Facebook Twitter

საქმე №ა-3528-ა-9-2017 9 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ბმა ‘’ქ.ქ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.ტ–ის უფლებამონაცვლე გ.რ. (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ აუცილებელი გზით უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.რ–ის (შემდეგში: ზ.ტ–ის უფლებამონაცვლე, აპელანტი) სარჩელი ამხანაგობა ქ.ქ-ის (შემდეგში: მოპასუხე, ამხანაგობა, განმცხადებელი ან კასატორი) წინააღმდეგ აუცილებელი გზით უზრუნველყოფის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 180-ე მუხლი) არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

3.1 მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მოსარჩელე) სასარგებლოდ დაიტვირთა, აუცილებელი გზით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 21 აპრილის #002167815 ექსპერტიზის დასკვნის დანართი #1-ის მიხედვით.

4. დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით, ამხანაგობის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით დარჩა განუხილველი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2017 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მომართა მოპასუხემ, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის განჩინების ბათილად ცნობა, აგრეთვე კასატორისათვის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების შესაძლებლობის მიცემა.

7. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 9 მარტის განჩინება ადრესატს არ ჩაჰბარებია, ხოლო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველი. მისივე განმარტებით, იგი 1978 წლიდან ცხოვრობს იმავე მისამართზე, რომელიც მითითებული აქვს შესაგებელში, სააპელაციო შესაგებელში, საკასაციო საჩივარში, ასევე საქმეში მითითებულია ტელეფონის ნომერი და მისი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციაც.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის, საქმის მასალების შემოწმებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის პრეტენზია სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველის ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ შესაბამისად შეეხება საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას, რომლითაც კასატორის (განმცხადებლის) საკასაციო საჩივარი, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო განუხილველად დარჩა.

11. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ განმცხადებელმა (კასატორმა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა 2017 წლის 12 თებერვალს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა 5-დღიანი ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან საკასაციო სასამართლოსათვის წარედგინა ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით;

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასახელებული განჩინება (საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) მხარეს გაეგზავნა 2017 წლის 24 მარტს (იხ. საქმეში არსებული გზავნილი, ტ.1,ს.ფ.160), იმავე რიცხვით დათარიღებული გზავნილით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელსაც გაეგზავნა განჩინება ხარვეზის თაობაზე (ტ.2,ს.ფ.164;166-167). დასახელებული გზავნილების ჩაუბარებლობის თაობაზე საქმეში მოიპოვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორის მისამართზე სახლში არავინ დახვდა, მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ ადრესატი კორპუსის თავმჯდომარეა და იმავე მისამართზე ცხოვრობს, თუმცა, არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა კურიერის მისვლის მომენტში (იხ. საქმეში არსებული აქტი, ტ.2,ს.ფ.161). იმავე კურიერის მიერ შედგენილი მეორე აქტით ირკვევა, რომ, კასატორის წარმომადგენლის მისამართზე გამოცხადების მიუხედავად, ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება ადრესატის არყოფნის გამო, ხოლო მითითებული ტელეფონის ნომერი გათიშული იყო (იხ. საქმეში არსებული აქტი, ტ.2,ს.ფ.165).

13. საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინებაში სამართლებრივ საფუძვლად, სსსკ-ის 76-ე მუხლის დანაწესზე „მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს“ და წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტავდა, რომ კასატორს და მის წარმომადგენელს რამდენჯერმე გაეგზავნა ხარვეზის თაობაზე მიღებული განჩინება და კასატორი არ იმყოფებოდა სახლში, რის გამოც განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო და შესაბამისად დაწყებულიყო ხარვეზის თაობაზე დადგენილი ვადის ათვლა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.

17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო შეამოწმებს საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 4000 ლარით, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 300 ლარით უნდა განისაზღვროს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე, 422-ე, 396-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა "ქ.ქ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;

3. ბმა "ქ.ქ-ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს:

3.1. 300 (სამასი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განემარტოს კასატორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე