა, არ გამორიცხავდა მენარდის ვალდებულებას, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების თაობაზე ეცნობებინა მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის).
19.9 ზემოაღნიშნულთან ერთად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ თავად მენარდეს არ მოუთხოვია იმ თანხაზე მეტი, ვიდრე მას მხარეთა შეთანხმებით ეკუთვნოდა (285 000 აშშ დოლარი).
19.10 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მენარდეს ვალდებულება სრულად არ ჰქონდა შესრულებული, ხოლო შემკვეთს აღნიშნულის გამო დამატებითი სამუშაოების და შესაბამისად ხარჯების გაწევა მოუხდა, რის გამოც კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა გადასახდელი თანხის სრულად ანაზღაურების თაობაზე არ იყო საფუძვლიანი.
19.10.1 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთმა ჯამში ნარდობის ხელშეკრულებებზე 38 800 ლარი დახარჯა, სხვადასხვა მასალების შეძენაში - 36 673 ლარი, ნაკლის აღმოფხვრაში - 19 150 ლარი, კონდიცირების მონტაჟში - 29 025 ლარი, აღნიშნულმა თანხებმა ჯამში 123 648 ლარი შეადგინა, რაც 69 799.98 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულებად დარჩენილ თანხას 285 000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემკვეთის მიერ სამუშაოების დასრულებისათვის გაწეული 69 799.98 აშშ დოლარი და დარჩენილი 215 200.02 აშშ დოლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს (მენარდეს).
19.11 სასამართლომ მოსარჩელის პრეტენზიაზე, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ საგადასახადო ვალდებულება წარმოიშვა კომპანიის მიერ დეკლარირებული თანხის - 1 528 045 ლარის გადაუხდელობის გამო. მოპასუხეს (შემკვეთს) დასახელებული თანხის მოცულობის ვალდებულება არ გააჩნდა, ამასთან, არსებული ვალდებულებიდან 400 000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად მოპასუხის (შემკვეთის) პასუხისმგებლობა მოსარჩელის (მენარდის) მიერ მოთხოვნილი თანხის ნახევრით - 8 276.16 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
19.12 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 15.1.2 და 15.6 ქვეპუნქტებში მითითებულ მოსარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო ინვენტარისა და ნივთების შეტანის ვალდებულება მენარდეს გააჩნდა, სწორედ მან შეიტანა აღნიშნული ნივთები. გარკვეული ნაწილი ნივთებისა მოპასუხემ (შემკვეთმა) გამოიყენა მშენებლობის დასასრულებლად, დარჩენილი ნაწილი კი აღმასრულებელმა დააყადაღა.
19.12.1 ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის ნივთები, რომლებიც უშუალოდ სამშენებლო მასალას წარმოადგენდა და ნარდობის ხელშეკრულების საგნის ასაშენებლად გაიხარჯა, არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფასში, მოსარჩელე (მენარდე) ვალდებული იყო, კონკრეტული ნაგებობა აეშენებინა საკუთარი საამშენებლო მასალებით, შესაბამისად დასახელებული მასალების საფასური შესულია ხელშეკრულების მთლიან ფასში (715 000 აშშ დოლარი).
19.12.2 სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებულ პუნქტში ასახული მსჯელობისაგან განსხვავებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დაზგა-დანადგარები და ხელსაწყოები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული დანადგარების შეძენის საკითხი არც ხელშეკრულებით იყო დარეგულირებული და არც მათი ფასი იყო გათვალისწინებული მომსახურების მთლიან თანხაში. შესაბამისად, ასეთი ნივთები (ნივთების ჩამონათვალი იხ. წინამდებარე განჩინების 19.3 ქვეპუნქტში) უნდა დაბრუნებოდა მესაკუთრეს.
19.13 საქალაქო სასამართლომ შემკვეთის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სსკ-ის 408-ე მუხლის პირველის ნაწილის „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ 409-ე მუხლის „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან მისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მოხმობით განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემკვეთის მიერ სესხის აღება, რომელზეც პროცენტის სახით გადასახდელი იყო 106 813 აშშ დოლარი, აღნიშნული არ ნიშნავდა, რომ დასახელებული თანხა მენარდის მიერ მიყენებული ზიანი იყო.
19.14 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დარჩენილ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია (მენარდე) 20 დღეში დაასრულებდა და შემკვეთს მისთვის შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევდა, შესაბამისად, კომპანიის (მენარდის) პასუხისმგებლობა ვერ გახდებოდა ის, თუ რა სახსრებით გადაიხდიდა შემკვეთი თანხას. ამასთან, ცალსახად არ დგინდებოდა, რომ აღებული სესხი შემკვეთმა სწორედ სამშენებლო სამუშაოებს მოახმარა.
19.15 შეგებებული სარჩელის ავტორს (შემკვეთს) სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწია სესხის აღება, გადაიხადა გაუმართლებლად მაღალი პროცენტი და დაზარალდა.
19.16 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლზე „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც“ მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე და მტკიცება, რომ ასეთი სახის დანაკლისი მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია, რაც ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებაში გამოიხატა, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა (იხ. წინამდებარე განჩინების 17.3 ქვეპუნქტი). შემკვეთს სასამართლოში არ წარუდგენია ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დღეში 4 000 ლარის შემოსავალს მიიღებდა.
19.17 სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორებისათვის გადახდილი 50 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამუშაოების ნაკლის აღმოფხვრისათვის შპს „N.C“-ს შემკვეთმა 19 150 ლარი გადაუხადა, რომელზეც უკვე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 19.10.1 ქვეპუნქტი).
19.18 საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებების თაობაზე სსსკ-ის 246-ე მუხლზე „თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ“ მითითებით განმარტა, რომ შუამდგომლობის დაყენების მომენტისათვის, საქმის წარმოების ეტაპი და მასზე არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას.
20. მენარდის და შემკვეთის სააპელაციო საჩივრები
20.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
20.2 მენარდემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ, პირველმა აპელანტმა) მოითხოვა:
20.2.1 წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლისა და იმავე წლის 8 მაისის განჩინებების გაუქმება;
20.2.2 სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, დამატებით შესრულებული სამუშაოს ხარჯის - 446 202 ლარის; თანხის გადაუხდელობით მიყენებული საგადასახადო ზიანის - 8 272.17 ლარის; მშენებლობაზე გამოყენებული მოძრავი ნივთების ღირებულების - 52 244 ლარის დაკისრება, ასევე - სამშენებლო ობიექტზე განთავსებული გამოუყენებელი მოძრავი ნივთების დაბრუნება;
20.2.3 მოპასუხისათვის გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება;
20.3 პირველი აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაო ნაკლიანი იყო. იმ ვითარებაში, როდესაც სამუშაოების დასრულებამდე შეწყვიტა შემკვეთმა ხელშეკრულება, ბუნებრივია, გარკვეული ხარვეზები იქნებოდა ობიექტზე. შპს „N.C“-ს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ობიექტს ესაჭიროებოდა 19 150 ლარი ექსპლუატაციაში შესასვლელად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაკლის გამოსწორებაზე საუბარი არ ყოფილა აღნიშნულ დასკვნაში.
20.4 სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) სამუშაოების დასასრულებლად (იხ. ქვემორე პუნქტები) სხვა პირებს გადაუხადა 36 673 ლარი.
20.4.1 დადგენილი იყო, რომ მენარდემ მ.ი–ძისგან შეიძინა შემდეგი საქონელი: სავენტილაციო არხი, ცხაური, სავინტელაციო ძრავა სამზარეულოსთვის, გარე ცხაური, ანემოსტატი, გამწოვი ქუდი, მაალის ქუდი და ეგრედწოდებული "ვენტილატორი", აღნიშნული ნივთები სამზარეულოს არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელთა შეძენაც, მენარდის ვალდებულებას აღარ წარმოადგენდა;
20.4.2 სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა შემკვეთის მიერ შპს „N.C“-სგან შეძენილი საქონლის ღირებულება წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რამაც გამოიწვია თანხების გაზრდა;
20.4.3 შემკვეთს შპს „ღ.ნ–გან“ შეძენილი ჰქონდა სანათი, პროჟექტორები, ელ-სადენი. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია არა სადავო სამშენებლო ობიექტის, არამედ - სხვა მისამართი. დადგენილია, რომ შემკვეთი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით;
20.4.4 შემკვეთმა შპს „ი-გ–გან“ შეიძინა საქონელი, თუმცა, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი იყო სხვა, ამასთან, აღნიშნული სადავო ნივთები ობიექტზე არ გამოყენებულა.
20.4.5 შემკვეთის მიერ „ე.პ-ჯ–თვის“ გადახდილი 5 250 ლარის თანხის გამოქვითვა მენარდისათვის უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ხელშეკრულებით ამ უკანასკნელს ელექტროენერგიის ხარჯების გადახდა არ ეკისრებოდა;
20.4.6 სასამართლომ არასწორად გამოაკლო შემკვეთის გადასახდელ თანხას ბარის მოსაწყობად დახარჯული 19 859 ლარი. მხარეთა თავდაპირველი შეთანხმების მიუხედავად, საბოლოო შეთანხმებით (იხ. 2014 წლის 29 მაისის № 3 აქტი; ტ.1,ს.ფ. 163), შემკვეთმა იკისრა ვალდებულება სამზარეულოსა და ბარ-რესტორნის მოწყობაზე, სამაგიეროდ, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას გამოაკლდა 30 000 აშშ დოლარი;
20.4.7 შპს „ა–თან“ დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთმა 14 850 ლარი გადაიხადა, ხოლო სასამართლოს 19 850 ლარი აქვს მითითებული;
20.4.8 შემკვეთსა და ა.გ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ სანტექნიკური სამუშაოებისათვის გადახდილია არა 3 000, არამედ - 850 ლარი.
20.5 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მშენებლობის პროცესში არაერთხელ შეიცვალა პროექტი, შემკვეთის ზეპირსიტყვიერი მითითების საფუძველზე. შემკვეთისმიერ მოწვეულმა მოწმემ (არქიტექტორმა), დაადასტურა, რომ მშენებლობის პროცესში დამატებითი სამუშაოები გამოიწვევდა ხარჯების გაზრდას. ამასთან, ზემოაღნიშნულის თაობაზე შემკვეთი ინფორმირებული იყო და მისი გადაწყვეტილებების გარეშე რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ სამუშაოების ნაწილი შემკვეთის მითითებით შესრულდა და ეს გარემოება მენარდეს (მოსარჩელეს) არ ათავისუფლებდა ხარჯის გაზრდის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისაგან, არ იყო გასაზიარებელი.
20.6 პირველი აპელანტის განმარტებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებზე და უფლების ბოროტად გამოყენებაზე, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
20.7 შემკვეთმა (მოპასუხემ, მეორე აპელანტმა) სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მენარდის თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და საკუთარი შეგებებული სარჩელის (რომელიც არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ) დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:
20.7.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს მენარდემ მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო ვალდებულების შესრულება. კომპანიამ სამუშაოები ნებართვის მიღებამდე დაიწყო და, ვიდრე სანებართვო დოკუმენტაციას მიიღებდა, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ვადა მთლიანად ამოწურული იყო;
20.7.2. შემკვეთმა 2014 წლის 1 ივნისისათვის ვალდებულება სრულად შეასრულა და დარჩენილი ვალდებულება, მხოლოდ დაკვეთილი ობიექტის დროულად დასრულების შემდეგ წარმოეშობოდა;
20.7.3. მშენებლობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი თავად მენარდემ წარადგინა, რის გამოც ხელშეკრულებაში მხარეებმა გაითვალისწინეს ტერმინი „დამკვეთის მითითება“ (იხ. წინამდებარე განჩინების მე -7 პუნქტი). ის, რომ მშენებლობა პროექტის შესაბამისად არ განხორციელებულა, არ დასტურდება მტკიცებულებებით;
20.7.4. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, თითქოს შემკვეთმა ექსპერტი არ შეუშვა სამშენებლო მოედანზე შესრულებული სამუშაოს ოდენობის დასადგენად. აპელანტის (შემკვეთის) განმარტებით, საქმეში არსებული განჩინების შესაბამისად, მან ექსპერტი მ–ლი შეუშვა მენარდის წარმომადგენელთან ერთად ობიექტზე, თუმცა, მენარდეს დასკვნა სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ კვლავ მოიწვია სხვა ექსპერტი, თუმცა ამ უკანასკნელს ექსპერტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ისე შეადგინა გაურკვეველი ხასიათის ოქმი და დასკვნა;
20.7.5. სასამართლო მხოლოდ მენარდის წარდგენილ მტკიცებულებებს დაეყრდნო ცალმხრივად, მაშინ, როცა სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ასეთი მტკიცებულება არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო დოკუმენტად. მეორე აპელანტმა (შემკვეთმა) სასამართლო სხდომაზე გამოთქვა მზაობა, თუ საჭიროება იქნებოდა სასამართლოს მხრიდან, მოწვეულიყო ექსპერტი და ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის, რაც ამ უკანასკნელმა არ დააკმაყოფილა, რითაც მხარეს მოუსპო შესაძლებლობა, დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის მხოლოდ ბუღალტრული დოკუმენტაციის გადაცემით შეუძლებელი იყო შესრულებული სამუშაოს მოცულობის დადგენა, რაზედაც მიმდინარეობდა დავა მხარეებს შორის;
20.7.6. სასამართლო აგრეთვე არასწორად, კონკრეტული გაანგარიშების გარეშე უთითებდა, რომ სადავო მშენებლობის დასრულებას 20 დღე ესაჭიროებოდა;
20.7.7. სასამართლოს მსჯელობა, რომ აღებული სესხი აპელანტმა ობიექტის დასრულებას არ მოახმარა, არ იყო საფუძვლიანი და დასაბუთბული;
20.7.8. სესხის აღება, შემკვეთს სწორედ მენარდის მიერ ხარვეზით შესრულებული სამუშაოს გამო მოუწია, რაც, თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა;
20.7.9. აპელანტის განმარტებით მას სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულების თაობაზე კომერციული ინტერესი გააჩნდა, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების გამო, შენობის საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველდღიურად 4 000 ლარი იზარალა.
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
21.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მენარდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემკვეთის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
21.1.1. მენარდის სასარჩელო მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
21.1.2. შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა მშენებლობაზე გაწეული ხარჯის ნაწილის - 203 792,51 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
21.1.3. მენარდის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
21.1.4. მენარდის სააპელაციო პრეტენზია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლისა და 8 მაისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
21.2 სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით შემკვეთის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება შემკვეთისათვის მენარდის სასარგებლოდ 215 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარისა და 8 276 ლარის გადახდის დაკისრების, ასევე, შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
21.2.1. შემკვეთის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მენარდეს დაეკისრა 81 207.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი 142 925,19 ლარის გადახდა.
21.3. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებშია მითითებული და განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც მშენებლობის დასრულებამდე, მენარდის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილების გამო, შემკვეთის ინიციატივით შეწყდა 2014 წლის 9 ივნისიდან. მენარდის განმარტებით აღნიშნული დროისათვის შესრულებული ჰქონდა 1 528 045 ლარის სამუშაოები, ხოლო შემკვეთის მტკიცებით, დასახელებული დროისთვის კომპანიას, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება სრულად ჰქონდა მიღებული, რაც 430 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
21.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, სადავო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აღწერა და მისი ღირებულების დადგენა შემკვეთის მიერ არ განხორციელებულა.
21.4.1. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით, დააკმაყოფილა კომპანიის (მენარდის) მოთხოვნა და შემკვეთი დაავალდებულა, ობიექტზე დაეშვა ექსპერტები. მასვე განემარტა, რომ ხელშეშლის შემთხვევაში კომპანიის არგუმენტები მიჩნეული იქნებოდა დამტკიცებულად (ტ.1,ს.ფ. 137-139).
21.4.2. მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ მენარდემ სადავო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აღწერა-შეფასების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ბ.მ. მიიყვანა ობიექტზე, თუმცა, ექსპერტმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. 2014 წლის 22 და 23 სექტემბერს, კომპანიის (მენარდის) მიერ, იმავე მოთხოვნით მიყვანილი ექსპერტები, მოპასუხემ (შემკვეთმა) ობიექტზე არ დაუშვა.
21.4.3. სადავო ობიექტზე მოპასუხის მიერ ექსპერტის დაშვებაზე უარის თქმის შემდეგ, დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა შპს „ვ–მა“ შეადგინა დასკვნა მენარდის მიერ შედგენილი ანგარი-ფაქტურების, სასაქონლო ზენდადებების, მასალების ჩამოწერის, სამუშოების შესრულების აქტის, ბუღალტრული მონაცემების საფუძველზე გაწეული ხარჯებისა და საპროექტო მოცემულობების გათვალისწინებით. დასკვნის თანახმად ფორმა №2 ეყრდნობოდა გაწეული დანახარჯების ღირებულებას. კონსტრუქციული ელემენტები, ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები და გამოყენებული სამშენებლო მასალები სრულად აკმაყოფილებდნენ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს, მშენებლობაზე გაწეული ხარჯები შეადგენდა 1 473 265 ლარს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა; ტ.3,ს.ფ. 146-151).
21.4.4. ზემოხსენებული დასკვნის გაბათილების მიზნით მოპასუხემ (შემკვეთმა) სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ბ.მ–ის 2014 წლის №.... დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი:
1. წარდგენილი დოკუმენტაციის მიუხედავად, ვინაიდან შესრულებული სამუშაოს აქტი ხელმოუწერელია და ვერ ხერხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის შესრულებული სამუშაოების მოცულობების შეთანხმება, ღირებულების დადგენა შეუძლებელია;
2. შეუძლებელია ღირებულების დასადგენად შესრულებული სამუშაოს აქტის გამოყენება, როცა იგი ხელმოუწერელია, როცა დამკვეთი და შემსრულებელი ვერ თანხმდებიან შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე;
3. შეუძლებელია მასალათა ჩამოწერის აქტით დადგინდეს ობიექტზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ვინაიდან არსებობს მასალები, რომელთა ჩამოწერაც არ ხდება, ანუ მათი გამოყენება ობიექტზე ხდება მაქსიმალურად და არ გაჩნიათ დანაკარგები. ასევე, არსებობს მასალები, რომლებიც შესაძლებელია სამშენებლო ნორმებისა და წესების მიუხედავად, ობიექტის წარმოების შემთხვევაში ნორმაზე ნაკლები დანახარჯებით მოეწყოს.
21.5 ამგვარად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ირკვევა, რომ თითოეულ ობიექტზე მხოლოდ მისი ფაქტიური აზომვისას არის შესაძლებელი შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულების დადგენა.
21.6 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 17.2, 19.10 და 19.10.1 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შემკვეთმა, სადავო ობიექტზე სამუშაოები გააგრძელა, რისთვისაც სხვადასხვა პირებთან დადო ხელშეკრულებები. საბოლოოდ, ობიექტი დასრულდა და 2014 წლის 1 ივლისს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.
21.7 მენარდეს 2014 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, გადასახადებზე საურავის სახით დაერიცხა 16 548 ლარი (იხ. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან; ტ.3,ს.ფ.62).
21.8 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლზე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 636-ე მუხლზე „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, 648-ე მუხლზე „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“, ასევე 649-ე მუხლზე „თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო“ და 645-ე მუხლზე „შემკვეთს შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას“ დაყრდნობით განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რა დროსაც მენარდეს სამუშაო არ დაუსრულებია. აღნიშნულის გამო, შემკვეთმა დამატებითი ვადის ფარგლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მის მიერ გაწეული ხარჯები.
21.9 სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, მიიღოს შესრულება იმ მდგომარეობაში, როგორც იგი შეწყვეტის მომენტისათვის არსებობდა და გადაიხადოს ამ დროისათვის მენარდის მიერ გაწეული ხარჯები იმ თანხის გამოკლებით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
21.10 სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მითითებით განმარტა, რომ მენარდემ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მოპასუხეს (შემკვეთს) ე.წ №2 ფორმები წარუდგინა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აქტის ხელმოწერაზე იმ მოტივით, რომ არ ეთანხმებოდა დოკუმენტების სისწორეს.
21.11 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 20.5, 20.7.4.- 20.7.5. ქვეპუნქტებში ასახულ მენარდისა და შემკვეთის პოზიციების პასუხად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასა და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში დამკვიდრებულ მტკიცების სტანდარტზე მიუთითა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს შეთავაზებაზე, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მხარეებმა უარი განაცხადეს, დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მენარდეს 1 473 265 ლარის სამუშაოები აქვს გაწეული.
21.12 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი აპელანტის (მენარდის) მოთხოვნა ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების ანაზღაურების თაობაზე.
21.12.1 სასამართლომ სსკ-ის 631-ე მუხლისა „1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. 2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით“ და 398-ე მუხლის „თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა“ მოხმობით განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მენარდე ვალდებული იყო, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა, შემკვეთის მითითებით განეხორციელებინა გარკვეული სამუშაოები, ამასთან, ის მიიღებდა მყარად განსაზღვრულ ანაზღაურებას.
21.12.2 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ხელშეკრულებით მყარი ხარჯთაღრიცხვა იყო გათვალისწინებული, მენარდეს გადაჭარბებული ხარჯების თაობაზე მოთხოვნისათვის შეეძლო ესარგებლა სსკ-ის 398-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. წინა ქვეპუნქტში) მინიჭებული უფლებით და მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, თუმცა, ასეთი უფლებით მას არ უსარგებლია. სასამართლომ ასევე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდებოდა სამუშაოების პროცესში მშენებლობის პროექტის შეცვლა იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ მოიპოვებოდა მსგავსი პროექტი, ამასთან, შეცვლილიც რომ ყოფილიყო თავდაპირველი პროექტი, აღნიშნული თავისთავად ხარჯების გაზრდას არ გულისხმობს, ხოლო ასეთი გაზრდის თაობაზე მტკიცების ტვირთი კი, განსახილველ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრებოდა.
21.13 სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით დაადგინა, რომ მენარდეს მხოლოდ მყარად განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში (715 000 აშშ დოლარი) უნდა აუნაზღაურდეს ხარჯები.
21.14 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დასახელებულ თანხას (715 000 აშშ დოლარი), უნდა გამოკლებოდა შემკვეთის მიერ უკვე გადახდილი 400 000 აშშ დოლარი და მშენებლობაზე დამატებით გაწეული ხარჯი 81 207.49 აშშ დოლარი; საბოლოოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით, მენარდის სასარგებლოდ შემკვეთის მიერ ასანაზღაურებელი თანხა 203 792.51 აშშ დოლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ მენარდის მოთხოვნა, მისთვის საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე საურავის სახით დაკისრებული 16 548.33 ლარის მოპასუხის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, არ გაიზიარა.
21.14.1 სასამართლოს შეფასებით დადგენილი იყო, რომ ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ამასთან, მენარდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში სრული თანხის ნახევარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა, რაც გამორიცხავდა მსგავსი მოთხოვნის დაყენების საფუძვლიანობას.
21.15 სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები დასახელებულ ნაწილში შემკვეთისათვის საგადასახადო საურავის ნახევრის დაკისრების თაობაზე.
21.16 სააპელაციო სასამართლომ, ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია შემკვეთის (შეგებებული მოსარჩელის) მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით, 152 000 ლარის ანაზღაურებისა და სესხის პროცენტის - 106 813 აშშ დოლარის მენარდისათვის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, დასახელებულ ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ. წინამდებარე განჩინების 19.13-19.16 ქვეპუნქტები).
21.17 მოძრავი ნივთების გამოთხოვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ, კვლავ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების 19.12.2 ქვეპუნქტი) და განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელებისას გამოსაყენებელი დაზგა-დანადგარები და სხვა ხელსაწყოები არ წარმოადგენდნენ ხელშეკრულების საგანს, რის გამოც შემკვეთი ვალდებულია, დააბრუნოს დასახელებული ნივთები (იხ. წინამდებარე განჩინების 19.3 ქვეპუნქტი).
21.18 სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებებზე მითითებით (იხ. წინამდებარე განჩინების 19.18 ქვეპუნქტი) განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო, როგორც მოთხოვნის მოცულობა, აგრეთვე - სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილი არ იყო ხარჯთაღრიცხვის სახე, ასევე ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობები, გამოირიცხებოდა მხარის მიერ მოთხოვნილი წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების მიღება.
22. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
22.1 შემკვეთმა (შეგებებული სარჩელის ავტორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მენარდის სარჩელის უარყოფა და შემკვეთის შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
22.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად გაიზიარა მენარდის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არა რაიმე ბუღალტრულ დოკუმენტაციას, არამედ მენარდის მიერ წარდგენილ ხელმოუწერელი შესრულებული სამუშაოების აქტებს ეფუძნებოდა, რომლებიც, თავის მხრივ, შეცდომით იყო შევსებული.
22.3 კასატორის განმარტებით, მენარდის ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების თაობაზე ანგარიშის წარმოება და შემდეგ შემკვეთისათვის გადაცემა, თუმცა, ამ უკანასკნელისათვის მენარდეს არც ფარული სამუშაოს აქტები და არც მიღება-ჩაბარების ან რაიმე სახის დოკუმენტი არ წარუდგენია.
22.4 სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 20 დღე სჭირდებოდა; აღნიშნული ვადა არ დაუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე (მენარდე) სათანადო სახსრებითა და ტემპით არ მუშაობდა, შეუძლებელი იყო თუნდაც დასახელებულ ვადაში სამუშაოების დასრულება. სწორედ ამ ფაქტის გამო გახდა საჭირო შემკვეთის მიერ სესხის აღება, რომლის მიზანიც მშენებლობის დასრულება იყო.
22.5 მენარდის მტკიცება, თითქოს მშენებლობის გაჭიანურება მოპასუხის ბრალით მოხდა, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მიუხედავად მენარდის არაერთი მოთხოვნისა, დამატებითი ვადის მიცემა ვეღარ მოხდებოდა, ვინაიდან, აშკარა და ცალსახა იყო, მენარდე ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების დროულად დასრულებას და შემკვეთს, სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო, დაეკისრებოდა საჯარიმო სანქციები.
22.6 კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რის გამოც საკასაციო საჩივარი დასაშვებია არსებითად განსახილველად.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
29. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი (შემკვეთი) სადავოდ ხდის, მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და აღნიშნული საზღაურის ოდენობას.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა მენარდის ბრალეული მოქმედებით იყო განპირობებული, მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების 22.13 ქვეპუნქტი).
31. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 21.8 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
32. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გერმანული სამოქალაქო კოდექსის /BGB; შემდეგში - გსკ/ 649-ე პარაგრაფის შინაარსი, რომლის ანალოგია ქართული სსკ-ის 636-ე მუხლი. გსკ-ის 649-ე პარაგრაფი ადგენს შემკვეთის უფლებას მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება „1. შემკვეთს შეუძლია ნაკეთობის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. 2. თუ შემკვეთი მოშლის ხელშეკრულებას, მენარდე უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული საზღაური; თუმცა ამ საზღაურს გამოაკლდება ის ხარჯები, რაც მან დაზოგა ხელშეკრულების გაუქმებით ან მუშახელის სხვა ობიექტზე დასაქმებით, ან იმ შემთხვევაში, თუ ის ბოროტი განზრახვით არ შეეცდება ამის გაკეთებას. 3. ივარაუდება, რომ მენარდეს ეკუთვნის სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილისთვის, გათვალისწინებული საზღაურის 5%“. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის ძირითადი სამართლებრივი შედეგია ხელშეკრულების მომშლელი შემკვეთის ვალდებულება, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ დანაწესის მიზანია, რომ მენარდეს არ მიადგეს ზიანი ხელშეკრულების მოშლით, უნდა მოხდეს შემკვეთისა და მენარდის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსება. შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შედეგად მენარდემ არ უნდა მიიღოს არც სარგებელი და არც - ზიანი.
33. წინამდებარე შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მენარდემ ვალდებულება დათქმულ დროში ვერ შეასრულა, აღნიშნულს ეს უკანასკნელიც არ ხდის სადავოდ, თუმცა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საფუძვლად შემკვეთის მიერ პროექტის ცვლილებას ასახელებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მენარდის ვალდებულებას, როგორც შეთანხმებული პროექტის ფარგლებში საქმიანობა, ასევე შემკვეთის მითითებებით სამშენებლო სამუშაოების წარმართვა წარმოადგენდა. ამასთან, ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის განსაზღვრული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე (სსკ-ის 630-ე მუხლი; იხ. წინამდებარე განჩინების 6-7 ქვეპუნქტები).
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე მენარდის მოთხოვნა იყო შესრულებული სამუშაოების საფასურის 1 528 045 ლარის ანაზღაურება, ხოლო შემკვეთის მტკიცებით, მას შესრულებული სამუშაოების საფასური მენარდისათვის სრულად ჰქონდა გადახდილი, რაც 430 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო დამატებით 285 000 აშშ დოლარის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
35. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 631-ე და 398-ე (იხ. ნორმათა დეფინიციები 21.10.1 ქვეპუნქტში) მუხლების მოხმობით განმარტავს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მყარი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ანგარიშსწორებას, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გადაჭარბებული ხარჯების ანაზღაურების (სსკ-ის 631-ე მუხლი) უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მართებულია (იხ. წინამდებარე განჩინების 21.10.2 ქვეპუნქტი), ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევის საფუძველი მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილება იყო, რის გამოც შემკვეთს მოუწია მშენებლობის დასრულებისათვის გარკვეული ხარჯების გაწევა, მართებულია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას გამოაკლდეს შემკვეთის მიერ გაღებული ხარჯები (იხ. წინამდებარე განჩინების 21.12 ქვეპუნქტი).
36. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 152 000 ლარის ოდენობითა და სამშენებლო სამუშაოს დასრულებისათვის აღებულ სესხზე გადასახდელი პროცენტის - 106 813 აშშ დოლარის ანაზღაურებას ეხება.
37. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 411-ე მუხლის „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიურებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“ საფუძველზე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა, არ შეიძლება, შემკვეთს, მტკიცების გარეშე, აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი. განსახილველ შემთხვევაში შემკვეთს არ მიუთითებია კონკრეტული მტკიცებულებების თაობაზე, რომლითაც უტყუარად და სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კასატორმა 152 000 ლარის ზიანი განიცადა.
38. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 412-ე მუხლის „ანაზღაურდება ის ფაქტობრივი ზიანი, რომელიც გამოწვეულია მოვალის უშუალო მოქმედებით“ მოხმობით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემკვეთს უნდა გადაეხადა აღნიშნული სამუშაოების საფასური, შესაბამისად, მას მოუწევდა სესხის აღება, თუ სხვა სახსრებით გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, ვალდებულება მაინც უნდა შეესრულებინა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების სესხის აღების სანაცვლოდ შესრულების შემთხვევაში, სესხზე გადასახდელი პროცენტი ვერ მიიჩნეოდა მენარდის მოქმედებით მიყენებულ ზიანად.
39. კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, დაუსაბუთებელია, რადგან კასატორი არც ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე არ უთითებს თავისი პრეტენზიის გამყარების მიზნით, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე, სწორედ იმას ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს განმარტებებს ნარდობის მომწესრიგებელი ნორმების თაობაზე და მართებულად არის შეფასებული მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, მხარეთა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების მითითებისა და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თითოეულ მხარეს მტკიცების ტვირთის სწორედ ის ნაწილი დაეკისრა, რაც მისი საპროცესო სტატუსიდან და მოთხოვნიდან ან მოწინააღმდეგის მოთხოვნის გამომრიცხველი არგუმენტაციიდან გამომდინარეობდა.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
41. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, რაც შემკვეთის საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ი–ის უფლებამონაცვლე ი.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ი–ის უფლებამონაცვლე ი.თ–ს (პ/ნ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ს–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #10357994, გადახდის თარიღი 2016 წლის 8 ივნისი), 70% – 4 200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე