Facebook Twitter

საქმე №ას-201-2019 14 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. გ–ის, ნ. გ–ი, მ. ო-ი

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – კ. გ–ის, ნ. გ–ისა და მ. ო-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – კ. გ–ს, ნ. გ–სა მ. ო-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სულ 9847 აშშ დოლარის (ძირი – 7650 აშშ დოლარი, პროცენტი – 1799,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 178,5 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 21,39 აშშ დოლარი, წლის საკომისიო – 198,59 აშშ დოლარი) გადახდა. დადგინდა დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს ქ-ში, რ-ის ქ. №--ში მდებარე ნ. გ–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (ს/კ 6-...).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნომბრის განჩინებით სს „კ-ის,“კ. გ–ის, ნ. გ–ისა და მ. ო-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებებით სს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო კ. გ–ის, ნ. გ–ისა და მ. ო-ის წარმომადგენელ პ. ხ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 342 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად ნ. გ–ის მიერ პ. ხ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ნ. გ–ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 25 თებერვალს, ხოლო კ. გ–სა და მ. ო-ს – 2019 წლის 28 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

2019 წლის 12 მარტს ნ. გ–ის წარმომადგენელმა პ. ხ–მა შემოიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ–ის, ნ. გ–ის, მ. ო-ის საკასაციო საჩივარი და ნ. გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინების ასლი კასატორ ნ. გ–ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 25 თებერვალს, 25 თებერვალს, ხოლო კ. გ–სა და მ. ო-ს – 2019 წლის 28 თებერვალს. (იხ. ტ.2, ს.ფ.207,211,212). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა კასატორ ნ. გ–ისათვის დაიწყო 2019 წლის 26 თებერვალს და ამოიწურა 2019 წლის 4 მარტს, ვინაიდან 2-3 მარტი იყო დასვენების დღეები – შაბათი-კვირა, ხოლო კასატორების – კ. გ–ისათვის და მ. ო-ასათვის – დაიწყო 2019 წლის 1 მარტს და ამოიწურა 5 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.

მოცემულლ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ ნ. გ–ს სს „კ-ის“ საკასაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2019 წლის 25 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 7 მარტს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი ნ. გ–ის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 11 მარტს, ე.ი. შეგებებული საკასაციო საჩივრის 10-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნ. გ-ის მიერ პ. ხ–ის სახელზე გაცემულ მინდობილობა ვადა ჰქონდა 2018 წლის 11 ოქტომბრამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 405-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ–ის, ნ. გ–ის, მ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ნ. გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი