Facebook Twitter

საქმე №ას-214-2019 18 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – დ. ს-ე, ს. გ-ე, ბ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების –დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს----ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ს-ეს, ს. გ-ესა და ბ. ს.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №1-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 59155,07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 51611,57 ლარი, პროცენტი – 6543,50 ლარი, ჯარიმა – 1000 ლარი. დ. ს-ეს, ს. გ-ესა და ბ. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №2-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 7784,61 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6528,78 აშშ დოლარი, პროცენტი – 564,73 აშშ დოლარი, ჯარიმა – 691,10 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. დ. ს-ეს, ს. გ-ესა და ბ. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №2-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 54,25 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 44,14 აშშ დოლარი, პროცენტი – 5,11 აშშ დოლარი, ჯარიმა – 5 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. სს „ს-ის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ქ-ში, ს-ში, რ-ის ქუჩის №-..ში მდებარე დ. ს-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 331კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი: №0-.... იმ შემთვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავას, აღსრულება მიქცეულ იქნა დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს-ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების მიმართ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-ემ, ს. გ-ემ, ბ. ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-ემ, ს. გ-ემ, ბ. ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2957,75 ლარის და 392 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2019 წლის 28 თებერვალს დ. ს-ემ, ს. გ-ემ, ბ. ს-ემ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო სასამართლოს 1 მარტის განჩინებით დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს----ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორებს გაუგრძელდეთ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დ. ს-ეს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 1 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ დ. ს-ეს პირადად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 9 იანვარს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.111). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2019 წლის 6 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ს-ის, ს. გ-ისა და ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი