Facebook Twitter

¹ ბს-1429-160-კს-04 30 მაისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჩ-ემ, მ. ჯ-ემ და ს. ჩ-ემ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა და ქ. თბილისის მერის მიმართ სარჩელი აღძრეს და ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში სამშენებლო ფირმის მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა მოითხოვეს, ხოლო 28.01.04წ. მათ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში ამხანაგობა “რ.-....-ის” მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩინებით ვ. ჩ-ის, მ. ჯ-ისა და ს. ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში ამხანაგობა “რ. ....-ის” მიერ წარმოებული მშენებლობა.

აღნიშნული განჩინება ამხანაგობა “რ.-....-მა” კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ვ. ჩ-ის, მ. ჯ-ისა და ს. ჩ-ისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად “რ.-.....-სათვის” სავარაუდო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დავალება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15.03.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ.-...-ის” კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.05.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ.-.....-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩნება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის, მ. ჯ-ისა და ს. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი მისგან წარმოშობილი სამართოებრივი შედეგებით, ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ.-....-სათვის” ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, რომლის სარდაფი და სამი სართული აშენებული იყო, მშენებლობის ნებართვა არ გადაეცა, ქ. თბილისის მერიას მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ზედამხედველობის განახორციელება დაევალა, რათა სამომავლოდ ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულიყო, ამ შენობას ... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურეობის შესასვლელები არ გაკეთებოდა, არ გაეცა უფლება ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობა “რ.-....-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ჩ-ის, მ. ჯ-ისა და ს. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.10.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ.-....-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობა “რ.-....” აღნიშნულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მას არ ჰქონდა უფლება, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით, მათ შორის, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, სარგებლობს მხოლოდ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული მესამე პირი.

აღნიშნული განჩინება ამხანაგობა “რ. ....-მა” კერძო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, ამხანაგობა “რ.-....-მა” თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.10.04წ. განჩინებით შეიტყო, რომ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით ყოფილა ჩაბმული რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. საოქმო განჩინების საფუძველზე, რომელიც მას არ ჩაბარებია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, აღნიშნული მისთვის ეცნობებინა. ამასთან, ამხანაგობა “რ.-....-ს” აეკრძალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში საცხოვრებელი ბინის მშენებლობა არა მარტო დავის განმავლობაში, არამედ მომავალშიც, რაც მისი კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან იგი არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, უფლებამოსილია, ჩაერთოს საქმეში კანონით გათვალისწინებული ფორმით და დაიცვას თავისი ინტერესები ნებისმიერ სასამართლო ინსტანციაში. კერძო საჩივრის ავტორმა, აგრეთვე, მიუთითა, რომ სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.11.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ.-....-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ამხანაგობა “რ.-....-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. საოქმო განჩინებით ამხანაგობა “რ.-....” ჩაება საქმეში მესამე პირად ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობს მხოლოდ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმული მესამე პირი, ანუ იმ სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ დონეზე მონაწილეობს, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. მოსარჩელისათვის სასურველი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ მიიღება ისე, რომ ერთდროულად არ დამტკიცდეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს მოსაწვევი პირის უფლებები, ე.ი. თუ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება ისე, რომ არ მოხდეს მოსაწვევი პირის უფლებებთან უშუალოდ შეხება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის _ ქ. თბილისის მთავარი არიქტექტორის 10.10.03წ. ¹20698 ბრძანების ბათილად ცნობით, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში 14- სართულიანი, 52-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი, კასატორს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რაჭა-2002” წაერთვა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ ¹20698 ბრძანება, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით, აგრეთვე, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ გადასცეს ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ.-..-ის” სახელზე ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული კორპუსის მშენებლობის ნებართვა, რომლის სარდაფი და სამი სართული უკვე აშენებულია, საკასაციო პალატის აზრით, უშუალოდ ეხება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის უფლებებს, რაც ადასტურებს თავის დროზე ამხანაგობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმის საჭიროებას. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის 28.01.04წ. განჩინება მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, მხარეს არ გაგზავნია, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა “რ.-....” ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს 28.01.04წ. განჩინება, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამხანაგობა “რ.-....”-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას სააპელაციო პალატა არ უნდა შემოფარგლულიყო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის უფლებამოსილების გარკვევით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ძირითად უფლებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც დამოკიდებულია პირის სხვა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჭიროებდა საქმეში ამხანაგობა “რ.-...-ის” კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმის მართლზომიერების შეფასებას. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.10.04წ. და 25.11.04წ. განჩინებებში გატარებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არ დაიშვება მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, არ არის საკმარისი ამხანაგობა “რ.-....” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამხანაგობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ამხანაგობა “რ.-....-ის” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის საკითხის გადაწყვეტისას უნდა იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 28.01.04წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ამხანაგობის მესამე პირად საქმეში ჩაბმის მართლზომიერებაზე. ზემოაღნიშნულთან ერთად, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს ამხანაგობა “რ.-....-ის” სააპელაციო საჩივრის სსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ.-...-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.04წ. და 25.11.04წ. განჩინებები. საქმე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ.-...-ის” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.