საქმე № ას-175-2019 12 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.ხ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, ვ.ხ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის ლ.კ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან შეგებებული სარჩელის ავტორი) 2008 წლის 15 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი: N ....) შეწყვეტას მოითხოვდა, დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის შეგებებული სარჩელი, რომლითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრებასა და მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ნივთებზე თანამესაკუთრედ ცნობას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
1.1. მოპასუხე ცნობილ იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების, მდებარე: 1. ქ. თბილისში, ....., (ნაკვეთი 38/12), მე-2 სადარბაზოში, მე-4 სართულზე მდებარე #38 ბინა, 144 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) ს/კ-ით .....; 2. ქ. თბილისში, ....., (ნაკვეთი 38/12), #79 ავტოსადგომი, 15.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) ს/კ-ით ......; 3. ქ. თბილისში, ...... (ნაკვეთი 38/12), #78 ავტოსადგომი, 15.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) ს/კ-ით ....., ½ წილზე.
1.2. მოპასუხე შსს მომსახურების სააგენტოში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, (რომლის მონაცემებია: სანომრე ნიშანი ...., მარკა, მოდელი “LEXUS NX 200T”, ფერი-რუხი 6/8, გამოშვების წელი 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - ....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ..... გაცემული 30/04/2016წ) ½ ნაწილზე ცნობილ იქნა მესაკუთრედ.
1.3. მოპასუხე ცნობილ იქნა მესაკუთრედ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში შპს „N.B-ის“ (ს/კ .....) მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 100%-იანი წილის ½ ნაწილზეც.
1.4. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 29 მაისს დაბადებული ლუკას რჩენა - აღზრდისათვის, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის - 800 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 14 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 384 ლარისა და უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება - ტ. 2, ს.ფ. 10-12).
4. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაჰბარდა (იხ. უკუგზავნილი, ტ. 2, ს.ფ. 15). 2018 წლის 31 დეკემბერს აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მან სასამართლოს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 384 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარუდგინა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თანამესაკუთრედ ცნობის დავის ნაწილში, დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მართალია, მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა, თუმცა ხარვეზის ნაწილობრივ, მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 384 ლარის გადახდის ნაწილში შევსება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მან სრულფასოვნად ვერ აღიქვა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, „კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით,“ ხოლო ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, „საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დავის საგანზე (ალიმენტის დაკისრება და თანამესაკუთრედ ცნობა) სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ, თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, სსსკ-ის 374-ე მუხლის მიხედვით, დარჩება განუხილველად. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე - მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 384 ლარისა და უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
11. დადგენილია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი ნაწილობრივ, მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 384 ლარის გადახდის ნაწილში შეავსო, ასევე - ხარვეზის სრულად აღმოუფხვრელობის, კერძოდ, უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარუდგენლობის გამო, სააპელაციო საჩივარი თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ამ დასკვნას ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1 მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 40.2-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც: თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება, ანუ სასამართლოს ორივე მოთხოვნის შეჯამებით უნდა განესაზღვრა გადასახდელი ბაჟის ოდენობა და არა იმგვარად, როგორც ეს წინამდებარე განჩინების პ.3-შია მითითებული. აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება სასამართლოს საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასებით უნდა განესაზღვრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც სასამართლომ მკაფიოდ, გასაგებად და კანონის შესაბამისად არ განსაზღვრა გადასახდელი ბაჟის ოდენობა, ის ვალდებული იყო, სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა თავისი ინიციატივით და სწორად განესაზღვრა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გადასახდელი ბაჟის ოდენობა.
11.2 სსსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მექანიზმი გულისხმობს ვითარებას, როცა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელია, რომ მხარემ არ შეავსო და არც აპირებს ხარვეზის შევსებას (შდრ.საქმე #ას-1012-1043-2011 09.09.2011). მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სსსკ-ის მე-40 მუხლის მიხედვით განსაზღვრავდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და ხარვეზის გამოსწორების ვადის დამატებით გაგრძელების შემთხვევაშიც, აპელანტი არ შეავსებდა ხარვეზს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ხ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი