Facebook Twitter

საქმე №ა-1186-გან-3-2019 26 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „მ.’’ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.დ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შპს „მ.გ.ჯ–ას“ უფლებამონაცვლე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ’’-სა და შპს „მ. დ–ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.1. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

1.2. შპს „მ’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.3. შპს „მ“-ს სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“ 780 000 აშშ დოლარის (შვიდას ოთხმოცი ათასი) გადახდა დაეკისრა;

1.4. შპს „მ-ს“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის, 24 ივნისისა და 4 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

1.5. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.6. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ“-ს 750 212.20 აშშ დოლარის (შვიდას ორმოცდაათი ათას ორას თორმეტი აშშ დოლარისა და ოცი ცენტის) გადახდა დაეკისრა;

1.7. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ“-ს 235 890.10 ლარის (ორას ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი ლარისა და ათი თეთრის) გადახდა დაეკისრა;

1.8. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის, 500 (ხუთასი) ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

1.9. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი;

1.10. შპს „მ“-ისა და შპს „მ.დ–თვის“ ერთმანეთის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნების, რაც ასახულია ამ განჩინების 1.3. და 1.6. ქვეპუნქტებში, გაქვითვის გზით, შპს „მ“-ს სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“ 29 787.80 აშშ დოლარის (ოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარისა და ოთხმოცი ცენტის) გადახდა დაეკისრა;

1.11. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად შპს „მ-ს“ 9 435.60 ლარის (ცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ათასი ლარისა და სამოცი თეთრის) გადახდა დაეკისრა;

1.12. შპს „მ-ს“ სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, 3574.53 აშშ დოლარის (სამი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი აშშ დოლარისა და ორმოცდაცამეტი ცენტის) ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა;

1.13. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ-ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, 28 306.81 ლარის (ოცდარვა ათას სამას ექვსი ლარისა და ოთხმოცდაერთი თეთრის) გადახდა დაეკისრა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 12 მარტს, განცხადებით მომართა შპს „მ“-ის დირექტორმა ბ.ჩ–ძემ და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმ დასაბუთებით მოითხოვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე, დავის ორივე მხარეს, გარკვეული თანხის გადახდა აშშ დოლარის ვალუტაში დაეკისრა. განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს, სასამართლომ განმარტოს თუ რომელი დღის კურსით უნდა მოხდეს აღნიშნული ვალდებულების აღსრულება ეროვნულ ვალუტაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა შპს „მ“-ის დირექტორის ბ.ჩ–ძის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

4. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

5. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

6. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში მითითებულია: „შპს „მ“-ისა და შპს „მ.დ–თვის“ ერთმანეთის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნების, რაც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1. და 5.1. ქვეპუნქტებში, გაქვითვის გზით, შპს „მ“-ს სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“ დაეკისროს 29 787.80 აშშ დოლარის (ოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარისა და ოთხმოცი ცენტის) გადახდა“.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

8. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.

9. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და დგინდება მისი იურიდიული შინაარსიც, მათ შორის, აღსრულების მიზნებისათვის. სახელდობრ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით (ვინაიდან, ამ პუნქტში მითითებულია კონკრეტული თანხა აშშ დოლარში, რაც შპს „მ.დ–მა“ შპს „მ“-ის უნდა გადაუხადოს), რომლის განმარტებასაც განმცხადებელი ითხოვს, დადგენილია, რომ შპს „მ.დ–ს“ შპს „მ“-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 29 787.80 აშშ დოლარის (ოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარისა და ოთხმოცი ცენტის) გადახდა. ხოლო განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაუდგენელია რომელი კურსით უნდა განხორციელდეს გადახდა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გადაწყვეტილების ბუნდოვნად მიჩნევას. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტების აუცილებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა (შდრ. სუსგ ა-3605-გან-5-2017, 05.10.17 წ.).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა სრულად შეესატყვისება იმ მოთხოვნებს და განმარტებებს, რაც მხარეებმა ქვედგომი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოების პროცესში განაცხადეს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საკითხი, იმის შესახებ თუ რომელი დღის კურსით უნდა შესრულებულიყო ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, საკითხი, რომელიც არსებითი განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს და რომელსაც სასამართლო ვერ შეამოწმებს თუ მას მხარეები მსჯელობის საგნად არ გახდიან (სსსკ-ის 248-ე მუხლი), სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ფარგლებში ვერ შეფასდება (შდრ. სუსგ #ა-714-გან-2-2017, 28.03.2017 წ.).

11. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს (იხ. განსამარტი გადაწყვეტილების 2.1, 3.4, 3.12.2 და სხვ. პუნქტები), რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მენარდე (შპს „მ“) და შემკვეთი (შპს „მ.დ.“) შეთანხმდნენ ანაზღაურების საკითხზე და საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ანაზღაურების ვალუტის კურსი. მენარდე - სარჩელით, ხოლო შემკვეთი შეგებებული სარჩელით მოწინააღმდეგე მხარისათვის აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (იხ. განსამარტი გადაწყვეტილების 4.1.1-4.1.3, 5.1.1 პუნქტები) დაკისრებას ითხოვდა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულდება თანხის გადახდის (აღსრულების ეტაპზე) დროს არსებული სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით.

12.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო იყო მათი შეთანხმებით გათვალისწინებული აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გამოთვლის საკითხი, მათ ამის თაობაზე პირველივე ინსტანციის სასამართლოში უნდა განეცხადებინათ და სასამართლო სადავო საკითხს არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტდა. მენარდის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომლითაც ის საკასაციო სასამართლოს სთხოვს განმარტოს საკითხი, რაზეც თავად მხარეები შეთანხმდნენ და რის თაობაზეც მათ არ უდავიათ, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ“-ის დირექტორის ბ.ჩ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის (სავალუტო კურსის განსაზღვრის ნაწილში) განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე